საქართველო VS საბერძნეთი - მეტოქე და პლეი ოფში გასვლის შანსი

AutoSharing Option
დღეს, 8 სექტემბერს, საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრები ევრობასკეტზე მესამე შეხვედრას საბერძნეთის ნაკრებთან გამართავს. მატჩი ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში თბილისის დროით 20:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "პირველი არხი" წარმოადგენს.

7 სექტემბერი ჩვენს ჯგუფში დასვენების დღე იყო. გუნდებმა "ზაგრებ-არენაზე" ივარჯიშეს, ქართველებს კი დარბაზის კარი 18:30 საათზე გაუღეს.

იგორ კოკოშკოვმა და მისმა ასისტენტებმა გუნდი კონკრეტულ კომბინაციებზე ავარჯიშეს. ფიზიკურმა მომზადებამ მცირე დრო წაიღო. მოთამაშეებმა მხოლოდ გაწელვები გააკეთეს და გამოყოფილი საათნახევარი კომბინაციების დამუშავებას დაუთმეს. ვარჯიშის დროს ხშირად გაიგონებდით გვარებს: კაკიუზისი, ბურუსისი, პრინტეზისი...

შანსები
ევროპის ჩემპიონატზე
ორი ტური მიილია. C ჯგუფში, რომლის თამაშებიც ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ტარდება და სადაც საქართველო ასპარეზობს, დიდი დაძაბულობაა. ერთპიროვნული ლიდერი საბერძნეთია, რომელიც 2-დან 2 მოგებით პირველ ადგილზეა, მის შემდეგ კი ზედიზედ 4 გუნდს თითო მოგება-წაგება აქვს: სლოვენიას, მაკედონიას, ჰოლანდიასა და ხორვატიას.

ჯგუფში ბოლო - მეექვსე ადგილზეა საქართველოს ნაკრები ორი წაგებით. მიუხედავად ამისა, იგორ კოკოშკოვის გუნდს ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი აქვს. ამისთვის საქართველოს ნაკრებმა მაკედონიას მინიმუმ 5 ქულით უნდა მოუგოს, ხოლო თავად მაკედონიამ და ჰოლანდიამ დარჩენილ მატჩებში გამარჯვება ვეღარ უნდა მოიპოვონ, რაც სავსებით მოსალოდნელია: ჰოლანდიას საბერძნეთთან, ხორვატიასა და სლოვენიასთან აქვს სათამაშო, ხოლო მაკედონია ზემოთ ნახსენებ საქართველოსთან ერთად ხორვატიასა და სლოვენიას ხვდება.

ევრობასკეტი. C ჯგუფი
ა გ მ წ ბ ქ
1. საბერძნეთი 2 0 157-135 4
2. ხორვატია 1 1 150-145 3
3. სლოვენია 1 1 152-148 3
4. ჰოლანდია 1 1 144-150 3
5. მაკედონია 1 1 143-156 3
6. საქართველო 0 2 140-152 2

მეტოქე საბერძნეთი
ბერძნებმა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი წაუგებლად დაასრულეს, 5 მატჩი მოიგეს. საინტერესო, დალაგებულ კალათბურთსაც უჩვენებდნენ, მაგრამ პლეი ოფის პირველივე ეტაპზე შეხვდნენ სერბეთს, რომელმაც თამაში სწორედ მერვედფინალიდან დაიწყო, საბერძნეთსაც აჯობა, საფრანგეთსაც და მუნდიალის ფინალი ითამაშა.

საყურადღებოა ისიც, რომ ბერძნებს არ ეხმარებოდნენ NBA-ელი კოსტას კუფოსი და ევროპის საუკეთესო გამთამაშებელი ვასილის სპანულისი. ევრობასკეტი 2015-ისთვის კოსტასი და ვასილისი ნაკრებში დაბრუნდნენ. მათ დავუმატოთ ზაზა ფაჩულიას ახალგაზრდა თანაგუნდელი იანის ანტეტეკუნმპო, ევროპის წამყვან კლუბებში მიმობნეული ელინები და ცხადი გახდება, რომ საქმე ევრობასკეტის ერთ-ერთ ფავორიტთან გვაქვს.

ბერძნებს 1997 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ვეთამაშეთ და ორჯერ დავმარცხდით. ამას მოჰყვა ერთი ამხანაგური წაგება და ერთიც - ევრო-2011-ზე. მას მერე ელინებმა თამაში კიდევ უფრო გამოასწორეს და მწვრთნელ ფოტის კაცაკარისის ხელში ევროგრანდის სახელი დაიბრუნეს.

2012-13 წლებში "შსს აკადემიის" მთავარ მწვრთნელად გიორგიოს კეცელიდისი მუშაობდა, რომელსაც არაერთხელ უთქვამს, რომ საქართველო მისი მეორე სამშობლოა. აი, რას ამბობს ის ბერძენთა პლუს-მინუსებზე:

"2014 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატზე საბერძნეთმა ჯგუფური ეტაპი წაუგებლად დაასრულა და გამოჩნდა, რომ გუნდს მედლებისთვის ბრძოლა შეეძლო. თუმცა მეოთხედფინალში სერბეთმა ნოკაუტი მოგვაყენა. გულდასაწყვეტი იყო, მაგრამ მთავარია, დავინახეთ: ნაკრები სწორი გზით მიდის და ევრო-2015-ზე ერთ-ერთი ფავორიტი იქნება. მით უმეტეს, "ოლიმპიაკოსის" გამთამაშებელი ვასილის სპანულისი - ევრობასკეტზე ითამაშებს".

გიორგიოს კეცელიდისმა საქართველო-საბერძნეთის მატჩის პროგნოზისგან თავი შეიკავა, ჩემპიონატის დაწყებამდე ზოგადი ანალიზი კი მეტისმეტად თბილი გამოუვიდა:

"ყველა ფიქრობს, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფში მეოთხე ადგილისთვის იბრძოლებს, ფავორიტთა შორის არავინ მიიჩნევს. ეს "ჯორჯიას" ხელს აძლევს, რადგან, ჩემი აზრით, იგი ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტია და იმაშიც დარწმუნებული ვარ, მომდევნო ეტაპზე გავა. საამისოდ აუცილებელია გუნდურად ითამაშოს".

რუსულ "უნიქსში" ვიქტორ სანიკიძე ორი ბერძენი კალათბურთელის გვერდით თამაშობდა. ერთ-ერთი იყო უკანახაზელი ნიკოს ზისისი:

"მე და სანიკიძე ყაზანში ერთმანეთს უკვე ვეპაექრებით. ორივეს გვაქვს საკუთარი გუნდის იმედი და ვფიქრობ, ევრობასკეტზე საინტერესო ბრძოლა გველის.

ქართველებს 5-6 უმაღლესი დონის კალათბურთელი ჰყავთ და მათი პლუსი შეთამაშებაა - დიდი ხანია ეს ბირთვი ერთმანეთის გვერდით გამოდის და ბევრი კარგი გუნდი დაუმარცხებია".

საბერძნეთი 2015
მოთამაშე სმ პოზიცია დაბ. გუნდი
ევანგელოს მანძარისი 196 უკანახაზელი 1990 ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი)
იოანის ბურუსისი 213 ცენტრი 1983 რეალი (ესპანეთი)
ნიკოზ ზისისი 197 უკანახაზელი 1983 ფენერბაჰჩე (თურქეთი)
ვასილის სპანულისი 193 უკანახაზელი 1982 ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი)
კოსტას კაიმაკოგლუ 206 ფორვარდი 1983 უნიქსი (რუსეთი)
გიორგიოს პრინტეზისი 202 ფორვარდი 1985 ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი)
ნიკ კალათესი 197 უკანახაზელი 1989 მემფისი (NBA)
კოსტას პაპანიკოლაუ 206 ფორვარდი 1990 ჰიუსტონი (NBA)
კოსტას სლუკასი 197 უკანახაზელი 1990 ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი)
სტრატოს პერპეროგლუ 203 ფორვარდი 1984 ბარსელონა (ესპანეთი)
კოსტას კუფოსი 213 ცენტრი 1989 მემფისი (NBA)
იანის ანტეტეკუნმპო 206 ფორვარდი 1994 მილუოკი (NBA)
ვლანტიმირ იანკოვიტსი 202 ფორვარდი 1990 პანათინაიკოსი (საბერძნეთი)
ზისის სარიკოპულოსი 213 ცენტრი 1990 აეკ (საბერძნეთი)
დიმიტრის არგავანისი 208 ფორვარდი 1994 ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი)
მწვრთნელი: ფოტის კაცაკარისი

ურთიერთშეხვედრები
ევრობასკეტი-2011. II ჯგუფური ეტაპი
12.09.2011
საქართველო-საბერძნეთი 60:73
13:12, 22:20, 12:19, 13:22
საქართველო: შერმადინი (31წთ, 10ქ, 14მ), მარკოიშვილი (34წთ, 8ქ), ჰეინსი (25წთ, 11ქ, 4ჩ), სანიკიძე (31წთ, 6ქ, 5მ), ცქიტიშვილი (15წთ, 3ქ, 3მ), გამყრელიძე (24წთ, 9ქ, 3მ, 3პ), ვ. ბოისა (9წთ), ა. ბოისა (6წთ, 2ქ), ფარღალავა (2წთ) შენგელია (25წთ, 11ქ, 5მ).

ევრობასკეტი-1997. შესარჩევი ეტაპი
28.02. 1996
საბერძნეთი-საქართველო 100:66
54:30, 46:36
საქართველო: ვაშაკიძე (23წთ, 4მ, 4პ), ნაცვლიშვილი (19წთ, 3ქ, 4მ, 1პ, 1ჩ), კობეშავიძე (16წთ, 1ჩ), სანაძე (22წთ, 7ქ, 3მ, 1ჩ), ბარამიძე (17წთ, 1ჩ), დერიუგინი (22წთ, 13ქ, 4მ, 2პ), სტეფანია (30წთ, 13ქ, 9მ, 3პ, 1ჩ), შენგელია (15წთ, 12ქ, 5მ), ქარაბაკი (19წთ, 8ქ, 2მ), ჩხეიძე (17წთ, 2ქ, 2მ, 1პ)

26.02.1997
საქართველო-საბერძნეთი 61:65
38:32, 23:33
საქართველო: თორთლაძე (38წთ, 8ქ, 4მ, 1პ), სტეფანია (37წთ, 14ქ, 9მ, 1პ), სანაძე (37წთ, 9ქ, 4მ, 1ჩ), ნაცვლიშვილი (26წთ, 11ქ, 7მ, 1ჩ), ბერძენიშვილი (9წთ, 2ქ, 4მ), დადიანი (19წთ, 3ქ, 1მ, 2ჩ), ბეჟანიშვილი (13წთ, 2ქ, 5მ), ჩხეიძე (21წთ, 12ქ, 3მ, 1პ)

ამხანაგური
26.08.2005
საბერძნეთი-საქართველო 82:71

მომზადებულია ჟურნალ "ლელო week"-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 8 /
ბერძნებიც ნახევარი ძალით გვეთამაშებიან, როგორც სლოვენიელები.
irakli
10:30 08-09-2015
0
რაო, რისი შანსიო? კაია!
kokoiTi
10:44 08-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული