მამის სულის გამგრძელებელი - San Francisco Chronicle ზაზა ფაჩულიაზე

AutoSharing Option
გამოცემა "სან ფრანცისკო ქრონიკლმა" ვრცელი, ძალიან საინტერესო პუბლიკაცია მიუძღვნა ზაზა ფაჩულიას. შესავალი სიტყვა საჭირო არ არის, პირდაპირ თარგმანს შემოგთავაზებთ. ავტორი: კონორ ლეტურნო.

დავით ფაჩულია 39 წლისა იყო, როდესაც მშობლიურ თბილისში დატოვა ყველა, მეუღლე, დედა, სამსახური და სტამბოლში, ორსაწოლიან ბინაში გადავიდა. იქ თავის თინეიჯერ შვილთან ერთად ცხოვრობდა. მიზეზი მარტივი, თუმცა ძნელად შესასრულებელი იყო: დახმარებოდა ზაზას, 14 წლის შვილს თურქულ გარემოსთან, იქაურ კალათბურთთან შეგუებაში
და ოცნებების ახდენაში. ოცნება კი თამამი იყო - NBA.

1998 წლის გაზაფხულზე დავითი ჭაბუკი შვილის არც ვარჯიშებს აცდენდა და არც თამაშებს, აქტიურად იყო ჩართული ვაჟის სპორტულ ცხოვრებაში. იყო შემთხვევა: როდესაც ზაზას მეტოქეებთან ჩხუბი მოუვიდა, მამამ კინაღამ შტურმით აიღო მოედანი...

- თურქეთში წასვლამდეც ძალიან ახლოს ვიყავით, თუმცა სტამბოლში მამაჩემთან კიდევ უფრო ახლოს მივედი, - ამბობს ზაზა. - ჩვენ ხომ ორნი ვიყავით, ორი ქართველი დიდ ქალაქში.

მამა-შვილი სტამბოლში დიდი ხნით აპირებდა დარჩენას, თუმცა "ულქერიდან" საზაფხულო არდადეგებისას თბილისში რომ დაბრუნდნენ, დავით ფაჩულია ექიმთან მორიგი ვიზიტისას გულის შეტევით გარდაიცვალა. ორი ათწლეულის შემდეგ ზაზა "გოლდენ სტეიტ უორიორსთან" ერთად საჩემპიონო მარათონში ჩაერთო, თუმცა მამამისზე მაინც ყოველდღიურად ფიქრობს.

რეალობამ გადააჭარბა ყველა მიზანს, რასაც მამა და შვილი სტამბოლის ბინაში ისახავდნენ. საქართველოს NBA-ში ერთადერთი კალათბურთელი ჰყავს. იგი 3.7 მილიონი ქართველის სათაყვანებელი ადამიანია. ზაზა ხომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში თამაშობს - "გოლდენ სტეიტის" სასტარტო ხუთეულშია "ოლ სტარის" ოთხ მონაწილესთან ერთად.

ფაჩულიას ახლაც ჰყავს თანამგზავრები - შვილები დაჰყვებიან ყოველი ფეხის ნაბიჯზე, ვარჯიშებზე, თამაშებზე...

- ზაზასთვის დღევანდელი სიტუაცია სახალისოა, თუმცა ვიცი, ჰქონდა ძალიან მძიმე დრო. ძალიან უნდა, მამამისიც მის გვერდით იყოს, - ამბობს ზაზას მეუღლე თიკა ფაჩულია.

* * *
1989 წლის 10 აპრილს 5 წლის ზაზა ფანჯრიდან ხედავდა, როგორ გამოფინეს მეზობლებმა შავი დროშები მწუხარების ნიშნად, წინა დღით ხომ ანტისაბჭოთა აქცია საბჭოთა ტანკებმა სისხლით ჩაახშვეს - 19 ადამიანი დაიღუპა და ასეულობით დაშავდა.

პატარა ზაზასთვის, ისევე, როგორც მისი თანამემამულეებისთვის ეს ტრაგედია საბჭოთა რუსეთთან დაპირისპირების საფუძვლად, ორი წლის შემდეგ კი დამოუკიდებლობის მოპოვების საწინდრად იქცა. ახალი სახელმწიფო დიდი სირთულეების წინაშე აღმოჩნდა, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის შენარჩუნებას ცდილობდა, მაგრამ ვერ ახერხებდა. მუდმივი წყალი და ელექტროობა ფუფუნების საგნად იქცა.

ფაჩულიას ესმოდა, რომ უკეთესი ცხოვრებისთვის აუცილებელი იყო სწავლაზე კონცენტრირება. მისი მშობლები ყოველწლიურად 500 დოლარს იხდიდნენ სულეიმან დემირელის კოლეჯში სწავლისთვის. იმხანად ეს იყო თბილისში ერთ-ერთი იშვიათი კერძო სკოლა. მაშინ საქართველოში შეფასების 5-ბალიანი სისტემა მოქმედებდა და ზაზასთვის 5-ზე დაბალი ნიშანი არ არსებობდა.

ერთ დილას, 8 წლის ბავშვს მშობლების ოთახიდან კამათის ხმა შემოესმა. დედა და მამა შვილის მომავალზე ვერ თანხმდებოდნენ. დავითი ძიუდოისტი იყო და სურდა, შვილიც მის გზას გაჰყოლოდა, დედა, მარინა კი საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ასაკის კალათბურთელთა ნაკრებში ფორვარდად თამაშობდა. მეორე დღისით დედამ ზაზას ორი სურათი მიუტანა: ერთი - ტანმაღალი, მხარბეჭიანი კალათბურთელისა, მეორე - მოჭიდავისა.

- ოჯახური ბრძოლა დედამ მოიგო, - ამბობს "გოლდენ სტეიტის" ცენტრი. - იოლად მოიგო, სულ რაღაც სამ-ოთხ წუთში.

1998 წლის ზამთარში, ერთ მშვენიერ დღეს, ზაზა სასწავლებლის დირექტორის კაბინეტში დაიბარეს. მას იქ თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ელოდა. თურმე, დასვენებაზე გამოსული 14 წლის ტანმაღალი ბიჭი რომ დაუნახავს, მისი ვინაობით დაინტერესებულა. ზაზამ კოლეჯის ეზოშივე ჩააბარა საჭირო ტესტი და რამდენიმე დღის შემდეგ "ულქერსპორის" გენერალური მენეჯერის ასისტენტისგან საკონტრაქტო შეთავაზება მიიღო.

სტამბოლელები პერსპექტიულ ქართველს "ულქერსპორის" ახალგაზრდულ გუნდში ჩარიცხვას ჰპირდებოდნენ, ბინის, სწავლისა და კვების პრობლემა არ შეგექმნებაო.

მშობლები უცხო ქვეყანაში, უცხო გარემოში შვილს მარტოს ვერ გაუშვებდნენ. ერთ-ერთს სამსახური უნდა დაეტოვებინა. ეს დავით ფაჩულიამ გააკეთა, რომელიც მანამდე ავტობუსზე მუშაობდა.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ხუთი თვის განმავლობაში დავითი ზაზაზე არანაკლები ულქერელი გახდა. შვილი მამას კითხვას კითხვაზე უსვამდა, გოგონების თემით დაწყებული, წვერის გაპარსვით დამთავრებული. როდესაც იგი სკოლაში იყო, დავითი თურქულს სწავლობდა, რათა გაიოლებოდა ახალ სამსახურში ადაპტაცია. მას ხომ თურქები შოკოლადის ფაბრიკაში მოწყობას ჰპირდებოდნენ, რომელიც "ულქერსპორის" მეპატრონეს ეკუთვნოდა.

- მამა მელაპარაკებოდა ოჯახზე, ხალხის პატივისცემაზე, ყველაფერ კარგზე... მასწავლა, როგორი უნდა იყოს კაცი.

Sportall.Ge
ფოტოზე: ზაზას ბიძა, მარინა კოდუა, პატარა ზაზა და დავით ფაჩულია

* * *
90 წუთით ადრე "გოლდენ სტეიტი"-"კლიპერსის" მატჩამდე (23 თებერვალს), ზაზამ ტყორცნები რომ დაასრულა, სათადარიგოთა სკამზე მჯდომ შვილებს, 8 წლის დავითს და 7 წლის საბას მიუბრუნდა - შესრულებულია.

NBA-ში გატარებული 14 წლის განმავლობაში ქართველმა ცენტრმა ხუთი გუნდი მოიარა და ისწავლა, როგორ შეუთავსოს ოჯახური ცხოვრება საკალათბურთოს. დავითი და საბა სკოლიდან მოცალეობის ჟამს მამის გვერდით "გოლდენ სტეიტის" სავარჯიშო დარბაზში მიდიან, თავადაც ტყორცნებზე ვარჯიშობენ და თან ვარსკვლავებს აკვირდებიან - კევინ დურანტისა და სტეფ კარისგან უამრავი რამის სწავლა შეიძლება.

ზაზა ფაჩულიაც სწავლობს - ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საზაფხულო გაკვეთილები გაიარა ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის კელოგის მენეჯმენტის სკოლაში, ემორის უნივერსიტეტის გოიზუეტას ბიზნესსკოლაში და ჰარვარდის ბიზნესსკოლაში. დილის ვარჯიშისა და შუადღის დასვენების შუალედში იგი ტელეფონით ხშირად მართავს კონფერენციებს თავის ბიზნესპარტნიორებთან დედამიწის მეორე ნახევარში. დედამისი, რომელიც თბილისში ცხოვრობს, ეხმარება ორი სასტუმროს მართვაში.

ბოლო ორი წელია, ფაჩულიას სამშობლოში საკუთარი აკადემია აქვს. მასში 500 ბავშვი ვარჯიშობს. აკადემია სწორედ იმ კომპლექსშია, სადაც თავად ზაზამ დაიწყო კალათბურთის თამაში. მაშინ იატაკი ისეთ მდგომარეობაში იყო, ბურთი ალაგ-ალაგ ვერც ხტუნავდა. გათბობის სისტემის არქონის გამო მომავალი კალათბურთელები ქუდითა და თათმანებით ვარჯიშობდნენ.

დღეს კომპლექსი შედგება ოთხი საკალათბურთო მოედნისგან, კეთილმოწყობილი გასახდელებისგან, მოსაცდელისგან, სასადილოსგან და სასტუმროს ტიპის ოთახებისგან. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზაზამ "მილუოკის" "ბრედლი სენთერის" პარკეტი შეიძინა და სამშობლოში გემით 267 ნაწილად დაშლილი ჩაიტანა.

- მამაჩემმა თურქეთში ჩემთან ერთად გაიზიარა ოცნება NBA-ზე. ყოველივე, რასაც დღეს მივაღწიე, რა გზაც გავიარე, სწორედ მისთვისაა...

* * *
სტამბოლიდან თბილისში ორი კვირის დაბრუნებული იყო. 1998 წლის 30 ივნისს საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების ვარჯიშიდან შინ მისულს არავინ დახვდა. კარი დაკეტილი იყო. მეზობლის ბავშვებთან თამაშით გაერთო, ვიდრე დედამისმა მეგობრის მანქანით საავადმყოფოსკენ არ გააქანა. სწორედ იქ, სადაც დავითს იმავე დღისით ექიმთან შეხვედრა ჰქონდა დანიშნული. მოსაცდელში მარინა ფაჩულიამ იკითხა - ვინმეს რამე ხომ არ შეემთხვაო.

- დიახ, - უპასუხა ქალმა, - გვარად ფაჩულია...

15 წლის თავზე, რაც სპორტული კარიერა დაასრულა, დავითმა სიგარეტის მოწევა დაიწყო. დღეში ერთ კოლოფზე მეტს ეწეოდა. იგი წამლებს იღებდა, რადგან გულის ორი შეტევა ჰქონდა გადატანილი.

როგორც შემდეგ გაირკვა, 30 ივნისს დავით ფაჩულიამ თავის ექიმს მიაკითხა, მესამე სართულზე ადიოდა, როდესაც გულმა უმტყუნა. ექიმების ყოველგვარმა მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა.

ზაზას "ულქერსპორში" სამი კვირის შემდეგ ელოდნენ, მაგრამ ბავშვს ერთადერთი საფიქრალი ჰქონდა, როგორ მოევლო დედისთვის. უთხრა კიდეც - კალათბურთს თავს ვანებებ, რადგან ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი შენი ჯანმრთელობააო.

"ულქერის" ხელმძღვანელებმა ფაჩულიას ხელფასი იმდენად გაუზარდეს, რომ შესძლებოდა ოჯახის სტამბოლში შენახვა. დედამ უარი თქვა პედიატრიულ საქმიანობაზე და შვილთან ერთად სტამბოლში გაემგზავრა.

- გადაწყვეტილი მქონდა, ჩემი ოცნება მიმეტოვებინა და დედას გვერდში დავდგომოდი, მაგრამ მან არ დამანება, - იხსენებს ზაზა.

* * *
ორი წლის განმავლობაში ფაჩულია ნელ-ნელა უშინაურდებოდა "ულქერსპორის" პირველ გუნდს. მისი სათამაშო მონაცემები მალევე მოექცა სკაუტების ყურადღების არეალში. 2003 წლის დრაფტზე 19 წლის ზაზა "ორლანდო მეჯიქმა" 42-ე ნომრად აიყვანა.

ხუთი ქართველიდან, რომლებსაც NBA-ში უთამაშიათ, ფაჩულიას განსხვავებული, ხანგრძლივი კარიერა აქვს. თბილისის ცივ დარბაზებში ვარჯიშით მიღებული გამძლეობით, ბრძოლისუნარიანობით, იგი ნაციონალური ლიგის ერთ-ერთ ყველაზე გაუვალ ცენტრად იქცა.

ქართველთა წყალობით, მან "ოლ სტარის" გამოკითხვაში ხმების ის რაოდენობა მიიღო, ბოლო ორ სეზონში ვარსკვლავთა მატჩს ძალიან რომ მიაახლოვა. თუმცა არაორდინარული რამ მაინც არ მოხდა - 7.1 ქულისა და 6 მოხსნის მქონე კალათბურთელი "ოლ სტარში" ვერ მოხვდა.

გასულ ზაფხულს, რამდენიმე სარფიან კონტრაქტზე უარის თქმის შემდეგ, ფაჩულიამ "გოლდენ სტეიტთან" ერთწლიანი, 2.9-მილიონდოლარიანი ხელშეკრულება გააფორმა. ეს ხომ შანსი იყო, გამხდარიყო პირველი ქართველი NBA-ს ჩემპიონი.

გამარჯვებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ იგი ოჯახზე ორიენტირებულ ორგანიზაციაში აღმოჩნდა.

სეზონის დასაწყისში მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა ზაზას ორივე ვაჟი გუნდის გასვლით ტურნეზე დაპატიჟა. ეს გახლდათ გრეგ პოპოვიჩის მიერ "სან ანტონიოში" დამკვიდრებული პრაქტიკა, სადაც სტივ კერი 2000-იანების დასაწყისში თამაშობდა. შვილებთან ერთად უცხო ქალაქების საკალათბურთო დარბაზებში მოგზაურობა ზაზას იმ ხუთ თვეს ახსენებს, მამასთან ერთად სტამბოლში რომ გაატარა.

- მალე მოვა დრო, როცა შვილებს ამ ისტორიას მოვუთხრობ, - ამბობს ზაზა ფაჩულია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
მხოლოდ კარგის ღირსი ხარ, გაიხარე ოჯახით.....
ირაკლი
12:14 24-03-2017
0
უფლის მადლით ყველაფერი იქნება კარგად! გაიხარე ზაზა და გაგვახარე!
დავითი
22:59 23-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული