ზაზა ფაჩულია: გზაზე ბევრი წინაღობა შემხვდა, მაგრამ ხედავთ, სადამდე მოვედი?

AutoSharing Option
NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალის წინ გამოცემა Sporting News-მა ზაზა ფაჩულიასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

შეგახსენებთ, რომ "გოლდენ სტეიტის" ქართველი ცენტრი კარიერაში პირველად ითამაშებს კონფერენციის ფინალში, ხოლო თუ გუნდთან ერთად "სან ანტონიოს" დაამარცხებს, ეს მისი პირველი ამერიკული ტიტული იქნება.

"ზაზა ფაჩულიამ გაიფიქრა, რომ ეს უნდა ყოფილიყო "ის" სეზონი. იგი 33 წლისაა, 14 სეზონი გაატარა NBA-ში, 5 274-ჯერ მოხსნა ბურთი ფარიდან, დააყენა ათასობით "სქრინი" თანაგუნდელებისთვის, სხვა ბევრთან ერთად წყობიდან გამოიყვანა კევინ გარნეტი, მაგრამ ერთი რამ კვლავ მიუღწეველი რჩება - ზაზას ამერიკულ კ
არიერაში ერთხელაც არ ჩაუგდია სამქულიანი.

რაც ფაჩულია ლიგაშია, საშუალო გუნდი თამაშში 5,2 სამქულიანს აგდებდა, გასული სეზონისთვის ეს ციფრი გაორმაგდა - 9,7 სამქულიანი თამაშში. "უორიორსი" საშუალოდ 12 სამქულიანს აგდებს თამაშში. მაგრამ ფაჩულია? 14 წელიწადში 28 მცდელობა და არც ერთი ჩაგდებული ბურთი.

გასულ ზაფხულს, როცა ფაჩულიამ საუკეთესო მსროლელ გუნდთან მოაწერა ხელი, ყველას ეგონა, რომ ნავსი გატყდებოდა. "მეც ასე მეგონა, მაგრამ მე კიდევ ძიებაში ვარ, ჩემო მეგობარო, კიდევ ძიებაში. ეს ბიჭები კარგად არ მასწავლიან ეტყობა სამიანების სროლას. დრო მჭირდება, ერთი წელი საკმარისი არ ყოფილა", - Sporting News-სთან ინტერვიუში ხუმრობის ხასიათზეა ზაზა.

ფაჩულიას ეგონა, რომ ეს დღე "პორტლენდთან" I რაუნდის მატჩში დადგა. მისი წინა 28 მცდელობიდან დიდი ნაწილი მეოთხედის ბოლო წამებზე ლამის საკუთარი ნახევრიდან სროლებზე მოდის, მაგრამ "პორტლენდთან" ზაზა "სასროლ" დისტანციაზე იყო. "ეს ლეგიტიმური სროლა იყო. ცუდი ისაა, რომ ვერ ჩავაგდე, მაგრამ კარგია, რომ ბურთი ფარს მაინც გავარტყი", - ხუმრობს ზაზა.

ახლა ზაზას ამაზე ფიქრის დრო არ ექნება, მის კარიერაში პირველი ფინალია. ის "უორიორსის" სასტარტო ხუთეულის მეხუთე კაცია, მაგრამ ვარსკვლავების, სტეფ კარის, კლეი ტომპსონის, დრეიმონდ გრინისა და კევინ დურანტის ჩრდილშია.

მაგრამ მან კარგად გაითავისა თავისი როლი "უორიორსის" გუნდში: დაცვა, "სქრინების" დაყენება და მოხსნები.

ფაჩულია ამ სეზონში საშუალოდ 6,1 ქულასა და 5,9 მოხსნას აკეთებს თამაშში. ის 18,1 წუთს თამაშობს საშუალოდ, გუნდი დანარჩენ დროს წარმატებით იყენებს თავისივე გამოგონებული "დაბალ" ხუთეულს. "გოლდენ სტეიტმა" სეზონში 67 მატჩი მოიგო, რაც ყველაზე მეტია და ახლა ზაზა არის ბეი არენაზე და ელოდება თავის პირველ ფინალს.

"ეს დიდი პრივილეგიაა ჩემთვის. ვთამაშობ ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელთან, საუკეთესო კალათბურთელებთან, რომელთაგანაც ბევრი რამ ვისწავლე, როგორ მოიქცე სწორად მოედანზე კონკრეტულ მომენტში", - აღნიშნავს ზაზა, რომლისთვის ეს სეზონი მუდამ სასიამოვნო კრუიზი არ ყოფილა - "როცა შეხედავთ გუნდის განაცხადს, აღფრთოვანდებით. გუნდს, თითქოს, მოტორი აქვს ჩართული და მუშაობს მანქანასავით, ყველაფერი რიგზეა. მაგრამ აქამდე მოსასვლელად საჭირო იყო ბევრი მუშაობა, საკმაო დრო დაგვჭირდა შესათამაშებლად.

ადრე თამაშებს მეტოქესთან შედარებით მეტი ნიჭიერი კალათბურთელის ხარჯზე ვიგებდით. საუკეთესო კალათბურთელებსაც კი გარკვეული დრო სჭირდებათ, რომ სინქრონულად იმუშაონ, აეწყონ, ჩამოყალიბდეს ურთიერთგაგება მოედანზე. ბევრი შეცდომა უნდა დაუშვა, სანამ ლამაზ კალათბურთს ითამაშებ".

მეტიც, თავიდან სწორედ ფარის დაცვა ითვლებოდა "გოლდენ სტეიტის" სუსტ წერტილად. რამდენად შეუძლია ენდრიუ ბოგუტის შეცვლა ფაჩულიას, ეს იყო ჩრდილოეთ კალიფორნიის საკალათბურთო ფანების დისკუსიის მთავარი თემა. პირველი ორი კვირა მართლაც ცუდი იყო - გუნდი ზაზასთან ერთად საშუალოდ 4 ქულით ცუდი იყო, ვიდრე მის გარეშე.

რადგანაც თავიდან დიდი აქცენტი იყო გადატანილი განახლებულ "უორიორსზე", კევინ დურანტის დამატებაზე, ზაზა ფაჩულიამ იმაზე მეტი კრიტიკული გამონათქვამი მოისმინა საკუთარ თავზე, ვიდრე მის მთელ კარიერაში.

"არასოდეს მითამაშია გუნდში, რომლისგანაც ასე ბევრს ითხოვენ. მიუხედავად იმისა, რომ კარგ გუნდებში მითამაშია, ასეთ სიტუაციაში ცხოვრებაში პირველად მოვხვდი. ყველა ითხოვს ჩემპიონის ტიტულს და არაფერს სხვას.

ასევე, "უორიორსი" პოპულარულია მთელ მსოფლიოში, ის ყველას ყურადღების ცენტრშია. მარტო ჩვენი ფანები კი არა, ოპონენტთა ფანებიც გვაკვირდებიან. ეს გუნდი კარგად თამაშობდა ძველი შემადგენლობით ორი წლის განმავლობაში.

და ამ დროს მოვედი მე, ბოგუტის შემცვლელად, რომელიც ფანების ფავორიტი კალათბურთელი იყო. ყველას გაუჩნდა კითხვა, შევძლებდი კი მე მის შეცვლას" - ჰყვება ფაჩულია.

ფაჩულია აღიარებს, რომ პირველ კვირებში კარგად ვერ თამაშობდა. თქვენ ბევრჯერ მოგისმენიათ ვარსკვლავებისგან, რომ მედიის და ფანების კრიტიკას ყურადღებას არ აქცევენ. მაგრამ ფაჩულია განსხვავებულია, ის ინტერნეტში ეცნობოდა ნეგატიურ გამოხმაურებებს. უსმენდა კომენტარებს, ეს იყო რთული მისთვის:

"თავიდან ძალიან ბევრ გამოხმაურებას ვკითხულობდი. ყველაფერს ვგებულობდი. ვფიქრობ, ეს არ იყო კარგი გადაწყვეტილება. მადლობა მწვრთნელებს, რომელთაც "მაიძულეს", არ მესმინა კრიტიკოსებისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანია, მოუსმინო შენს მწვრთნელებს, შენს თანაგუნდელებს და არა კრისიტიკოსებს. მთავარია, რომ გუნდელებმა იგრძნონ თავი შენთან ერთად კომფორტულად გუნდში. მივხვდი, რომ ისინი ჩემ მხარეს იყვნენ და ეს დიდი მოტივაცია იყო.

როცა შევწყვიტე ყველაფრის გაცნობა, თამაში გამიადვილდა. რადგან მხოლოდ რეალური კრიტიკა მაინტერესებდა და არა ის, რომელსაც შეგიძლია ყურადღება არ მიაქციო. კრიტიკა შენი გუნდელებისგან და მწვრთნელებისგან.

... და წლის ბოლოსთვის "უორიორსი" საშუალოდ 6 ქულით უკეთესი იყო ფაჩულიასთან ერთად, ვიდრე მის გარეშე.

თავიდან, ფაჩულია ალბათ, ფიქრობდა კიდევაც, რომ "უორიორსში" გადასვლა შეცდომა იყო. ზაფხულში NBA-ს მაღლებმა კარგ კონტრაქტებს გამოჰკრეს ხელი - ტიმოფეი მოზგოვი და იან მეინმი სეზონში 16 მილიონ დოლარს იღებენ, ელ ჯეფერსონი - 10-ს. ფაჩულიამ გადაწყვიტა, ფულის ნაცვლად ამბიციური კლუბი აერჩია.

მან მხოლოდ 2,9 მილიონი მიიღო და ბოგუტის შემცვლელად მივიდა საჩემპიონო გუნდში. ზაზა ამბობს, რომ გადაწყვეტილება არასოდეს უნანია და არც ფინანსური წაგება ამ კონტრაქტის გამო:

"ორი რამაა - პირველი, ეს იყო სარისკო გადაწყვეტილება, მაგრამ მე მივიღე ის, რადგან რისკს არ ვუშინდები. თუ ყველაფერი ისე არ წარიმართებოდა, როგორც ვგეგმავდი, ეს იქნებოდა კარგი გამოცდილება ჩემთვის. ამის გამო ტირილს არ დავიწყებდი. მეორე, მიხარია, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე, რადგან საოცარი სეზონი და მოგზაურობა გვაქვს პლეი ოფში. წინ კიდევ უფრო კარგი დროება გველის ფინიშთან ახლოს. ეს ძალიან სპეციალური მომენტია ამ საოცარ კლუბთან ერთად. ამ გუნდის წევრობა ფულით შეუფასებელია", - ამბობს ზაზა.

და შესაძლოა, სეზონის ბოლოს ზაზამ "თავისი" სამქულიანი ჩააგდოს. "ზოგჯერ ისეთ სიტუაციაში ხართ, რომ დაჩქარება არ ივარგებს. ახლა სწორედ ეს დროა ჩემთვის. დრო მინდა, ერთხელაც ჩავაგდებ ამ სამქულიანს, რადგან შემიძლია, მაგრამ დამეთანხმეთ, ეს იოლი არაა. ჩემ გზაზე ბევრი წინააღმდეგობა შემხვდა, მაგრამ შეხედეთ, სადამდე მოვედით".
მკითხველის კომენტარები / 12 /
ალალია შენთვის საჩემპიონო ბეჭედი!!!!წარმატებები კარგო კაცო....
ზაზა
11:58 13-05-2017
0
ჭორიკანა თან კაცი მაგრად ტეხავს.
odalas
11:40 13-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული