ზაზა ფაჩულია: თავი არ დაგვიზოგავს... [II ნაწილი]

AutoSharing Option
გუშინ შემოგთავაზეთ ზაზა ფაჩულიას მონოლოგი. იგი ძირითადად სანაკრებო კარიერის დასრულებაზე მსჯელობდა.

- ზაზა ფაჩულია: ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული [I ნაწილი]

დღეს მასთან ერთად ევროპის 2017 წლის ევროპის ჩემპიონატსა და "გოლდენ სტეიტს" შევეხებით.

ევრობასკეტი
- არაერთგვაროვანი ევრობასკეტი გამოგვივიდა. ისრაელში იყო ბევრი დადებითი და ბევრიც უარყოფითი მომენტი. როგორც წესი, ამა თუ იმ გუნდის გამოსვლა შედეგის მიხედვით ფასდება. სამწუხაროდ, ჯგუფიდან ვერ გავედით, რისკენაც მივისწრაფვოდით და, ვფიქრობ, ვიმსახურებდით კიდეც. გულდასაწყვეტია. მერწმუნეთ, ყველაზე ძალიან კალათბურთელებს გვინდოდა პლეი ოფში თამაში, მაგრამ ცოტა დაგვაკლდა.

- გვაკლდა წამყვანი
მოთამაშეები, ვიქტორ სანიკიძე, ბექა ბურჯანაძე, ხოლო როდესაც 7 დღეში 5 მატჩის გამართვა გიწევს, ასეთი კალათბურთელების არყოფნა დიდი დანაკლისია.

ამის მიუხედავად, ვერავინ იტყვის, რომ მონდომება დავაკელით, ძალები დავზოგეთ. პირიქით, მაქსიმუმი გავიღეთ, გაორმაგებული ენერგიით ვთამაშობდით...

ჩამორჩენა და გაბათილება
- საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე საინტერესო კალათბურთი ითამაშა. თითქმის ყოველ მატჩში დიდი სხვაობით ჩამოვრჩით მოწინააღმდეგეს და უმეტეს შემთხვევაში სხვაობის გაბათილება მოვახერხეთ.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს კალათბურთია, არაპროგნოზირებადი, ძალიან საინტერესო სპორტი. შეიძლება ზოგისთვის 40 წუთი მცირე დროა, მაგრამ კალათბურთისთვის დიდი დროა, სრულიად საკმარისია საიმისოდ, რომ წაგებული თამაში შემოატრიალო, თამაშის ბედი შეცვალო.

- მეტოქე გუნდებში ბევრი მაღალი კლასის კალათბურთელი იყო, ვერ ვიტყვით, რომ დიდი სხვაობით დაწინაურების შემდეგ ისინი დუნდებოდნენ, უფრო ჩვენ ვთამაშობდით ორმაგი ენერგიით. გუნდი, რომელიც აგებს, საშიშია, საქართველოს ნაკრები - ძალიან საშიში. სულ სხვა ემოციით ვიმუხტებოდით, კონცენტრაციის ხარჯზე შეცდომები მინიმუმამდე დაგვყავდა და, როგორც ვთქვი, 40 წუთი გვყოფნიდა დანაკარგის ასანაზღაურებლად. ასე იყო ლიტვასთან, ისრაელთან, იტალიასთან სულაც -19 აღმოვფხარით, მაგრამ ბოლო წამებზე დავმარცხდით.

- ძალიან მინდოდა, ჩემი ბოლო ევრობასკეტი სხვანაირი შედეგით დასრულებულიყო...

საუკეთესო მატჩი
- დღევანდელი გადმოსახედიდან რთულია რომელიმე სანაკრებო მატჩის გამოყოფა, საუკეთესოს გამორჩევა. 10-15 წლის წინათ რომ ეკითხათ, შეიძლება დამესახელებინა თამაში, რომელშიც მეტი ქულა ჩავაგდე. დღეს მოვლენებს სხვაგვარად ვუყურებ, ამა თუ იმ კალათბურთელის სტატისტიკა არაფერია, თუ გუნდს წარმატება არ აქვს. შეიძლება ძალიან ცოტა ქულითაც გახდე მატჩის გმირი.

- ჩემთვის ყველა სანაკრებო შეხვედრა დასამახსოვრებელი იყო. ყოველთვის მონდომებით ვეკიდებოდი საქმეს და ვეძებდი გზებს, უკეთესი გავმხდარიყავი და მეტი სარგებელი მომეტანა ნაკრებისთვის. ვფიქრობ, თამაშიდან თამაშამდე, წლიდან წლამდე ვუმატებდი მეც და პროგრესირებდა ნაკრებიც. შედეგი სახეზეა - მეორე ეშელონიდან ელიტაში გადავედით და ზედიზედ ოთხჯერ ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატზე. საქართველოს ნაკრები იქცა გუნდად, რომელსაც ნებისმიერი ფავორიტი სერიოზულად უყურებს.

სტატისტიკა
- საქართველოში ჯერაც ქულების მიხედვით ვაფასებთ კალათბურთელებს, არადა, ბოლო დროს ისე განვითარდა კალათბურთი, ისეთი რიცხვები ითვლება, ნებისმიერი მოთამაშის სარგებლიანობაზე, დაცვასა თუ შეტევაში მის თამაშზე ამომწურავ ინფორმაციას რომ გვაძლევს. ბევრი სტატისტიკური მონაცემი ოქმში ჯერაც არ ფიქსირდება.

- ერთ საიდუმლოს გაგანდობთ: "გოლდენ სტეიტში", მატჩებისას ითვლიან რამდენი პასი შესრულდება. არა მხოლოდ შედეგიანი გადაცემა, არამედ, ზოგადად პასი. ამ მაჩვენებლით ლიგაში საუკეთესოები ვართ, თუმცა არის ბევრი კომპონენტი, რაზეც სამუშაო გვაქვს.

ჩემპიონობა იმას არ ნიშნავს, რომ მიღწეულზე შეჩერდე და ასეთივე შრომით იგივეს გაიმეორებ. კიდევ უფრო მეტი მუშაობაა საჭირო, რომ მოწინააღმდეგეები ვერ დაგეწიონ.

უორიორსი
- "გოლდენ სტეიტთან" ერთად ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დავიწყე. კვლავ დიდი მონდომებით ვვარჯიშობთ. გასული წლის შემდეგ გუნდში მხოლოდ სამი ცვლილება განხორციელდა - სამი ახალწვეული გვყავს, ომრი კასპი, ჯორდან ბელი და ნიკ იანგი. ძირითადი ბირთვის შენარჩუნება სწორი გადაწყვეტლება იყო, რატომ უნდა შეცვალო გუნდი, როდესაც რეგულარულ ეტაპს დამაჯერებლად იგებ, ხოლო პლეი ოფში 17 მატჩიდან მხოლოდ ერთში მარცხდები?!

- ომრი კასპის ისრაელშიც შევხვდი, ნიკ იანგსაც ვიცნობ. მათ გუნდში საკმარისი ფუნქცია ექნებათ. ასევე კარგი კალათბურთელია ჯორდან ბელი, რომელსაც დიდი პერსპექტივა აქვს. ახალგაზრდაა, სტაბილურობის მოპოვება, ლიგასთან, გუნდთან ადაპტაცია სჭირდება, რაშიც მწვრთნელები სათანადოდ დაეხმარებიან.

- "გოლდენ სტეიტი" წლეულს შარშანდელზე უკეთესი გუნდია, ამას თამამად ვიტყვი. მთავარია, გარკვეულმა ფაქტორებმა, მათ შორის ტრავმებმა ხელი არ შეგვიშალოს. მჯერა გუნდის ტალანტის, ძალისა და ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება ახალი სეზონი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ზაზა, გეყო რა ზღაპრები. უზომო და უსაფუძვლო ამბიციებით ყველას ტვინი დაუბურღა. მაგას ხომ არ გონია, მართლა თამაშის კლასის გამო მიიღო ხმები ნბა-ს ყველა ვარსკვლავის გამოკითხვაში. ყველაზე სუსტი რგოლი ნაკრებში სწორედ ფაჩულია იყო და ბიჭების თავდაუზოგავ ბრძოლას ის წყალში ყრიდა.
მამუკა
14:24 02-10-2017
2

სიახლეები პოპულარული