იტალიური, გენერალური... ვაჟა სიმონიშვილი ტრიესტედან [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა იტალიის ქალაქ ტრიესტეში სამი საკონტროლო მატჩი გამართა, ეთამაშა იტალიას, რუსეთსა და მიჩიგანის კოლეჯს.

შეხვედრათა შედეგებს ოქმებში გაეცნობით, შესავალში კი მხოლოდ იმას დავწერთ, რომ სამივე მატჩი სხვადასხვა სტილის გუნდებთან, ერთმანეთისგან განსხვავებული გამოვიდა, რაც კარსმომდგარი ევროპის ჩემპიონატის წინ კარგი გამოცდა იყო.

იტალიასთან დავინახეთ, როგორ შეიძლება ფავორიტებთან მოგებისთვის ბრძოლა.

რუსეთის ნაკრები NBA-ს კალათბურთელების არყოფნაში ჭიდაობაზე გადასულა, თან კარგად შეკრული გუნდია, თავისი სამქულიანებითა და შორეული ორქულიანებით. სწორედ ასეთი კალათბურთით ეცდება ჩვენი რამდენიმე მეტოქე საქართველოსთან ფონს გასვლას...

მიჩიგანელები კი სულ სხვა კალათბურთს თამაშობენ,
მათთვის ტაბლოზე 24 წამი არ არსებობს, თავქუდმოგლეჯით გარბიან კალათისკენ. ჰოდა, ასეთი სწრაფი გუნდის შეჩერება რა ხერხით შეიძლება, ტრიესტეს ტურნირის ბოლო მატჩში გამოჩნდა.

გენაც"ვალე"
28 აგვისტო
ტრიესტე (იტალია)
იტალია-საქართველო 91:90
24:19, 24:26, 23:25, 20:20
იტალია: დელა ვალე (5ქ), ბელინელი (14ქ), არადორი (4ქ), ჯენტილე (22ქ, 4პ), გალინარი (14ქ), ბარნიანი (4ქ), კაზინი (2ქ), ჩერვი (2ქ), მელი (2ქ), ჩიჩარინი (4ქ), ჰაკეტი (18ქ), პოლონარა.
საქართველო: პულენი (27წთ, 21ქ), ფაჩულია (28წთ, 13ქ, 7მ), ცინცაძე (27წთ, 9ქ, 5პ), შერმადინი (12წთ, 1ქ), მარკოიშვილი (31წთ, 19ქ, 6მ, 4პ), ფაცაცია (15წთ), სანიკიძე (24წთ, 13ქ, 6მ), ბურჯანაძე (15წთ, 5ქ), შენგელია (20წთ, 9ქ).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რუსეთი-მიჩიგანი 93:75


ტრიესტეში საქართველოსა და რუსეთის ნაკრებთა ქომაგები თითებზე ჩამოითვლებოდა. ნამატჩევს ერთი რუსი მომიახლოვდა და შთაბეჭდილება გამიზიარა:

"არ მეგონა, ასეთი გუნდი თუ გყავდათ. შედეგიანი თამაშის ხილვა ყოველთვის სასიამოვნოა. მეც კმაყოფილი მივდივარ, მაგრამ უფრო გამეხარდებოდა, რომ მოგეგოთ".

ეს თქვა და სიტყვა "გენაცვალე" დაამატა. ვალე არ მიხსენო-მეთქი, - სწორედ დელა ვალე იყო ის კაცი, მატჩის დასრულებამდე 9 წამით ადრე გადამწყვეტი ორქულიანი რომ ჩააგდო და ქართველებს იტალიის ძლევით გახარება არ დაგვანება. არადა, რა ახლოს ვიყავით:

მიუხედავად იმისა, რომ მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე იტალია 88:83 დაწინაურდა, დარჩენილ დროში საფირმო დაცვა ვითამაშეთ და ჯერ ზაზა ფაჩულიამ ჩააგდო ორი მნიშვნელოვანი საჯარიმო (სულ 11-დან 9 საჯარიმო), შემდეგ გიორგი ცინცაძე შეძვრა იტალიელთა ფარქვეშ, ხოლო ვიქტორ სანიკიძემ სამქულიანით 90:89 დაგვაწინაურა.

სწორედ ამის შემდეგ, სირენამდე 9 წამით ადრე დაგვამწუხრა დელა ვალემ, შორეული, მაღალი ტრაექტორიის ორქულიანით...

დარჩენილ დროში მაინც შეიძლებოდა მოგება, პულენმა სამქულიანი სტყორცნა, ფაჩულიამ მოხსნა, დაამატა, მეორედაც, მაგრამ კალათმა ბურთი არ მიიღო. თუმცა კალათს კი არ უნდა მიეღო ბურთი, იტალიელ დამცველს უნდა მიეღო ფოლი - ტრიბუნიდან ჩანდა, რომ ზაზას დაეჯახნენ და ამიტომაც ვერ მოახერხა ჩაგდება. როგორც წესი, ასეთ დროს მასპინძლის სასარგებლოდ მსაჯის სასტვენს ხმა უწყდება.

ბოლო მომენტს გამოეხმაურა იგორ კოკოშკოვის ასისტენტი კოტე ტუღუში:

"იტალიის ნაკრები ტრიესტეშიც ისეთივე გუნდი იყო, როგორც თბილისში, ძალიან რთული ტყორცნები გამოიყენა, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენი ბიჭების თავდადებული თამაშით დაცვაში თუ შეტევაში, ბოლო წუთებზე რომ არა მსაჯის უხეში შეცდომები, მატჩი ჩვენი გამარჯვებით დასრულდებოდა".

მეორე დღეს "გაძეტა დელო სპორტი" რომ გადავშალე, თვალში იტალიელთა მთავარი მწვრთნელის, სიმონე პიანიჯანის სიტყვები მეცა. გაშიფვრისთვის გაზეთების გამყიდველს მივმართე, მხოლოდ სათაური მითარგმნეთ-მეთქი. გაზეთს დახედა და მითხრა, მწვრთნელი ბოდიშს იხდისო...

როგორც ჩანს, სიმონე პიანიჯანი არ მოელოდა, რომ მის გუნდს ასე გაუჭირდებოდა გამარჯვება. ამიტომაც მოიბოდიშა. იტალიამ ისე ვერ ითამაშა, როგორც სურდა, რაშიც ბრალი საქართველოს ნაკრებს მიუძღვის. ქართველები კი თავიდან ბოლომდე თანაბარ თამაშს ველოდით. აი, რატომ: თბილისში იტალიელებთან 20 ქულით წაგებულ შეხვედრაში გამოჩნდა, რომ აპენინელები აქცენტს შორეულ ტყორცნებზე აკეთებენ, ფაჩულიას გამო ფარქვეშიდან შეტევას ერიდებიან. ასეთი გუნდისთვის პერიმეტრის კარგად გადაკეტვა კი დიდ უპირატესობას ნიშნავს.

მართლაც, მიმდინარე მოსამზადებელ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ერთ-ერთი საუკეთესო დაცვა სწორედ იტალიასთან დააყენა. კალათბურთელები ერთმანეთს კარგად აზღვევდნენ, მეტოქეს ბურთის ამოტანის საშუალებას არ აძლევდნენ, იყო დაცვითი ტაქტიკის ხშირი ცვლილება...

იტალიამ 91 ქულა ჩააგდო და ასეთ დროს დაცვაზე პოზიტიურად ლაპარაკობთ? - იკითხავს მავანი. 91 ქულა მართლაც ბევრია, მაგრამ ამხანაგური მატჩები ხომ უმთავრესად იმისთვისაა, დავინახოთ, რა გაკეთდა გუნდის შეკრებიდან კონკრეტულ მატჩამდე. ძალიან რთულია, 40 წუთი დაცვაში ისე ითამაშო, როგორც იტალიასთან შეხვედრის ბოლო წუთებში, მაგრამ მთავარი ის არის, რომ გადამწყვეტ მომენტში საფირმო დაცვა დავაყენეთ, სწორედ ისეთი, როგორიც ევრობასკეტზე ბევრ მეტოქეს გაუჩენს თავსატეხს.

ზემოთ ფაჩულია, ცინცაძე, სანიკიძე ვახსენეთ. მანუჩარ მარკოიშვილმა და ჯეიკობ პულენმა კი ერთობლიობაში 9 სამქულიანი ჩააგდეს (8-დან 6 პულენმა, 6-დან 3 მარკოიშვილმა).

საქართველოს ნაკრებმა 23-დან 12 სამიანი გამოიყენა. შესანიშნავი შედეგია. პერიმეტრიდან ტყორცნების რეალიზება - ეს ის კომპონენტია, რომლის გარეშეც იტალიის მსგავს გუნდებთან არათუ მოგება, თანაბრად თამაშიც წარმოუდგენელია.

"იტალია", "იტალია"
გემახსოვრებათ, თბილისში საქართველო-იტალიის მატჩისას ტაბლო სანახევროდ რომ მუშაობდა. ამ გუნდებს ტექნიკური ხარვეზები ტრიესტეშიც გადაჰყვათ. "პალატრიესტეში" საქართველოს ჰიმნი ვერ დაუკრეს და კალათბურთელებმა თავად შეასრულეს. ვერც იტალიის ჰიმნი ჩართეს...

თუმცა რამდენიმეწამიანი დაბნეულობის შემდეგ დარბაზმა ერთიანად შემოსძახა "იტალია, "იტალია"...

როგორც შინ
29 აგვისტო
ტრიესტე (იტალია)
რუსეთი-საქართველო 81:69
26:18, 16:18, 22:10, 17:23
რუსეთი: ზუბკოვი (12ქ), ბაბურინი (3ქ), პატეევი (6ქ), ფრიძონი (14ქ), ვიალცევი (2ქ), ანტონოვი (4ქ, 4პ), მონია (9ქ), ხვოსტოვი (3ქ, 5პ), პონკრაშოვი (7ქ), ვორონცევიჩი (14ქ), ტოკარიოვი, კურბანოვი (7ქ).
საქართველო: ცინცაძე (30წთ, 6ქ, 7პ), მარკოიშვილი (28წთ, 4ქ), სანიკიძე (30წთ, 9ქ, 10მ), ბურჯანაძე (16წთ, 9), ფაჩულია (28წთ, 20ქ, 7პ) შენგელია (19წთ, 13ქ), პულენი (24წთ, 6ქ), ფაცაცია (3წთ), შერმადინი (13წთ, 2ქ), სანაძე (9წთ).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იტალია-მიჩიგანი 90:69

როგორც აღვნიშნეთ, გულშემატკივართა სიმწირის გამო "პალატრიესტეში" არსად ჩანდა ქართული დროშები. ქალაქ ტრიესტეში ჩვენი სიმბოლიკის ყიდვა შეუძლებელი იყო, რამაც იტალიის კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს დიდი თავსატეხი გაუჩინა - რადგან ვერ იყიდეს, საგანგებოდ შეუკერავთ, მითხრეს, საქართველოს დროშას ერთი კვირა კერავდნენო.

ქალაქში დროშის დასახატი ატრიბუტების საყიდლად გავედი. დარბაზში რომ მივდიოდი, ერთი იტალიელი წამომეწია და მკითხა - კალათბურთზე მიიჩქარიო? საქართველო და რუსეთი თამაშობენ-მეთქი. არა, იტალია და მიჩიგანიო - მითხრა თავდაჯერებით. ავუხსენი, რომ კალენდარი ერთი კვირის წინათ შეიცვალა და იტალიის თამაში უკვე დასრულებული იყო.

"არა უშავს, მაინც წამოვალ, 15 ევრო არაფერია, საქართველოს ნაკრების თამაშს ვნახავ. გუშინ ტელევიზიით მივადევნე თვალი იტალია-საქართველოს და თქვენი გუნდი მომეწონა", - მითხრა ახალგაცნობილმა, დროშის ჩამოკიდებაშიც მომეხმარა და ტრიბუნებზე იტალიელებს შეერია.

თითქოს თბილისში ვთამაშობდითო, იტალიელებით შევსებული ტრიბუნები ქართველთა მიერ ჩაგდებული ქულებით ერთიანად ხარობდნენ, მსაჯების მიერ რუსების სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებებს კი აპროტესტებდნენ.

ყოველივე ამის და დიდი მონდომების მიუხედავად, საქართველოს ნაკრებს რუსეთთან თამაში ისე არ გამოუვიდა, როგორც სურდა. მეტოქე დაცვაში ძალიან ხისტად, ჯარიმის ზღვარზე თამაშობდა, შეტევაში კი ცდილობდა, კომბინაცია ისე დაეტრიალებინა, რომ თავისუფალ სატყორცნ პოზიციაზე რომელიმე კალათბურთელი დაეტოვებინა. ძირითადად, ფარიდან მოშორებით. აგდებდნენ კიდეც. ნელ-ნელა ანგარიშში სხვაობაც რუსეთის სასარგებლოდ იზრდებოდა.

მეოთხე პერიოდში საქართველოს ნაკრებმა თამაშის შემოტრიალება სცადა, თუმცა მხოლოდ ანგარიშში სხვაობის შემცირება მოახერხა.

"წინა დღეს ქართველებმა იტალიასთან კარგად ითამაშეს, - გვითხრა ნამატჩევს რუსეთის ნაკრების უკანახაზელმა ვიტალი ფრიძონმა, - ბოლო წამებზე წააგეს, რაც ყოველთვის საწყენია, განსაკუთრებით, ისეთი ტიპის შეხვედრაში, როგორიც იტალია-საქართველო იყო. ეს ყველაფერი ქართველებზე ჩვენთან შეხვედრაშიც აისახა.

თქვენს გუნდში წლეულს ოპტიმალური შემადგენლობაა შეკრებილი. ვფიქრობ, ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ზონაში მოხვედრისთვის იბრძოლებს. ასეთ გუნდთან გამარჯვებამ კი ჩვენც თავდაჯერება შეგვმატა".

რბოლა
30 აგვისტო
ტრიესტე (იტალია)
მიჩიგანი-საქართველო 70:71
18:13, 11:24, 15:18, 26:16
მიჩიგანი: არენსი, ბესი, ფორბსი (14ქ), კოსტელო (8ქ, 6მ), ნაირნი (10ქ, 9პ), კლარკი (5ქ), მაკქუიდი (6ქ), დევისი (2ქ), შილინგი (17ქ, 9მ), ვალნტინი (8ქ).
საქართველო: ცინცაძე (29წთ, 7ქ, 2პ), მარკოიშვილი (27წთ, 12ქ), სანიკიძე (26წთ, 5ქ, 5მ), ბურჯანაძე (14წთ, 3ქ), ფაჩულია (24წთ, 12ქ, 7მ, 3პ) შენგელია (26წთ, 18ქ, 9მ), პულენი (18წთ, 8ქ), ფაცაცია (11წთ), შერმადინი (16წთ, 6ქ, 4მ), სანაძე (10წთ, 2პ).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იტალია-რუსეთი 68:63


მიჩიგანთან მატჩის წინ ბექა ბურჯანაძემ საკუთარი მოსაზრება გამიზიარა: ძალიან რთული მატჩი გველის, მეტოქე ძალიან სწრაფ კალათბურთს თამაშობს, მათი შეკავება რთული იქნება, მაგრამ უნდა შევძლოთო.

ვინც მატჩი იხილა, დაგვეთანხმება, რომ მართლაც რთული იყო, მაგრამ ჩვენმა გუნდმა შეძლო მიჩიგანელთა ენერგიის განეიტრალება. თავად განსაჯეთ: სწრაფი შეტევებით ამერიკელებმა 12 ქულა მოაგროვეს, ქართველებმა - 15. ეს და ქართველთა გამოცდილება იქცა გუშინდელი გამარჯვების საწინდრად. პირველი მეოთხედის წაგების შემდეგ მეორეში კოლეჯელებს 24:11 ვაჯობეთ, თუმცა დამამშვიდებელი სხვაობა მაინც ვერ დავიბევეთ. საბოლოოდ მეტოქემ კი გაიბრძოლა, მაგრამ გამარჯვება არ დავანებეთ.

სასიამოვნო იყო ერთი ნიუანსი - თორნიკე შენგელიამ 18 ქულას 9 მოხსნა მიამატა. მოსამზადებელ ეტაპზე ეს მისთვის მხოლოდ მესამე მატჩი იყო (ტრავმის გამო ისვენებდა) და სათამაშო პრაქტიკა სჭირდებოდა. "მიჩიგანთან" შეხვედრა ამ თვალსაზრისით მისთვის ძალიან სასარგებლო იყო.

ამით საქართველოს ნაკრებმა საკონტროლო მატჩები დაასრულა, იტალიური ტრიესტედან სლოვენიურ პოდჩეტრტეკში გაემგზავრება... 5 სექტემბერს კი ევრობასკეტი იწყება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მიხედეთ შეცდომებს.ბურთს ხშირად კარგავთ...
status quo
17:05 31-08-2015
0
გასაკრიტიკებელი საქართველოს ნაკრების თამაშში არფერი ყოფილა, არც მწვრთნელს დაუშვია შეცდომები...
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული