ოფიციალურად: ზაზა ფაჩულია სამი წლით მილუოკელია

AutoSharing Option
NBA-ში მოთამაშე ზაზა ფაჩულია 8 წელიწადი იცავდა "ატლანტას" სპორტულ ღირსებას.

წლეულს მას გუნდთან კონტრაქტი დაუმთავრდა და თავისუფალი აგენტი გახდა.

ქართველმა კალათბურთელმა საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე დიდი მადლობა გადაუხადა ატლანტელ ფანებს და თბილი სიტყვებით დაემშვიდობა მათ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანს რამდენიმე კლუბი იწვევდა, - "ატლანტაც" ცდილობდა მის შენარჩუნებას, მაგრამ ჩვენებურმა "მილუოკი ბაქსი" არჩია, რომლის შემადგენლობაშიც 20 წლისა 2004-05 წლების სეზონში თამაშობდა.

მის გადაწყვეტილებაზე ერთგვარი ზეგავლენა ყოფილი მწვრთნელის - ლარი დრიუს ფაქტორმაც მოახდინა: ეს უკანასკნელი ამჟამად "მილუოკის" მთავარი მწვრთნელი გახლავთ.

17 ივლისს ზაზა
ფაჩულიამ ყოფილ გუნდთან 3-წლიანი კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა.

"მე დავბრუნდი იქ, საიდანაც, ფაქტობრივად, დიდი გზა დავიწყე, - აღნიშნა ქართველმა კალათბურთელმა ერთ-ერთი ადგილობრივი ჟურნალისტისთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში. - მაშინ ოცი წლის ვიყავი. მერე დიდ გუნდში დიდი გამოცდილება მივიღე.

ასე რომ, "მილუოკის" ქომაგები სხვა ზაზას იხილავენ".


ჩვენებურს არც ის დაუმალავს, რომ მოხარულია ხელახალი შეხვედრით იმ ყოფილ სამწვრთნელო შტაბთან, რომელიც ამჟამად "მილუოკიში" მუშაობს, რადგან მთავარ მწვრთნელ ლარი დრიუსთან რამდენიმე წელიწადი გაატარა "ატლანტაში" და მასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

"მძიმე ტრავმის გამო აპრილში აქილევსის მყესზე ოპერაცია გავიკეთე. უსიამოვნო
პერიოდმა განვლო, რეაბილიტაციის დრო დადგა. ყველაფერი კარგად მიდის, არასრული დატვირთვით ვვარჯიშობ კიდეც, მაგრამ ვწუხვარ, რომ ჩემი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს ვერ დავეხმარები ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც სექტემბერში სლოვენია უმასპინძლებს".

ისიც შევიტყვეთ, რომ ზაზა ფაჩულია სამშაბათს ატლანტაში დაბრუნდება და ზაფხულის ბოლომდე იქ განაგრძობს აღდგენით მკურნალობას და ვარჯიშს, სექტემბერში კი მილუოკის მიაშურებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული