ზაზა ფაჩულია დურანტის ტრავმაზე: ფიქრობთ, რომ ეს გამიზნულად გავაკეთე?!

AutoSharing Option
გამოცემა ESPN-ზე "ვაშინგტონი"-"გოლდენ სტეიტის" მატჩის მიმოხილვა კევინ დურანტით იწყება. სათაურიც შესაბამისია - დურანტის ტრავმამ ვაშინგტონში წაგება გადაფარაო:

- ზაზა ფაჩულიამ უნებურად ტრავმა თანაგუნდელ კევინ დურანტს მიაყენა [VIDEO]

"ოკლენდელთა გასახდელში მუდამ კაკაფონიაა, მაგრამ "ვიზარდსთან" შეხვედრის შემდეგ ყველა დუმდა. 10 წუთის განმავლობაში არავინ არაფერს ამბობდა. ყოველთვის კარგად მოსაუბრე დრეიმონდ გრინიც გაჩუმებულიყო...

ყველა წაგებას განიცდიდა. ამ გუნდისთვის ხომ მარცხი იშვიათობაა. თუმცა იყო კიდევ ერთი მიზეზი - ტრავმა მიიღო კევინ დურანტმა, რომელმაც სწორედ "ვაშინგტონთან" დაასრულა 562-მატჩიანი სერია, რომლის განმავლობაშიც თითოეულში მინიმუმ 10 ქულა ჰქონდა
მოგროვებული.

მატჩის პირველივე წუთზე "გოლდენ სტეიტის" ფარქვეშ იუხეშა გორტატმა, რომელმაც ფაჩულია ხელით დაქაჩა და ზურგსუკან გადააგდო. ზაზა თანაგუნდელ დურანტს მუხლზე დაეჯახა და სწორედ ამის გამო დატოვა კევინმა მოედანი.

- სათამაშო მომენტი იყო, - იხსენებს ფაჩულია. - ნამდვილად ვერ დავინახე, თუ ჩემ უკან ვინმე იდგა.

მას მედიელებმა კიდევ არაერთი შეკითხვა დაუსვეს. ზაზამ ბოლოს კითხვა შეუბრუნა:

- ფიქრობთ, რომ ეს გამიზნულად გავაკეთე?!

ცხადია, ზაზას ამაში ვერავინ დაადანაშაულებს. როდესაც რამე ცუდი ხდება, ვინმე გაწბილებულია, ეძებს, ვის დააბრალოს... არადა, აქ ყველაფერი შემთხვევითობა იყო.

კევინ დურანტის ტრავმის სიმძიმეზე ჯერ მხოლოდ ზოგადი ვარაუდი შეიძლება. ზოგიერთი წყაროს ვერსიით, იგი სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს, ზოგის თქმით - "გოლდენ სტეიტს" პლეი ოფებისთვის დაუბრუნდება, ექიმების ოფიციალური დასკვნა კი ჯერ არ გამოქვეყნებულა.

ოკლენდელთა ხელმძღვანელობას გადაწყვეტილი ჰქონდა ესპანელი უკანახაზელის, ხოსე კალდერონის დამატება, თუმცა დურანტის ტრავმამ გეგმა წამიერად შეაცვლევინა და "გოლდენ სტეიტმა" საკრამენტოელი ფორვარდი მეტ ბარნსი აიყვანა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული