რატომ უნდა მოგვეგო?
მონტენეგროში გასამართი მატჩის წინა დღისით რადიოში ვიყავი მიწვეული. შესაძლოა, ზედმეტად ოპტიმისტად მოვეჩვენე და ერთმა მსმენელმა ყურსასმენში წარბშეკვრით მითხრა: რისი იმედი გაქვს, თბილისში ვერ მოვუგეთ, ახლა თორნიკე შენგელია არ გვეყოლება და მონტენეგროს იქ ოპტიმიზმის სრულყოფილად ასახსნელად დრო ნამდვილად არ იყო. აქ ავხსნი. მოკლედ.
დავიწყოთ იქიდან, რომ თბილისში მეტოქეს ფარქვეშ სივრცე შევუზღუდეთ და მხოლოდ სამქულიანების იმედად დავტოვეთ. რაოდენ ნიჭიერი გუნდიც უნდა იყოს, ყველა მატჩში 13 სამიანს ვერ ჩააგდებს. წარმოუდგენელია ისიც, რომ ყველა მატჩში ვიხილოთ ისეთი უხერხული სამქულიანები, როგორებიც სტუმრებს თბილისში წაუვიდათ. თუ სპორტის სასახლეში მონტენეგროელებმა 13 შორეული ტყორცნა გამოიყენეს, შინ, ბარში 6 სამიანი ჩააგდეს.
თბილისში დავინახეთ, რომ მონტენეგროელთა ლიდერი ნიკოლა ვუჩევიჩი ნამდვილად არ იყო ზაზა ფაჩულიაზე უკეთესი. არც განმეორებით შეხვედრაში უნდა შეცვლილიყო რამე, მით უმეტეს, ზაზა თბილისური მარცხის შემდეგ გაბრაზებული ჩავიდა ბარში.
მიზეზად არ გამოდგება, მაგრამ ლოგიკასა და სამართლიანობას გვერდს ვერ ავუვლით: თბილისში მონტენეგრომ მსაჯის შეცდომის წყალობით მოგვიგო, ზაზასაც და გიორგი შერმადინსაც ისეთი ჯარიმები მისცეს, რომ არ ეკუთვნოდათ (ხუთ-ხუთი ფოლით დატოვეს მოედანი). მეორედ მსგავსი შეცდომების გამეორება წარმოუდგენელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ სტუმრად ვთამაშობდით.
ასეც მოხდა: მონტენეგროში მსაჯები ნამდვილად არ ცდილობდნენ მატჩის მთავარ გმირებად ქცეულიყვნენ. ვერც ნიკოლა ვუჩევიჩმა მოახერხა გუნდის სათანადოდ გაძღოლა. ჩვენი დაცვა იმდენად კარგად გამოიყურებოდა, რომ მონტენეგრო ერთი-ორი კალათბურთელის ინდივიდუალური ოსტატობის იმედადღა დარჩნენ. 7 ორქულიანის ჩასაგდებად ვუჩევიჩს 15 ტყორცნა დასჭირდა, ერთი სამიანი კი მიზანს ააცილა. მის გარდა 10-ქულიანი ზღვარი მხოლოდ ორმა კალათბურთელმა გადალახა - დუბლიევიჩმა და ჯურიშიჩმა. მათ 17-17 ქულა მიითვალეს.
- რეაქციები საქართველოს ნაკრების გასახდელში მონტენეგროსთან მოგების შემდეგ [VIDEO]
გუნდურად
საქართველოს ნაკრები მწყობრად იცავდა თავს და შეტევაშიც გუნდურად თამაშობდა. როგორც სჩვევია - ძლიერ მეტოქესთან უფრო ნაკლებ შეცდომას უშვებს, ვიდრე სუსტებთან. ამჯერად ბურთი 12-ჯერ დავკარგეთ, რაც ბევრი სულაც არ არის. ბურთის გათამაშება და ფარქვეშ შეტანა მშვენივრად გამოსდიოდა გიორგი ცინცაძეს, რომლისთვისაც ეს, შესარჩევის საუკეთესო მატჩი იყო. 7 პასიც მიითვალა, 13 ქულაც და თავისებური, ბუსებრი რთული სამქულიანითაც დაგვამახსოვრა თავი. ერთ ეპიზოდში მწვრთნელმა ცინცაძის (ყველაზე მეტი, 37 წუთი ითამაშა) დასვენება გადაწყვიტა, თუმცა გამთამაშებლის პოზიციაზე მისმა შემცვლელმა მაიკ დიქსონმა შეცდომას შეცდომა მიაყოლა და ილიას ზუროსმა ისევ "ბუ" დააბრუნა.
მაიკმა თავად მითხრა, გამთამაშებელი ვარო, თუმცა საქართველოს ნაკრებში ძირითადად მსროლელის პოზიციაზე გარჯა უწევს და კარგადაც გამოსდის, რაშიც 17 სექტემბერს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით. პირველ ნახევარში იგი დაცვაში ურიგოდ არ ირჯებოდა, შეტევაში კი, ბევრი არაფერი გამოსდიოდა. თუმცა მესამე პერიოდში ერთბაშად იფეთქა და მისი შეჩერება ვერც ერთმა მონტენეგროელმა ვეღარ შეძლო. მაიკმა 10-დან 7 სამქულიანი გამოიყენა და საქართველოს ნაკრებში პირადი რეკორდიც ჩაიწერა - 31 ქულა (8-დან 8 საჯარიმო).
სლოვაკეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ივან რუდეზმა თბილისში თქვა: ვიქტორ სანიკიძე მსუბუქ ფორვარდად რომ თამაშობს, ეს დიდი ფუფუნებააო. კლუბებში ვიქტორს ხშირად უწევს მძიმე ფორვარდად, ხან ცენტრად თამაში. ...თუმცა, როდესაც "ეარ-ჯორჯიაზე" ვლაპარაკობთ, პოზიციების ხსენება შეიძლება უადგილოც იყოს: სადაც საჭიროა, სწორედ იქ არის: ფარქვეშ... უფრო სწორად, ფარსზემოთ, მოედნის კიდეზე, პერიმეტრზე.
მატჩის დასრულებამდე 1:21 წუთით ადრე არც პერიმეტრზე იყო, არც სამწამიანში და არც კიდეზე: საკუთარი ნახევრიდან ორი ნაბიჯი გადადგა და ბურთი მონტენეგროს კალათისკენ სტყორცნა. დარწმუნებული ვარ, იმ ეპიზოდში, ვინც თამაშს თვალს ადევნებდა, ემოცია ვერ შეიკავა... ვიქტორმა ჩააგდო და 85:84 დაგვაწინაურა.
მძიმე ფორვარდის პოზიციაზე თორნიკე შენგელიას ნაცვლად ბექა ბურჯანაძე გამოჩნდა. მას ყველაზე რთული მისია დაეკისრა: დუბლიევიჩს მეურვეობდა, რომელიც მასპინძელთაგან ყველაზე სახიფათო იყო. ბექა ჯარიმებით დაიტვირთა, თუმცა მეტოქემ თამაშიდან მხოლოდ ორი ტყორცნა გამოიყენა.
ზაზა ფაჩულია, როგორც ლიდერს შეშვენის, კრიტიკულ მომენტშია აუღელვებელი. ემოცია თამაშში გადააქვს, დაცვაში ჩინეთის კედელივითაა, შეტევაში მძიმე ტანკივით. გახსოვთ, ზაზას მატჩი შარშან, ევრობასკეტის მერვედფინალში ლიტვასთან? - 23 ქულა და 7 მოხსნა. მონტენეგროსთან 21 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა. ბოლო წამებზე მისმა საჯარიმოებმა ბევრი რამ გადაწყვიტა. სულ 9 საჯარიმო სტყორცნა და ცხრავე ჩააგდო.
ზაზასთან ერთად მოედანზე მეორე ცენტრი გიორგი შერმადინიც ვიხილეთ, თუმცა, როგორც პირველ მატჩში, ამჯერადაც ხუთი ფოლის გამო მოუწია მოედნის დატოვებამ, 15 წუთსა და 4 ქულას დასჯერდა. 14 წუთი ითამაშა და 5 ქულა მიითვალა დუდა სანაძემ. მან თავისი სამქულიანი მეტად საჭირო მომენტში ჩააგდო: მესამე პერიოდის დასრულებამდე წუთით ადრე საქართველო 62:55 დააწინაურა.
ბექა ბექაური შერმადინის მოედნიდან გასვლის შემდეგ, ზაზას ამოუდგა მხარში და საქართველოს ნაკრების ფარქვეშეთს კარგად იცავდა. ბესიკ ლეჟავამ, ანატოლი ბოისამ, კახა ჯინჭარაძემ, ლუკა ზაქრაძემ თავისი წვლილი შეიტანეს გუნდის წარმატებაში და დამსახურებულად მიიღეს ევრობასკეტის საგზური.
პირიქით
კარგად თუ დავუკვირდებით საქართველოსა და მონტენეგროს ორ მატჩს შორის არაერთ მსგავსებას აღმოვაჩენთ. ბოლო წუთები მთლად იდენტური იყო. აი, თუ არ გჯერათ: თბილისში საქართველოს ხუთ-ხუთი ჯარიმის გამო ორი ლიდერი გაუძევეს (ფაჩულია და შერმადინი), მონტენეგროში ამავე მიზეზით მასპინძლებმა ასევე ორი წამყვანი კალათბურთელი დაკარგეს (ჯურიშიჩი და ვუჩევიჩი). პირველ შეხვედრაში ზაზა ვუჩევიჩთან ჭიდილში გავარდა, მეორეში - ვუჩევიჩი ზაზასთან ჭიდილში.
თბილისში მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე ორი ქულის სხვაობით ვიგებდით, როდესაც ვუჩევიჩმა და ნიდჰემმა ურთულესი ტყორცნებით ჩააგდეს სამქულიანები და 4 ქულით დაწინაურდნენ. მონტენეგროში პირიქით მოხდა: საფინალო სირენამდე ზუსტად 2 წუთით ადრე, როდესაც მასპინძლები 84:79 იგებდნენ, ჯერ დიქსონმა სტყორცნა სამიანი რთული პოზიციიდან, შემდეგ სანიკიძემ - 10 მეტრიდან, ორივემ ჩააგდო და 85:84!
როგორც ხედავთ, გუნდებმა როლები გაცვალეს, თუ თბილისში მონტენეგრომ მოიგო, ბარში - გამარჯვება საქართველოს დარჩა.
აი, ვინ ითამაშებს ევრობასკეტი 2017-ზე
ფინეთი, რუმინეთი, თურქეთი, ისრაელი (მასპინძლები);ესპანეთი, სერბეთი, ხორვატია, ლიტვა, საფრანგეთი (რიოს ოლიმპიადის მონაწილეები);
ჩეხეთი, ლატვია, საბერძნეთი, იტალია (ოლიმპიადის საკვალიფიკაციოს მონაწილენი);
საქართველო, ბელგია, რუსეთი, პოლონეთი, სლოვენია, უნგრეთი, გერმანია (შესარჩევ ეტაპზე ჯგუფის გამარჯვებული);
მონტენეგრო, ისლანდია, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა (შესარჩევ ეტაპზე ჯგუფის მეორეადგილოსნები).
ევრობასკეტი 2017. შესარჩევი. ბოლო ტური
F ჯგუფი
მონტენეგრო-საქართველო 84:90
ალბანეთი-სლოვაკეთი 72:65
ა გუნდი თ მ წ სხ ქ
1. საქართველო 6 5 1 524:402 11
2. მონტენეგრო 6 5 1 563:420 11
3. სლოვაკეთი 6 1 5 392:518 7
4. ალბანეთი 6 1 5 372:511 7
A ჯგუფი
ისლანდია-ბელგია 74:68
კვიპროსი-შვეიცარია 92:78
ა გუნდი თ მ წ სხ ქ
1. ბელგია 6 5 1 459:361 11
2. ისლანდია 6 4 2 466:429 10
3. კვიპროსი 6 2 4 399:450 8
4. ჰოლანდია 6 1 5 430:514 7
B ჯგუფი
ჰოლანდია-გერმანია 51:82
დანია-ავსტრია 86:72
ა გუნდი თ მ წ სხ ქ
1. გერმანია 6 4 2 495:423 10
2. ჰოლანდია 6 4 2 461:449 10
3. ავსტრია 6 2 4 411:438 8
4. დანია 6 2 4 492:549 8
C ჯგუფი
რუსეთი-შვედეთი 63:59
ა გუნდი თ მ წ სხ ქ
1. რუსეთი 4 4 0 309:253 8
2. ბოსნია 4 2 2 273:308 6
3. შვედეთი 4 0 4 279:300 4
D ჯგუფი
ესტონეთი-პოლონეთი 63:94
პორტუგალია-ბელარუსი 77:62
ა გუნდი თ მ წ სხ ქ
1. პოლონეთი 6 5 1 490:413 11
2. ესტონეთი 6 3 3 429:444 9
3. ბელარუსი 6 3 3 430:437 9
4. პორტუგალია 6 1 5 401:456 7
E ჯგუფი
უკრაინა-სლოვენია 69:80
კოსოვო-ბულგარეთი 62:67
ა გუნდი თ მ წ სხ ქ
1. სლოვენია 6 6 0 536:436 12
2. უკრაინა 6 4 2 467:424 10
3. ბულგარეთი 6 2 4 449:465 8
4. კოსოვო 6 0 6 419:546 6
G ჯგუფი
უნგრეთი-მაკედონია 63:61
ლუქსემბურგი-დ/ბრიტანეთი 82:75
ა გუნდი თ მ წ სხ ქ
1 უნგრეთი 6 6 0 480:413 12
2. დ. ბრიტანეთი 6 3 3 512:479 9
3. მაკედონია 6 2 4 439:473 8
4. ლუქსემბურგი 6 1 5 432:498 7.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ვფიქრობ ზუროსმა გ ა ა მ ა რ ტ ი ვ ა საქართველოს ნაკრების თამაში - ანუ ნაკლებად პუბლიკისათვის თამაში მოითხოვა !
პირდაპირ განაცხადა ერთ-ერთ პრესკოფერენციაზე- ,,მარტივი კალათბურთი მინდაო,,!
როცა პუბლიკაზე თამაშობ -ჭ ა რ ბ ო ბ ს ემოციები,ე მ ო ც ი ე ბ ი ,დადებითი მუხტითაც კი ძ ა ბ ა ვ თ ვითარებას,რაც მოთამაშეებზე გადადის და ს ი მ შ ვ ი დ ე იკარგება,ს ი მ შ ვ ი დ ე კალათბურთის ყველაზე ძლიერი ძალაა,რითაც ვ მ ა რ ც ხ დ ე ბ ი თ გრანდებთან!
გრანდები სწორად, მეტად ს ი მ შ ვ ი დ ი თ თამაშით ამარცხებს მოწინააღმდეგეებს!
ამას + მით ზედმეტი სისწრაფის მოშორება
(ბურთი უაზროდ იკარგება)
,3 -ზე მ ე ტ ა დ თამაში და დაცვაში მეტი ყურადღება და შედეგიც დ ა დ გ ა!
თითო თამაშში 7-10 3 ქულიანი და ნ ე ბ ი ს მ ი ე რ გუნდს მოუგებს საქართველოს ნაკრები (!)
და ორიენტირება მასზე რომ გაკეთდეს ...
აქვე ახალგაზრდების გ ა მ ო ჩ ე ნ ა და გამოცდილების მიღებაცაა საჭირო!