შერმადინმა და სანიკიძემ "სარაგოსას" ვერც ევროთასზე უშველეს

AutoSharing Option
ევროთასის წლევანდელ გათამაშებაში მეორე მატჩი ჩაატარა ქართველთა "სარაგოსამ". იგი გერმანიას ესტუმრა და ბერლინის "ალბასთან" სამი ქულის სხვაობით, 68:71 დამარცხდა.

უნდა აღინიშნოს, რომ სარაგოსელებმა (რომელთა სასტარტო ხუთეულში იყო გიორგი შერმადინი, ხოლო სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო ვიქტორ სანიკიძე) შეხვედრა კარგად დაიწყეს, პირველი პერიოდი 21:15 მოიგეს, მეორე და მესამე ათწუთეულების შემდეგაც წინ იყვნენ, მაგრამ მეოთხე რაუნდში მასპინძლებმა 7 ათას გულშემატკივარს იმედი არ გაუცრუეს, 16:11 იმარჯვეს და, როგორც დასაწყისში მოგახსენეთ, ესპანელებს გამარჯვება არ დაანებეს.

ევროთასის პირველ ტურში "სარაგოსამ" "მონსი" დაამარცხა და სადღეისოდ, ისევე, როგორც ესპანეთის
პირველობაზე, თითო მოგება-წაგება აქვს.

სატურნირო ცხრილს ბოლოს შემოგთავაზებთ, აქ კი გეტყვით, რომ მომდევნო ეტაპზე ყოველი ჯგუფიდან 3 საუკეთესო გუნდი გავა. მათ დაემატებათ ევროლიგის პირველი ეტაპიდან გამოვარდნილი რვაეული და ევროთასის მეორე ეტაპზე 8 ოთხგუნდიანი ჯგუფი შედგება.

დავუბრუნდეთ ბერლინურ შეხვედრას, რომელშიც გიორგი შერმადინმა 26 წუთი ითამაშა, 14 ქულა (8-დან 4 ორქულიანი, 6-დან 6 საჯარიმო), 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით, თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო - 16.

ვიქტორ სანიკიძისთვის "ალბასთან" დაპირისპირება შარშანდელივით კარგად გასახსენებელი ვერ გამოდგა (შეგახსენებთ, გასულ სეზონში სანიკიძემ "მონტეპასკისთან" ერთად გერმანიიდან ორი ქულა წამოიღო).

ქართველმა ფორვარდმა 25 წუთში 4 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ვიქტორი შეტევაში ჩვეული სიზუსტით ვერ გამოირჩა: 6-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო სამი სამქულიანი ტყორცნიდან მიზანს ერთმაც ვერ მიაღწია.

"სარაგოსა" ევროთასზე მომდევნო თამაშს 30 ოქტომბერს ისევ გერმანიაში გამართავს - რევანშის შანსი ბონის "ტელეკომთან" მიეცემა.

ა გ თ მ წ ქ
ალბა (გერმანია) 2 2 0 4
გრაველინი (საფრანგეთი) 2 2 0 4
სარაგოსა (ესპანეთი) 2 1 1 3
რომა (იტალია) 2 1 1 3
მონსი (ბელგია) 2 0 2 2
ბონი (გერმანია) 2 0 2 2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვიქტორ შენი გულშემატკივარი ვარ,რამოდენიმე თამაში ჩააგდე,უკვე აღარ გეპატიება,ყველა იმედით გიყურებთ,აბა შენ იცი.
გია
21:12 24-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული