მაკედონია-საქართველო 75:90 - მთავარი მატჩი მოგებულია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 სექტემბერს საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფში IV შეხვედრა მაკედონიის ნაკრებთან ჩაატარა და ანგარიშით 90:75 გაიმარჯვა, რითაც ევრობასკეტის 1/8-ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

შანსი რეალურია: თუ ბოლო ტურში სლოვენია მაკედონიას დაამარცხებს, ხორვატიასთან წაგების შემთხვევაშიც გავალთ მერვედფინალში. თუმცა აუცილებელია ჰოლანდიამ საბერძნეთთან წააგოს. მაკედონიელების სლოვენიელებთან მოგების შემთხვევაში კი მერვედფინალში გასასვლელად ხორვატიის დაძლევა მოგვიწევს.

მაკედონია-სლოვენია დღეს თბილისის დროით 17:00 საათზე ითამაშებს, ხოლო საქართველო-ხორვატია - 20:00-ზე დაიწყება, საბერძნეთი-ჰოლანდია - 23:00 საათზე.

* * *
"საქართველოს ნაკრებმა დაცვაში ისე ითამაშა, ვერც ერთი ჩვენი პლუსი ვერ
გამოვიყენეთ. კიდევ რა ვთქვა ამ შეხვედრაზე? ორი სიტყვით შევაფასებ: საქართველომ დაგვანგრია", - ასეთი იყო მაკედონიელთა კაპიტან ვლადო ილიევსკის სიტყვები ნამატჩევს.

რამ განაპირობა ასეთი შედეგი? ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი შეკითხვა გაჩნდა მაკედონიასთან მოგებული მატჩის შემდეგ. რა თქმა უნდა, მიმოხილვაში ყველაზე ამომწურავად მსჯელობა შორს წაგვიყვანს, მაგრამ ძირითად შეკითხვებს აქვე შეგვიძლია ვუპასუხოთ.

რატომ ვერ უჩვენა საქართველოს ნაკრებმა ასეთი თამაში წინა სამ შეხვედრაში? მიზეზი თითქოს მომზადება უნდა ყოფილიყო - ჰოლანდიელებთან, სლოვენიელებთან და ბერძნებთან შედარებით ნაკლებენერგიულად გამოვიყურებოდით.

მაკედონიასთან მატჩის შემდეგ მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმაც აღნიშნა, რომ გუნდის კონდიციებთან დაკავშირებით საწყის სამ თამაშში შეკითხვები ლოგიკური იყო, თუმცა დასძინა:

"მეტოქე კარგად აწყობილი გუნდია, თუმცა ჩემმა შეგირდებმა მაღალ დონეზე ითამაშეს. ძალიან ძნელია აკონტროლო 40 წუთის განმავლობაში, უმეთვალყურეოდ არავინ დაგრჩეს, რადგან მოედანზე მყოფ ხუთივე მაკედონიელს შეუძლია სამქულიანის ჩაგდება.

გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრები სათანადო კონდიციებშია და იმედი მაქვს, კიდევ მოუმატებს. ეს მოგება ხორვატიასთან მომდევნო შეხვედრის წინ, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ძალიან სასარგებლო იყო".

თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ნაკრებმა, დაცვითი თვალსაზრისით, ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

"მაქსიმალურად ვიყავით კონცენტრირებულები, ერთმანეთს კარგად ვაზღვევდით, მეტოქეს სათანადოდ გადავუკეტეთ გზა ჩვენი კალათისკენ და სწორედ გუნდურმა თამაშმა მოიტანა შედეგი, რომელსაც დიდხანს ველოდით", - ეს უკვე მანუჩარ მარკოიშვილის სიტყვებია.

როცა მეტოქეს დაცვაში კარგად ეთამაშები, შეცდომებსაც უშვებს და ჯერი შენს შეტევაზეა - გამოიყენებ მოწინააღმდეგის შეცდომებს, ანგარიშშიც დაწინაურდები. საქართველოს ნაკრებმა მაკედონიელთა შეცდომები 26 ქულად აქცია, მაშინ, როცა მეტოქემ ქართველთა შეცდომებით მხოლოდ 13 ქულა ჩააგდო.

საკუთარი გუნდის დაკარგვებზე ყურადღება გაამახვილა მაკედონიელთა მწვრთნელმა მარიან სრბინოვსკიმ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე და დასძინა:

"დღეს საქართველოს ნაკრებში ორი კალათბურთელი იყო შეუჩერებელი. ბევრი ვეცადეთ, სხვადასხვა ხერხი ვცადეთ, მაგრამ ზაზა ფაჩულიასა და მანუჩარ მარკოიშვილის შეკავება ვერ მოვახერხეთ. ასეთი დონის კალათბურთელებს ნებისმიერი ნაკრები ისურვებდა".

