საქართველოს მეტოქე: ახალმა მწვრთნელმა მონტენეგროს ნაკრებში NBA-ს ორი მოთამაშე დააბრუნა

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები გამოვლინდნენ.

ცნობილი გახდა ისიც, რომ ჩვენი ნაკრების უმთავრეს კონკურენტ მონტენეგროს ლეგენდარული მწვრთნელი ბოგდან ტანიევიჩი გაწვრთნის.

68 წლის ავტორიტეტულ სპეციალისტს მიზნად მონტენეგროელი წამყვანი მოთამაშეების ნაკრებში დაბრუნება და ევრობასკეტის საგზურის მოპოვება დაუსახავს. მიზნისკენ ტანიევიჩმა უკვე სოლიდური ნაბიჯები გადადგა. ის ტელეფონით ესაუბრა ნბა-ში მონტენეგროს 2 ბრწყინვალე წარმომადგენელს - ნიკოლა პეკოვიჩს (მინესოტა) და ნიკოლა ვუჩევიჩს (ორლანდო), რომლებმაც ნაკრებში თამაშის მზადყოფნა გამოთქვეს.

ფიბა-ევროპის ვებგვერდთან გაკეთებულ კომენტარებში ტანიევიჩმა საქართველოს ნაკრებს საკმაოდ მაღალი შეფასება მისცა:

"საქართველო, რუსეთთან და გერმანიასთან ერთად, პირველ კალათაში ყველაზე ძლიერი გუნდი იყო. მათ ლიდერებს კარიერის საუკეთესო პერიოდი სწორედ ახლა უდგათ. სხვებისგან თორნიკე შენგელიას, ზაზა ფაჩულიას, მანუჩარ მარკოიშვილს და გიორგი ცინცაძეს გამოვარჩევდი. ეს არ ნიშნავს, რომ სხვებს ყურადღებას არ მივაქცევთ. ქართველებს მთლიანობაში ძლიერი გუნდი ჰყავთ და მათთან მატჩებში გამარჯვება საკმაოდ რთული იქნება.

სლოვაკეთი შედარებით დაბალი დონეა, ალბანეთი კი ჯგუფის სამივე სხვა წევრს ჩამორჩება, თუმცა, ცალი ფეხით წარმატებას ვერავისთან მივაღწევთ. ყველა მოწინააღმდეგეს პატივი უნდა ვცეთ და ყოველგვარი მოულოდნელობა გამოვრიცხოთ. თუკი მიზნისკენ სწორი მიმართულებით, ნაბიჯ-ნაბიჯ ვივლით, წარმატება აუცილებლად მოვა".

რას შეეხება საკუთარი ქვეყნის ნაკრებს, ტანიევიჩი მონტენეგროს ნაკრების შესახებ იმედიანად საუბრობს:

"მონტენეგრო პატარა ქვეყანაა და არაა გასაკვირი, რომ წამყვანი მოთამაშეების უმრავლესობა უცხოეთში თამაშობს. სასიხარულოა, რომ უცხოეთში მოთამაშე ჩვენი კალათბურთელები ძალიან მოტივირებულნი და მომართულნი არიან. ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მოთამაშე ნიკოლა ვუჩევიჩმა და ნიკოლა პეკოვიჩმა თავად დამირეკეს და ნაკრებში თამაშის მზადყოფნა გამოთქვეს. ისინი ნაკრებს აუცილებლად დაეხმარებიან. გამოცდილი კალათბურთელების მოტივაცია ახალგაზრდების მონდომებას განაპირობებს, რომლებიც მოედანზე 100 პროცენტით დაიხარჯებიან".

2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ფიბა-ევროპა ახალ სისტემაზე გადადის, რომლის მიხედვითაც, შესარჩევი ეტაპის თამაშები, სავარაუდოდ, შემოდგომა-გაზაფხულზე გაიმართება:

"მე მახსოვს ეს სისტემა. როცა იტალიის ნაკრებს ვწვრთნიდი, შესარჩევი ეტაპის მატჩები ნოემბერსა და თებერვალში ტარდებოდა. დიდი ალბათობით, მომავალი ევრობასკეტის შემდეგაც ასე იქნება. ასე რომ, მე ვიცნობ ამ სისტემას და მომწონს ის".

ტანიევიჩს იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონობამდე ჰყავს 1999 წელს მიყვანილი, ხოლო 2010 წელს მან თურქეთის ეროვნული გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გაიყვანა. მის ტიტულებში შედის ასევე 1981 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი, რომელიც ჩეხოსლოვაკიის ნაკრებს მოაპოვებინა.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული