ზაზა ფაჩულია: "ატლანტაში" დარჩენა მინდა, მაგრამ...

AutoSharing Option
1-ელ ივლისს ზაზა ფაჩულიას კონტრაქტი დაუსრულდა "ატლანტა ჰოქსთან" და ის თავისუფალი აგენტი გახდა.

HOOPSWORLD-თან სატელეფონო ინტერვიუში ქართველმა ცენტრმა განაცხადა, რომ მას კარიერის გაგრძელება ისევ "ატლანტაში" სურს, თუმცა სხვა კლუბებსაც დაელაპარაკება.

გამოცემის აზრით, "ატლანტაში" გატარებულმა 8 სეზონმა ფაჩულია ლიგაში ერთ-ერთ საუკეთესო სარეზერვო ცენტრად აქცია, რის გამოც მასზე ინტერესი დიდია. მათ შორის "პორტლენდიც" აქტიურობს.

"თავისუფალ ბაზარზე ბევრი კარგი ცენტრია, მათ შორის, დუაიტ ჰოვარდი. ალბათ, ჩემ შესახებ კლუბი გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს. რა თქმა უნდა, მე მსურს ისევ აქ ვითამაშო, "ატლანტაში", სადაც 8 დიდებული
სეზონი გავატარე".

ამასთან, ზაზა არ გამორიცხავს, რომ წავა ჯორჯიიდან:

"ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ბიზნესია. ამიტომაც ყველა წინადადებას მოვისმენ და ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებ, რომელიც ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის საუკეთესო იქნება"
.

ფაჩულია ბოლო სეზონში 5,3 მილიონ დოლარს გამოიმუშავებდა. ახალ სეზონში თავისუფალი აგენტებისთვის "ატლანტას" ჯამში 30 მილიონი დოლარი ექნება დასახარჯი, თუ ისინი შეძლებენ დუაიტ ჰოვარდის გადაბირებას. დანარჩენი ადგილებიც შესავსები ექნებათ, ამიტომ ფაჩულიას ადგილი "ატლანტაში" არ დარჩება.

"ატლანტა ჩემი სახლია. ეს საეჭვოც არაა, მაგრამ კარგად მესმის კლუბის ხელმძღვანელობის, მათ ამ ზაფხულს ძალიან ბევრი საქმე აქვთ მოსაგვარებელი. ხელმძღვანელობას ჩემს საკითხზე ჯერ არაფერი უთქვამს, თუმცა მაიმედებს სეზონის ბოლოს დამშვიდობება დენი ფერისთან, ასევე, მოკლე საუბარი ახალ მწვრთნელ ბადენჰოლცერთან.

ფერიმ ძალიან კარგად დამახასიათა ახალ მწვრთნელთან. თუმცა, თუ მაინც ვერ დავრჩები "ატლანტაში", არ მეწყინება".

თუკი ფაჩულია "ატლანტაში" ვერ დარჩება, მაშინ პირველ რიგში ის ისეთი გუნდით დაინტერესდება, რომელსაც პლეი ოფში გასვლა შეუძლია, ან მომავალ სეზონში თამაშის გაუმჯობესებას აპირებს.

"ზედიზედ 6 წელია, პლეი ოფში ვთამაშობთ და ამით, კარგი გაგებით, მოვიწამლე. ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს ისეთ გუნდში თამაში, რომელსაც პლეი ოფის საგზურის მოპოვება შეუძლია.

პლეი ოფში სულ სხვა მატჩებია, რომელიც ჩემს
სათამაშო სტილს უფრო ერგება. ამიტომ მსურს ასეთ გუნდში თამაში, თუმცა შემიძლია რომელიმე სხვა კლუბს ჩემი საპლეიოფო გამოცდილებაც შევთავაზო წინსვლისთვის".

ოპერაციის გამო ზაზამ რეგულარული სეზონის 30 მატჩი გამოტოვა და საერთოდ ვერ მიიღო მონაწილეობა წლევანდელ პლეი ოფში. თუმცა ქართველი ირწმუნება, რომ საწვრთნელი ბანაკისთვის, რომელიც ოქტომბერში იხსნება, მზად იქნება.

"დიახ, საწვრთნელი შეკრებისთვის 100%-ით მზად ვიქნები. მზადყოფნაში ვგულისხმობ კარგ ფორმაში ყოფნას. თავიდან ექიმმა მითხრა, რომ 4-6 თვე დამჭირდებოდა მკურნალობა.

ოპერაცია 3 აპრილს გავიკეთე და გამოჯანმრთელების პროცესი შესანიშნავად მიმდინარეობს. თუ რაიმე შეფერხება არ მოხდა, ბანაკისთვის მზად ვიქნები.

ჩემს
შემთხვევაში გრძელი ზაფხული კარგია, ამერიკაში კალათბურთელები უკეთ ისვენებენ, ევროპაში ამდენი დასვენების ფუფუნება არა აქვთ".

ზაზა ფაჩულიამ გასული სეზონის 52 მატჩში გუნდს საშუალოდ 5,9 ქულა და 6,5 მოხსნა მოუტანა.

ასევე იხილეთ:
CNN: ზაზა ფაჩულიას "პორტლენდი" ელაპარაკება!
მკითხველის კომენტარები / 2 /
bnb არ იცი კალათბურთი, სხვა რამე იკთხე და წერე. ნეტა 12 ზაზას კლასის კალათბურთელი მოგვცა, ეგრევე ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიჩითებოდით.
nugzari
00:08 04-07-2013
0
> 8 სეწონმა კარგ სარეზერვო ცენტრად აქცია!? ფეხბურთშიც იგივე უბედურებაა - კარგი სარეზერვო მოატამაშეები ყავს საქართველოს.
0

სიახლეები პოპულარული