მართლაც, ზაზამ და მანუმ სეზონის სუკეთესო მატჩი ითამაშეს (ჯერჯერობით). ფაჩულიასთან ორთაბრძოლებში ფოლებს ფოლებზე იღებდნენ მაკედონიელი მეფარეები. ჰენდრიქსმა მატჩი ოთხი ჯარიმით დაასრულა, ხოლოდ ცხვირდასისხლიანებული ტრაიკოვსკი ხუთი ჯარიმით ნაადრევად გავიდა მოედნიდან.

ზაზამ 30 წუთში 23 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა. მანუჩარ მარკოიშვილმა 6-დან 4 სამქულიანი, 2-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, ზედ ორი საჯარიმოც მიაყოლა და 18 ქულას მოუყარა თავი. დაცვაში თამაშით კი მთლიანად გამოთიშა მაკედონიელთა გამოცდილი გამთამაშებელი ვლადო ილიევსკი.

გიორგი ცინცაძეს 12 ქულა და 6 პასი ჰქონდა. საოცარი სანახავი იყო მის მიერ მეორე მეოთხედის ბოლო წამზე ჩაგდებული შორეული სამქულიანი.

კაპიტან ზაზა ფაჩულიას საკუთარ გარჯაზე რომ ვკითხეთ, გვიპასუხა:

"ეს მატჩი ერთ ან ორ კალათბურთელს არ მოუგია. სხვათა შორის, ბევრი აქცევს ყურადღებას ჩაგდებულ ქულებს. ქულები არაფერს ნიშნავს, მთავარია, გუნდს მოუტანო სარგებელი. დღეს გუნდური კალათბურთი ვითამაშეთ, სწორედ ამან გაგვამარჯვებინა".

* * *
საოცარი სანახავი იყო ტრიბუნები. მაკედონიელები უხვად არიან ჩამოსულნი და უნდა გენახათ, ხორვატიასთან მატჩში როგორ ფარავდნენ მასპინძელი ქომაგების ხმას. გუშინ კი სა-ქარ-თვე-ლომ მაკედონიელთა სიმღერებიც გადაფარა.

მატჩის დასრულების შემდეგ ქომაგები საქართველოს ნაკრების ავტობუსს გასასვლელში დახვდნენ, სიმღერითა და ხმამაღალი შეძახილებით გააცილეს. მძღოლმა ავტობუსი განგებ გააჩერა და მადლობის სათქმელად ვლადიმერ ბოისა ჩამოვიდა.

Sportall.Ge

ჯგუფის სხვა მატჩები
საბერძნეთი-სლოვენია 83:72
23:17, 23:14, 16:22, 21:19

ჰოლანდია-ხორვატია 72:78
18:14, 17:25, 18:23, 19:16

ა გუნდი თ მ წ სხ ქ
1. საბერძნეთი 4 4 0 319/275 8
2. ხორვატია 4 3 1 301/272 7
3. სლოვენია 4 2 2 305/305 6
4. საქართველო 4 1 3 298/306 5
5. ჰოლანდია 4 1 3 290/309 5
6. მაკედონია 4 1 3 273/319 5

მერვედფინალში 4 გუნდი გადის


(ვაჟა სიმონიშვილი ზაგრებიდან)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
გილოცავთ ყველას. ამ თამაშით ხორვატებთანაც შეიძლება მოგებაზე ფიქრი. პერიმეტრის დაცვა ისევ არ გვივარგოდა. პერიმეტრს რო კარგად ვიცავდეთ ტურნირის ფავორიტები ვართ. თავისუფალ პოზიციაში ვტოვებთ ხშირად მსროლელს. სამიანები გვტეხავს ტორე შეტევა ასე თუ ისე ნორმალური გვაქვს.
ჩიკო
10:24 10-09-2015
0
ბოლო წუთებზე რომ პერიმეტრს კეტავდნენ ვფიქრობ მთელი თამაში ეგრე უნდა ითამაშონ და ფარქვეშ ფაჩულიასთან უპირატესობა არც ერთ ევროპელს არ აქვს. მაგრამ ამას ვერ ვახერხებთ 4 თამაშია და ეს კარგად აქვთ შესწავლილი მეტოქეებს.
irakli apkhaidze
11:03 10-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული