თორნიკე შენგელია: ბურთით ვარჯიშს ოქტომბერში დავიწყებ

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც საქართველოს კალათბურთელ ვაჟთა ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ ოპერაცია გაიკეთა და ეროვნულ გუნდს ჩამოშორდა, 2013 წლის ევრობასკეტზე ჩვენს ნაკრებში ერთ-ერთი ლიდერი NBA-ს მეორე მოთამაშე - თორნიკე შენგელია უნდა ყოფილიყო, მაგრამ...

საქართველოს ნაკრებისა და "ბრუკლინ ნეთსის" თავდამსხმელს მარჯვენა მუხლი აწუხებდა და ზაფხულის კემპის წინ სითხეც კი ამოუღეს, თუმცა ტკივილმა არ იკლო და, ექიმების რეკომენდაციით, ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო - 70-პროცენტიანი დატვირთვით თამაშს მენისკის ოპერაციის გაკეთება სჯობსო, ურჩიეს დასტაქრებმა.

ქართველ კალათბურთელს გულით უნდოდა, სლოვენიაში თანაგუნდელებს დახმარებოდა ევრობასკეტზე, რამდენიმე დღით გადაწყვეტილების
მიღებაც გააჭიანურა, მაგრამ ბოლოს მაინც გახდა იძულებული, სპეციალისტებისთვის დაეჯერებინა.

2 აგვისტოს თორნიკე შენგელიას ამერიკაში შევეხმიანეთ:

- ნიუ იორკის კლინიკაში ოპერაციამ ერთ საათს გასტანა. მადლობა ღმერთს, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა.

როგორც ექიმებმა მითხრეს, საშიში არაფერია. ათიოდე დღეში, ალბათ, ყავარჯნებს გადავყრი, თუმცა სექტემბერში ევროპის ჩემპიონატზე ჩემი თამაში გამორიცხულია, რადგან რეაბილიტაციას ორი თვე მაინც დასჭირდება.

პირველი ოქტომბრისთვის უკვე დარბაზში ბურთით ვარჯიშს დავიწყებ და დატვირთვებსაც მოვუმატებ, რომ NBA-ს დასაწყისისთვის მწყობრში ვიყო.

ვიცი, რომ ამ დღეებში ბევრი მქომაგობდა, ზოგმა დამირეკა და გამამხნევა კიდეც. მადლობა ყველას.

ასეთი ყურადღების პასუხად, ვეცდები, გამომჯობინების შემდეგ, კვლავ დავუბრუნდე საქართველოს ნაკრებს და კარგი თამაშით გულშემატკივრები გავახარო,
- გვითხრა თორნიკე შენგელიამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
თოკო, უფალმა დაგლოცოს და მალე გამოგაჯანმრთველოს. კვლავ მალე გაგეხარებინოს ქომაგთა გული.
gizog
17:26 03-08-2013
0
თორნიკე ღმერთმა აჯამრთელოს, მაგრამ ჩვენ ნაკრებს რაეშველება არ ვიცი.
ისე ნაკრები როდის იწყებს მოსამზადებელ თამაშებს ბევრმა ჩვენმა კონკურენტმა დაიწყო უკვე.
sabonis
17:05 04-08-2013
0

სიახლეები პოპულარული