ზაზა ფაჩულია: მრავალფეროვანი იარაღი გვაქვს და ახალ სეზონს იმედიანად ვხვდები

AutoSharing Option
შეიძლება მკითხველმა იფიქროს, რომ "სუფრაში" გადატანითი მნიშვნელობით NBA-ს ახალ სეზონს ვგულისხმობთ, რომელიც სავსე იქნება გემრიელი კერძებით (თამაშებით), ტკბილეულით (მოგებებით), ემოციებით...

ზაზა ფაჩულიას "მილუოკი ბაქსი" ხომ სწორედ 31 ოქტომბერს ჩაერთო დიდ მარათონში - მილუოკელებმა თბილისის დროით გამთენიისას "ნიუ იორკ ნიქსის" წინააღმდეგ ითამაშეს (ცხადია, შედეგის გაზეთში ჩაწერა დაბეჭდვამდე ვერ მოესწრო).

ასევე იხილეთ: დიდებული დაბრუნება: ზაზა ფაჩულიამ NBA-ს სეზონი ორმაგი დუბლით გახსნა

ამჯერად სათაური არა გადატანითი, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ.

"მილუოკი ბაქსის" წლების განმავლობაში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, ახალი სეზონის დაწყების წინ კალათბურთელები
სავახშმოდ იკრიბებიან. თითოეული მოთამაშე ამჯერადაც საზეიმო სამოსში იყო გამოწყობილი, რაც ფოტოგრაფებისთვის "მსუყე ლუკმა" აღმოჩნდა - არასპორტული ფორმით ყველა კალათბურთელი ფირზე აღბეჭდეს და საინტერესო ფოტოგალერეაც გამოვიდა.

მილუოკელებს ერთი ტრადიციაც ჰქონიათ: დარბაზში სავახშმოდ შესვლის წინ მოთამაშეებმა "საბაჟოზე" გაიარეს - მიკროფონმომარჯვებული ჟურნალისტის კითხვებს უპასუხეს.

ეს უკვე ჩვენთვის აღმოჩნდა "ტკბილი კერძი", რადგან საშუალება მოგვეცა გაგვეგო, როგორ ხვდება ზაზა ფაჩულია ახალ სეზონს.

შეგახსენებთ, რომ იგი "ბაქსში" 2004-05 წლების სეზონშიც თამაშობდა, საიდანაც "ატლანტა ჰოქსში" გადავიდა და დიდი ხნის შესვენების შემდეგ წლეულს გააფორმა კონტრაქტი "მილუოკისთან".

- ყველას უხარია შენი დაბრუნება, - დაიწყო საშუალო ასაკის ჟურნალისტმა.
- ჩემთვისაც სასიამოვნოა ისეთ გუნდში ყოფნა, რომელშიც კარიერის საწყისი ეტაპი მაქვს გატარებული. მაშინ 20 წლისა ვიყავი და NBA-ში მეორე სეზონს ვთამაშობდი. "მილუოკი" ძალიან დამეხმარა წინსვლაში. სპორტულ მხარეს თავი რომ დავანებოთ, ყოველთვის სასიხარულოა ნაცნობ ადგილას დაბრუნება. ქალაქი თავიდანვე მომწონდა, გუნდის მესვეურებთან თბილი ურთიერთობა მქონდა ისევე, როგორც ფანებთან. მილუოკიში ბევრი ნაცნობი სახე დამხვდა, რომლებიც ახალ სეზონში ჩვენგან ბევრს ელიან.

- "მილუოკიდან" წასვლის შემდეგ 8 წელი გავიდა...
- დრო სწრაფად გარბის, ისევე, როგორც სეზონი სეზონს მიჰყვა, ასევე მალე მოვიდა NBA-ს დაწყების დრო. დიდებულია. მიყვარს ეს თამაში და ყოველთვის მოუთმენლად ველი, როდის მომიწევს მოედანზე გასვლა. სეზონში მატჩებს შორის ძალიან მცირე შესვენებებია. ასეთ სიტუაციაში დრო კიდევ უფრო სწრაფად გარბის.

- ზაზა ფაჩულიას დამატებით მოხსნებში (განსაკუთრებით, შეტევითში) გუნდს არ უნდა გაუჭირდეს...
- შეტევითი მოხსნებიც მატჩის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელსაც ბევრის გადაწყვეტა შეუძლია, თუმცა, მიმაჩნია, რომ გუნდი არც სხვა მხრივ მოისუსტებს: გვყავს კარგი მსროლელები, ფიზიკურად ღონიერი კალათბურთელები, სწრაფები... როცა ანგარიშგასაწევ გუნდს აშენებ, ასეთი, მრავალმხრივი კალათბურთელები გჭირდება. მოკლედ, მრავალფეროვანი იარაღი გვაქვს და ამიტომაც ვხვდები ახალ სეზონს იმედიანად. ვფიქრობ, ჩვენი თამაში სანახავადაც კარგი გამოდგება.

ქართველი NBA-ში: ვიდრე სუფრას მივუსხდებოდეთ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული