მოვლენა "მწვანე" ჩემპიონი
90-იან წლებში მარადმწვანე ჩემპიონი გვყავდა - "ვითა", რომელმაც 7-ჯერ მოიგო საქართველოს ჩემპიონატი. 2016-მა წელმა კი "მწვანე" ჩემპიონი მოგვიყვანა - "ქუთაისი", რომელიც სუპერლიგაში "მწვანე" ფორმით თამაშობს, ხოლო მის ფანებს "მწვანე ბიჭები" ჰქვიათ. ფერი მოვლენის "გამთავრულებასთან" არაფერ შუაშია, მნიშვნელოვანია ის, რომ ჩემპიონობა
მასპინძელო...
თბილისმა ქალთა შორის 18-წლამდელთა C დივიზიონს უმასპინძლა. ასეთი რამ, ვთქვათ, ბულგარეთში რომ ჩატარებულიყო, წლის მოვლენებში ნამდვილად არ განიხილავდნენ, მაგრამ საქართველომ ხომ პირველად უმასპინძლა ფიბა-ს მიერ ორგანიზებულ შეჯიბრებას. აქ მთავარი ის არის, რომ ფიბა-ს ჩინოსნები იმდენად კმაყოფილები დარჩნენ ორგანიზებით, დაგვპირდნენ - მომავალ წელს, რა ასაკშიც გნებავთ, იმ ასაკში მოგცემთ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მასპინძლობის უფლებასო...
კოკოშკოვის ნაცვლად ზუროსი
იგორ კოკოშკოვი 2016-ის დასაწყისში ღია წერილით დაგვემშვიდობა და კონტრაქტი სლოვენიის ნაკრებთან გააფორმა. მის ნაცვლად ბერძენი ილიას ზუროსი ჩამოვიდა. თავიდან უამრავი შეკითხვა გაჩნდა, მაგრამ ბატონმა ილიასმა დაგვანახვა, რომ კოკოშკოვის გარეშეც შეიძლება შესარჩევზე მაქსიმუმის მიღწევა.რაც მთავარია, კალათბურთელებთან საერთო ენა გამონახა და ტაქტიკაც გაამრავალფეროვნა.
მეოთხე ევროპა
მივადექით ზუროსის ჩამოყვანაზე უფრო მნიშვნელოვან თემას - ევრობასკეტზე ზედიზედ მეოთხედ მოხვედრას. კი არ მოვხვდით, პირველი ადგილით შევიჭერით. საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ეტაპი ზედმეტად დამაჯერებლად ჩაატარა: ალბანეთსა და სლოვაკეთს ორ-ორი მატჩის ჯამში 59-59 ქულის სხვაობით აჯობა, ხოლო მონტენეგროსთან NBA-ს დონის კალათბურთი გააჩაღა. ორი მატჩის ჯამში ბალკანელებსაც აჯობა და წილისყრისას მეოთხე კალათაში მოხვდა.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ევრობასკეტი 2017-ის წილისყრა 22 ნოემბერს გაიმართა და საქართველოს ნაკრები თელ-ავივის ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები იქნებიან ისრაელი, ლიტვა, გერმანია, იტალია და უკრაინა.
საუკუნის ტრანსფერი
მხოლოდ ტრანსფერი წლის მოვლენად იშვიათ შემთხვევაში შეიძლება განვიხილოთ, მაგრამ როდესაც საქმე მეგა-ტრანსფერს ეხება, ნამდვილად შეიძლება ერთ-ერთ მთავარ მოვლენად დასახელდეს. ივნისის დასაწყისში ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტში" გადავიდა. ერთი დღით ადრე ამ გუნდთან კონტრაქტი კევინ დურანტმა გააფორმა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ოკლენდური გუნდი 2017 წელს NBA-ს მოგების მთავარ ფავორიტად იქცა. იგი ერთადერთია კალათბურთის ისტორიაში, რომელშიც ლიგის ორი MVP ერთდროულად თამაშობს.
ზაზამ "ვაშინგტონთან" 20-მილიონდოლარიან კონტრაქტზე უარი თქვა და "გოლდენ სტეიტში" 2.9 მილიონად გადავიდა. მას ინტერვიუებშიც არ დაუმალავს - საჩემპიონო ბეჭდის მოგება სურს.
ივლისშივე დაისვა შეკითხვა: არის თუ არა ეს ქართული სპორტის ისტორიაში ტოპ-ტრანსფერი? დიდი გამოხმაურება მოჰყვა გიორგი ქინქლაძის "მანჩესტერ სიტიში" გადასვლას, თუმცა კახა კალაძე კიევის "დინამოდან" უფრო სახელიან "მილანში" გადავიდა, რომელთან ერთადაც ორჯერ ავიდა ევროპის მწვერვალზე.
ფაჩულიას ჯერ ტიტული არ მოუგია, მაგრამ მისი ტრანსფერი ქართული სპორტის ისტორიაში პირველზე იმიტომ უნდა დავაყენოთ, რომ სადღეისო მონაცემებით, მსოფლიოს პირველ გუნდში, "გოლდენ სტეიტში" მოხვდა. "მილანი" იმხანად ძალიან ძლიერი იყო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარ ფავორიტად არ ითვლებოდა, ლიგაზე ხომ "გალაქტიკო", "რეალი" თამაშობდა...
ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტში" გადასვლა მართლაც სასიამოვნო ამბავი იყო, მაგრამ მოდით, წლის მთავარი საკალათბურთო მოვლენის სტატუსი ნაკრების ევრობასკეტზე გასვლას მივანიჭოთ. ჩვენი გუნდის ევროპული დონის თამაშმა ხომ სპორტის სასახლეც გადაავსო და ათიათასობით ქართველი გაახარა, რასაც ნამდვილად მონატრებულები ვართ.
გმირი
შესარჩევ ეტაპზე მარგი ქმედების კოეფიციენტით (21.4), ქულებით (17.2) და მოხსნებით (8) საუკეთესო ქართველი თორნიკე შენგელია იყო. მან ჩვენი ნაკრების ერთ-ერთ გადამწყვეტ მატჩში, რომელშიც დიდი სხვაობით მოგება გვჭირდებოდა, სლოვაკების კალათს ბუღი აადინა - 31 ქულა ჩააგდო.გარდა ამისა, თოკო "ბასკონიასთან" ერთად ევროლიგაზეც წარმატებულად თამაშობს და როგორც საქართველოს ნაკრებში, კლუბშიც ერთ-ერთი ლიდერია. მის გარჯაზე ბევრი რამაა დამოკიდებული.
წლის საუკეთესოობის პირველი კანდიდატი შენგელიაა. მეორეა ზაზა ფაჩულია. მის ტრანსფერზე ბევრი ვილაპარაკეთ. ერთია ტრანსფერი, მეორე თამაში. თავიდან ზოგიერთი სკეპტიკურად უყურებდა ზაზას "გოლდენ სტეიტში" გადასვლას - ნამდვილ მგლებთან მოხვდა, სათამაშო დრო არ ექნებაო.
იგი მწვრთნელმა სტივენ კერმა სასტარტო ხუთეულისთვის აიყვანა და თუ ზაზა მწყობრშია, ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში იწყებს. მას გუნდში საკმარისზე მეტი ფუნქცია აქვს და რიგ მატჩებში ორმაგ დუბლებსაც ასრულებს.
რომელია 2016 წლის გმირი? ზაზა თუ თორნიკე? რთულია გამორჩევა. ალბათ, ორივე.
რიცხვი 85
თბილისში მონტენეგროსთან 74:76 დავმარცხდით. არავინ ელოდა სტუმრად ჩვენი გუნდის გამარჯვებას, გარდა კალათბურთელებისა. შედეგად ვიხილეთ საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული და ლამაზი მატჩი, რომლის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა: საფინალო სირენამდე ზუსტად 2 წუთით ადრე, როდესაც მასპინძლები 84:79 იგებდნენ, ჯერ მაიკლ დიქსონმა გამოიყენა სამიანი რთული პოზიციიდან, შემდეგ ვიქტორ სანიკიძემ ისეთი დისტანციიდან ისროლა, ჯოტია ცაავაც კი დაფიქრდებოდა - მანაც ჩააგდო და 85:84!თუკი კლავიატურას შეიძლება ჰქონდეს სითამამე, თამამად შეგვიძლია დავწეროთ: ვიქტორ სანიკიძის რეალიზებული სამიანი იყო წლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მომენტი.
- მონტენეგრო-საქართველო 84:90 - ჩვენი მეოთხე ევროპა! [VIDEO]
85 ქულა! გადავასწარით! ეს უკვე ფსიქოლოგიური მოგება იყო! დარჩენილ დროში განწყობა შევინარჩუნეთ და ფაჩულიას ზუსტი საჯარიმოებით 90:84 მოვიგეთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"