აერო[ს]პორტული ემოცია - ლადო გმირია. კალათბურთელები?

AutoSharing Option
ფოტოზე: მოჭიდავეთა და კალათბურთელთა ერთობლივი ფოტო თბილისის აეროპორტში

- გენაცვალეთ ბიჭებო, საქართველოს გმირები ხართ! - ასეთი შეძახილით შეხვდა ჩამოსულებს თბილისის აეროპორტის საპასპორტო კონტროლის ჯიხურთან მყოფი ოლიმპიური ვერცხლის მედალოსანი რამაზ ნოზაძე, რომელსაც მხრებზე საქართველოს დროშა ჰქონდა მოხვეული.

საპასპორტო გასასვლელი წარწერებით "ჯორჯია" მართლაც გავსებული იყო. კონტროლი ყველაზე სწრაფად მანუჩარ მარკოიშვილმა, ვიქტორ სანიკიძემ და დუდა სანაძემ გაიარეს და რამაზ ნოზაძე ჯერ მათ გადაეხვია - ყოჩაღ, ბიჭებო, მაგარი თამაში იყო, სად დაგიძვრათ ლიტვა, გიყურებდით და მთელი გულით საქართველო გქომაგობდათო.

კალათბურთელებს მოჭიდავეები მოჰყვნენ, ნოზაძემ ვლადიმერ
ხინჩეგაშვილი
ხელში აიტაცა, ეს ქართული სპორტის ისტორიის ოქროს დღეაო. ლადო ხინჩეგაშვილმა ხომ დიდი ხნის ნანატრ მსოფლიოს ჩემპიონობა მოუტანა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს. იგი აეროპორტიდან ხელში აყვანილი გამოიყვანეს, რამაზ ნოზაძემ შამპანურიც გახსნა, მოვისმინეთ ერთობლივად შესრულებული საქართველოს ჰიმნი და ვიხილეთ ფეიერვერკი. მოკლედ, დიდი სიხარული იყო... ისეთი, იშვიათად რომ განვიცდით ხოლმე - სიამაყით გაჯერებული სიხარული.
იხილეთ ვიდეოები
ქართველი მოჭიდავეები მსოფლიოს ჩემპიონატიდან თბილისში დაბრუნდნენ
Sportall.Ge

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტიდან თბილისში დაბრუნდა
Sportall.Ge

"ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირი იყო, - თქვა ლადომ, - გარდა იმისა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ლიცენზიები თამაშდებოდა, შეჯიბრებაში ძლიერი სპორტსმენები მონაწილეობდნენ და სწორედ მათთან ბრძოლაში უნდა მომეპოვებინა მედალი.

აქამდე ჩემპიონობამდე ყოველთვის ცოტა მაკლდებოდა, ამჯერად კი ყველაფერი კარგად დასრულდა, სათანადოდ ვიყავი მომზადებული და ოქროს მედალიც მოვიგე. მადლობა ყველას გულშემატკივობისა და დახვედრისთვის".

Sportall.Ge
ფოტოზე: ლადო ხინჩეგაშვილი

ემოციები ოდნავ რომ ჩაცხრა, სკამს მივაშურე, მგზავრობისგან დაღლილს ცოტა ამოსუნთქვა მჭირდებოდა, მაგრამ ვინ ამომასუნთქა - ფიქრები ხინჩეგაშვილის მოწინააღმდეგეებივით დამეხვივნენ. კალათბურთზე მწერალი ჟურნალისტი ვარ, თუმცა რომელ სპორტსმენსაც გულზე "ჯორჯია" აწერია, ყველას ისევე ვქომაგობ, როგორც კალათბურთის ნაკრებს. ლადო ხინჩეგაშვილისა და ზაზა ფაჩულიას გუნდის ერთი რეისით ჩამოსვლა, რატომღაც სიმბოლურად მენიშნა. ლადო გმირია. კალათბურთელები?

ფეიერვერკები მაშინ გენახათ, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს ლიტვა რომ დაემარცხებინა და ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გასულიყო. ძალიან მძიმე იქნებოდა, მაგრამ ზაზა ფაჩულიასაც მხრებზე შესმულს გამოიყვანდნენ აეროპორტიდან, შამპანურებიც იქნებოდა და დიდი ემოციაც.

Sportall.Ge
ფოტოზე: მანუჩარ მარკოიშვილი და რამაზ ნოზაძე

ხინჩეგაშვილის დახვედრასთან შედარებას ნამდვილად არ ვაპირებ, უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ლიტვის დამარცხების შემთხვევაში ქართული კალათბურთი ყურადღების ეპიცენტრში მოექცეოდა, კალათბურთელები კი შინ გმირებად დაბრუნდებოდნენ.

აი, სწორედ ეს არის მთავარი ქართული პრობლემა: ლიტველ მაციულისს საფინალო სირენამდე 11 წამით ადრე სამქულიანი რომ არ ჩაეგდო და ის მატჩი მოგვეგო, მაშინ ხომ დახვდებოდათ საქართველოში დაბრუნებულებს საკალათბურთო ბუმი?! როგორ შეიძლება, 11-მა წამმა და ერთმა სამქულიანმა გადაწყვიტოს გმირობის თუ ანტიგმირობის საკითხი, მაშინ, როცა ორთვე-ნახევრის განმავლობაში მოთამაშეები ოჯახებს არიან მოწყვეტილნი, ყოველდღე ოფლში იწურებიან, რომ საქართველოს ჰიმნი ევროპის უმთავრეს საკალათბურთო ფორუმზე რაც შეიძლება მეტჯერ აჟღერდეს.

დიდი ხანია, პოლიტიკოსები იღვწიან, მაგრამ საქართველოს დროშა ევროკავშირში ვერ შეიტანეს, კალათბურთელთა ნაკრები კი 2011 წლის შემდეგ "ევროპის საკალათბურთო კავშირის" სრულუფლებიანი წევრია.

წლევანდელ ევრობასკეტზე ჩვენზე გაცილებით მრავალრიცხოვან ერებზე წინ წავედით, გავასწარით რუსეთს, გერმანიას, დავამარცხეთ ხორვატია, მაკედონია...

მერვედფინალში, ლიტვასთან კი როგორც ფიბა-ს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა თქვა, თითქმის მოგებული თამაში წავაგეთ. ისიც ყველამ დაინახა, რომ ლიტვის დონის გუნდი გვყავს... იმ ლიტვის დონისა, სადაც კალათბურთში წელიწადში 300 მილიონი ევრო ტრიალებს, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში 30-დან 40 ათასამდე ახალგაზრდა ვარჯიშობს და ნაკრები მსოფლიოს საკალათბურთო რეიტინგის მეოთხე პოზიციაზეა. ასეთ გუნდთან თანაბრად თამაში ჩვენნაირი მწირრესურსიანი საკალათბურთო ქვეყნისთვის უკვე გმირობა არ არის?

Sportall.Ge
ფოტოზე: ზაზა ფაჩულია ჟურნალისტების გარემოცვაში

აეროპორტული რეპორტაჟის წერა კი დავიწყე, მაგრამ კომენტარებს ზედმეტად შემოერია ფიქრები, თუმცა ესეც ემოციის ნაყოფი უნდა იყოს.

ბოლოს ისევ კომენტარით დავასრულოთ. მთავარ გასასვლელთან, მიკროფონ-კამერების გარემოცვაში კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ ასეთი კომენტარი გააკეთა:

"ლიტვასთან მატჩში ძალიან ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან და მეოთხედფინალში გასვლასთან, მაგრამ, სამწუხაროდ, გარკვეული მიზეზების გამო მატჩი ისე არ დასრულდა, როგორც კალათბურთელებს, მწვრთნელებს, ქართველ ხალხს სურდა.

თუმცა ცხოვრება, წინსვლა გრძელდება, ჩვენი ადგილი ევროპაში უკვე დავიმკვიდრეთ, ჩვენი ხასიათი ყველას დავანახვეთ. უცხოელები აღარ გვიყურებენ როგორც აუტსაიდერებს, დავამტკიცეთ, რომ ყველასთან თამაში შეგვიძლია. რაც მთავარია, ღირსეული თამაში!"

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული