იგორ კოკოშკოვის გუნდი C ჯგუფის ბოლო შეხვედრას მასპინძელ ხორვატიის ნაკრებთან გამართავს. მატჩი თბილისის დროით 20:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "პირველი არხი" წარმოადგენს.
ევრობასკეტის პლეი ოფში საქართველოს ნაკრების გასვლის შანსი რეალურია, თუმცა ეს მარტო ჩვენზე არაა დამოკიდებული.
ევრობასკეტი. C ჯგუფი
1. საბერძნეთი 4 4/0 319/275 8
2. ხორვატია 4 3/1 301/272 7
3. სლოვენია 4 2/2 305/305 6
5. ჰოლანდია 4 1/3 290/309 5
6. მაკედონია 4 1/3 273/319 5
მასპინძელო, მხიარულო...
ხორვატიის ნაკრებში ევრობასკეტის წინ მთავარი მწვრთნელი შეიცვალა - ჟასმინ რეპეშას ნაცვლად ველიმირ პერასოვიჩი დაინიშნა. მას საშუალო ასაკის გუნდი ჰყავს, თუმცა ვარსკვლავების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის: ანტე ტომიჩი "ბარსელონაში" თამაშობს, დარიო სარიჩი - "ეფესში", დამიან რუდესი - "ინდიანაში", ბოიან ბოგდანოვიჩი - "ბრუკლინში"... ასეთი შემადგენლობის გუნდს საფუძვლიანი პრეტენზია უნდა ჰქონდეს ევრობასკეტის საუკეთესო ოთხ გუნდს შორის მოხვედრისა.
სხვათა შორის, 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე ხორვატები სწორედ მეოთხე პოზიციაზე გავიდნენ. მათ დიდად დაეხმარება თეთრ-წითელი სავსე ტრიბუნები, რადგან ჯგუფის მატჩები სწორედ ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში იმართება.
ხორვატია საქართველოს ნაკრებთან მატჩში ფავორიტად კი ჩაითვლება, თუმცა წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასპინძლებთან უშანსოდ არ ვიქნებით. სწორედ ამჟამინდელი შემადგენლობა ჰყავდა მწვრთნელ ჟასმინ რეპეშას, ევრო-2013-ზე საქართველოს ნაკრებთან წაგებული მატჩი რომ შემოატრიალა - 77:76...
2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე ხორვატიასთან თითქმის მოგებული მატჩი წავაგეთ. გიორგი ცინცაძემ მეოთხე, გადამწყვეტ პერიოდში 12 ქულა ჩააგდო და ერთი ისეთი პასი მიითვალა, თამაშის მოგება რომ შეეძლო: ვიქტორ სანიკიძემ საფინალო სირენამდე 21 წამით ადრე სამქულიანით ქართველები 76:75 დააწინაურა. თუმცა საპასუხო შეტევაში ანტე ტომიჩმა მარცხენა ხელით ჩაგდებული ორქულიანით ისევ უკან მოგვიტოვა (76:77).
დარჩენილ 8 წამში ცინცაძე მეტოქის ფარქვეშ შეიჭრა, თუმცა მისმა ნატყორცნმა მიზანს ვერ მიაღწია...
მწვრთნელთან ერთად შეიცვალა ლეგიონერიც. 2013 წელს საქართველოს ნაკრებს ხორვატიის მაისურით ამერიკელი დონტა დრეპერი დაუპირისპირდა, 2014-ში კი ბალკანელებმა მის ნაცვლად ნატურალიზებულისთვის განკუთვნილი ერთი ადგილი ოლივიე ლაფაიეტს დაუთმეს.
ხორვატების შემადგენლობაშია მარიო ჰეზონიაც, რომლის გვარიც ბოლო დროს ხშირად ხვდება ჟურნალ-გაზეთების ყდებზე. ეს არც არის გასაკვირი - 20 წლის უკანახაზელი 2015 წლის NBA-ს დრაფტზე მე-5 ნომრად "ორლანდო მეჯიქმა" აირჩია. მანამდე იგი "ბარსელონას" ღირსებას იცავდა.
მოლოდინი
დავით უსტიაშვილი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი): "მასპინძლებს საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავთ. ხორვატია ყველა რგოლში თანაბრადაა დაბალანსებული და არც ვარსკვლავები აკლია. მაგალითად, ბოგდანოვიჩი NBA-ში კარგად გამოიყურება.
საქართველოს ნაკრებმა 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე ხორვატებთან ბოლო წამებზე წააგო. სირენამდე 21 წამით ადრე წინ ვიყავით, მაგრამ ანგარიშის შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაშინ ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია ვერ გვეხმარებოდნენ.
ვფიქრობ, ჩვენს გუნდს აქვს საკმარისი რესურსი ხორვატიასთან სტუმრად თანაბრად სათამაშოდ. ხორვატებს გულშემატკივარიც დიდად დაეხმარება. თუმცა საქართველოს ნაკრებს მოწინააღმდეგის ქომაგით გავსებულ დარბაზში თამაშის მოგება რომ შეუძლია, ლატვიასა და ბოსნიაში უკვე დაამტკიცა.
ჩვენს გუნდს საკმარისი გამოცდილება აქვს საიმისოდ, რომ ძლიერ მეტოქეს თუ მის გულშემატკივარს არ შეუშინდეს".
ხორვატია 2015
მოთამაშე სმ ამპლუა დაბ. გუნდი
ბოიან ბოგდანოვიჩი 203 ფორვარდი 1989 ბრუკლინი (NBA)
მარიო ჰეზონია 202 ფორვარდი 1995 ბარსელონა (ესპანეთი)
დარიო სარიჩი 204 ფორვარდი 1994 ეფესი (თურქეთი)
ანტე ტომიჩი 217 ცენტრი 1987 ბარსელონა (ესპანეთი)
ტომისლავ ზუბჩიჩი 208 ცენტრი 1990 ცედევიტა (ხორვატია)
ლუკა ზორიჩი 211 ცენტრი 1984 ფენერბაჰჩე (თურქეთი)
დამიან რუდეზი 203 ფორვარდი 1986 ინდიანა (NBA)
კრუნისლავ სიმონი 197 ფორვარდი 1985 ლოკომოტივი (რუსეთი)
როკო უკიჩი 196 უკანახაზელი 1984 ცედევიტა (ხორვატია)
ოლივიე ლაფაიეტი 188 უკანახაზელი 1984 ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი)
როკ სტიპჩევიჩი 185 უკანახაზელი 1986 რომა (იტალია)
მარკო რამლიაკი 201 ფორვარდი 1993 ზადარი (ხორვატია)
მირო ბილანი 213 ცენტრი 1989 ცედევიტა (ხორვატია)
მარკო ტომასი 201 უკანახაზელი 1985 ტედ კოლეჯი (თურქეთი)
ჟელკო საკიჩი 204 ფორვარდი 1988 აკადემიკი (ბულგარეთი)
ურთიერთშეხვედრები
ევრობასკეტი-2013. ფინალური ეტაპი
05.09.2013
ხორვატია-საქართველო 77:76
17:15, 18:19, 15:18, 27:24
საქართველო: ცინცაძე (36წთ, 25ქ, 3მ, 5პ), შერმადინი (34წთ, 10ქ, 9მ), მარკოიშვილი (34წთ, 4ქ), ფაცაცია (9წთ), სანიკიძე (33წთ, 15ქ, 7მ), ბურჯანაძე (9წთ, 2ქ), ჰიკმანი (27წთ, 20ქ, 3მ), ლეჟავა (10წთ), ცქიტიშვილი (3წთ).
მომზადებულია "ლელო week"-ის მიხედვით