"ხალხს უყვარს ზაზა ფაჩულია.
ქართველი ცენტრი "ორლანდოს" დარბაზის შესასვლელთან რამდენიმე ადამიანს გაეჩერებინა და "მილუოკიში" გადასვლას ულოცავდა. ზაზაც ყველას ღიმილით ეგებებოდა და ხელს გულითადად ართმევდა.
ფაჩულიასაც უყვარს ხალხი.
მისი თამაშის შესახებ ყველას საკუთარი მოსაზრება აქვს, მაგრამ ერთი ფაქტია - ზაზა ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კალათბურთელია. იგი დიდად აფასებს მეგობრობას, ნაცნობობას.
ამიტომაც დარჩა "ატლანტაში" ცხრა წელიწადი და როცა კლუბის გამოცვლა დადგა დღის წესრიგში, იქ წავიდა, სადაც კარგად იცნობდნენ -
- თითქოს შინ ვბრუნდები. მართალია, "მილუოკიში" მხოლოდ ერთი წელი ვითამაშე, მაგრამ დარბაზშიც კომფორტულად ვგრძნობდი თავს და ხალხთანაც კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა.
დარწმუნებული ვარ, ასეთივე კარგი სიტუაცია დამხვდება მომავალ სეზონში.
თუმცა ფაჩულიას გუნდში ის ხალხი არ იქნება, ვისთანაც 2004-05 წლებში მუშაობდა. სამაგიეროდ, ატლანტელი ნაცნობი მთავარი მწვრთნელი ლარი დრიუ დახვდება.
გასაკვირი არ არის, რომ ორლანდოში ზაზა სწორედ მეგობრობამ ჩამოიყვანა:
- აქ თორნიკე შენგელიას თამაშის საყურებლად ვარ. იგი ჩემთვის უმცროსი ძმასავითაა. ქართველები ასეთ ურთიერთობას ძალიან ვაფასებთ, - ამბობს "მილუოკის" მეფარე.
შენგელია ორლანდოს საზაფხულო ლიგაზე "ბრუკლინთან" ერთად თამაშობს. გასულ სეზონში "ნეთსში" 19 მატჩი ჩაატარა, თუმცა სათამაშო დრო არასაკმარისად ჰქონდა. აი, რას ამბობს მის შესახებ ზაზა ფაჩულია:
- იგი დიდ კალათბურთს ითამაშებს, თუმცა ბევრი რამ აქვს გამოსასწორებელი. ვფიქრობ, მომავალ სეზონში "ბრუკლინის" სათანადოდ დახმარებაც შეუძლია.
ფაჩულიას ზაფხულში დასვენებისა და ახლობლების მონახულებისთვის დრო აქვს, ხოლო, სეზონი რომ დაიწყება, "მილუოკისთან" ერთად პლეი ოფის საგზურისთვის სერიოზული ბრძოლა მოუწევს."
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"