პოდჩეტრტეკიდან ზაგრებამდე 70 კილომეტრია. ასე რომ, მწვრთნელებმა ისე დაგეგმეს, რომ დილის ვარჯიში ოდნავ მოგვიანებით პირდაპირ ევრობასკეტის მასპინძელ არენაზე დანიშნეს.
სავარჯიშო ფორმებში გამოწყობილი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები პოდჩეტრტეკიდან 3 სექტემბერს, დილის 11:00 საათზე დაიძრნენ და ნაშუადღევს, პირველ საათზე უკვე ზაგრებში იყვნენ. სლოვენია-ხორვატიის საზღვარზე ნაკრების ავტობუსი მცირედით შეფერხდა, მესაზღვრეებმა არაევროკავშირის ქვეყანაში შესვლისას ყველა მგზავრის პასპორტი გადაამოწმეს,
3 წლის წინ აშენებული "ზაგრებ არენა" 15 ათას მაყურებელს იტევს. ევრობასკეტისთვის ეს რიცხვი ოდნავ შემცირებულია, რადგან მედიის წარმომადგენლებს დამატებითი ტრიბუნები გამოუყვეს, რაც მანამდე არსებული სტანდარტული ტრიბუნების ხარჯზე მოხდა. მაყურებლების სიმრავლეს დიდი მნიშვნელობა ექნება, რადგან ზაგრები ძალიან ახლოსაა სლოვენიასთან და მაკედონიასთან, ამ ქვეყნებიდან დაძრულ გულშემატკივართათვის კი "ზაგრებ არენაზე" ადგილები უხვად მოიძებნება.
საქართველოს ნაკრების ვარჯიშმა 2 საათს გასტანა. იგორ კოკოშკოვმა გუნდი სათამაშო ეპიზოდებზე, სროლაზე ავარჯიშა. კალათბურთელებმა კომბინაციების გათამაშებაზე იმუშავეს, ფიზიკური ვარჯიშებიც გააკეთეს და "ზაგრებ არენას" ფარებიც შორი თუ ახლო დისტანციებიდან სროლებით მოსინჯეს. ნაკრებში კარგი განწყობაა. ტრავმირებული არავინაა და ზურგს ყველას ნაყოფიერად გავლილი შეკრება უმაგრებს.
"ზაგრებ არენიდან" ნაკრები სასტუმრო "პანორმისკენ" გაემართა. სლოვენიიდან გამოყოლილ საქართველოს ნაკრების ავტობუსს ხორვატიის საზღვრიდან წინ პოლიციის ესკორტი მიუძღოდა, რომელმაც კოკოშკოვის გუნდი ჯერ არენაზე, შემდეგ კი სასტუმრომდე მიაცილა.
4 სექტემბრიდან საქართველოს ნაკრები, ისევე, როგორც სასტუმრო "პანორამაში" მცხოვრები ევრობასკეტის C ჯგუფის ყველა მონაწილე, ევროჩემპიონატის ბრენდირებული ავტობუსებით ივლის.
დაბინავებისთანავე ნაკრებმა ისადილა. სასადილო ოთახში ქართველები შეხვდნენ მეტოქე ნაკრებების თანაგუნდელ წევრებს. ზაზა ფაჩულიამ "მილუოკი ბაქსში" თავისი თანაგუნდელი და მეგობარი, საბერძნეთის ნაკრების ლიდერთაგანი იანის ადეტოკუმბო მოინახულა.
დიდი ოვაციებით შეხვდნენ ერთმანეთს გასულ წელს ყაზანის "უნიკსში" თანაგუნდელები - ვიქტორ სანიკიძე და ბერძენი კოსტას კაიმატოღლუ.
გულთბილი მოკითხვა ჰქონდათ ასევე გიორგი შერმადინს და ბერძნების ლიდერ ვასილის სპანულისს.
* * *
თორნიკე შენგელია:- უკვე აქ ვართ, ხვალ ჰოლანდიასთან მატჩია და ჩვენი ნაკრები მზადაა. მიუხედავად იმისა, თუ მეტოქე ვინაა, მაქსიმუმი უნდა გავიღოთ, რადგან ევროპის ჩემპიონატზე იოლი მეტოქე არ არსებობს.
ზაზა ფაჩულია:
- განწობა შესანიშნავია. თვენახევარია, ერთად ემზადება გუნდი. ყველაფერს საიმისოდ ვაკეთებდით, რომ ევროპის ჩემპიონატს მზადყოფნაში შევხვედროდით და ახლა, როცა ზაგრებში ჩამოვედით, ყველას საბრძოლო განწყობა გვაქვს. გავიმეორებ არაერთხელ ნათქვამს, რომ თუ არასერიოზულად მოვეკიდებით ჰოლანდიის ნაკრებს, ისე დავისჯებით, როგორც 3 წლის წინ. ნაკრების ყველა წევრმა იცის ეს, მოდუნება არ შეიძლება და ყველა ბოლომდე უნდა დაიხარჯოს მიზნის მისაღწევად. 6 დღეში 5 თამაში გველის და ვნახოთ, დიდი გამძლეობა და ბრძოლისუნარიანობა გვმართებს.
მანუჩარ მარკოიშვილი:
- შესანიშნავი გარემოა. ამ ტრიბუნებზე, უმეტესწილად, ჩვენი მეტოქეების გულშემატკივრები ისხდებიან. ჩვენ ძალიან მობილიზებულად უნდა ვიყოთ. დაცვაში მეტი ყურადღება გვმართებს. ვიცი, რომ დიდი პასუხისმგებლობა გვეკისრება თითოეულს. მე პირადად იმას ვეცდები, რომ დაცვაში ვითამაშო კარგად, რადგან ვიცი, რომ თუკი ამ საქმეს წარმატებით გავართმევ თავს, შეტევაში თამაში გაგვიადვილდება.
წყარო: gbf.ge