ლარი დრიუ: აი, ვინ არის ზაზა ფაჩულია!

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას ახალმა გუნდმა, "მილუოკი ბაქსმა" სეზონის პირველი გამარჯვება ბოსტონში, "სელტიქსთან" მოიპოვა, რაშიც დიდი წვლილი ქართველ ცენტრს მიუძღვის: 20 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი მიითვალა.

თუმცა ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, როდის და როგორ შეხვედრაში მოაგროვებ თუნდაც 20 ქულას. ზაზამ ეს "ბოსტონთან" მეტად დაძაბულ მატჩში გააკეთა და რაც მთავარია - გადამწყვეტი ქულები სწორედ ქართული იყო.

საფინალო სირენამდე 2:21 წუთით ადრე ბოსტონელები 98:95-ს იგებდნენ, როცა მილუოკელმა ჯონ ჰენსონმა 10:0 გაქცევას ჩაუყარა საფუძველი. აქედან 6 ქულა ზაზა ფაჩულიასი იყო. საბოლოო ანგარიშიც ქართველი ცენტრის
ზუსტმა საჯარიმო ტყორცნამ დააფიქსირა - 105:98.

"ამ სეზონში მეორე მატჩი დავიწყეთ ძალიან ცუდად, - განაცხადა ნამატჩევს ფაჩულიამ. - წინა შემთხვევაში "ნიუ იორკთან" ჩამორჩენა აღმოვფხვერით, გავასწარით კიდეც, მაგრამ გამარჯვებამდე ცოტა დაგვაკლდა.

"ბოსტონს" 22-ქულიანი სხვაობით რომ ჩამოვრჩით, გამარჯვებისა გვჯეროდა, წინა შეხვედრაში დაშვებული შეცდომები აღარ გავიმეორეთ და ყველაფერი ჩვენ სასარგებლოდ დასრულდა".


22-ქულიანი სხვაობა... ეს NBA-ში ძალიან ბევრია. იქ ხომ გუნდებს ერთმანეთზე უკეთესი შემადგენლობები ჰყავთ და ჩავარდნებიც არცთუ ხშირად მოსდით, მაგრამ, აი, რას წერს ნაციონალური ასოციაციის ოფიციალური საიტი:

"ზაზა ფაჩულიამ გადამწყვეტ მომენტში "მილუოკის" სათადარიგოებს უკაპიტნა, 20 ქულა ჩააგდო და დიდ შემოტრიალებას ჩაუყარა საფუძველი".

საკუთარი თვალით უნდა გენახათ, როგორი აღფრთოვანებით ლაპარაკობდა 29 წლის ქართველი ცენტრის შესახებ "ბაქსის" მთავარი მწვრთნელი ლარი დრიუ, რომელმაც ზუსტად ერთწუთიან მონაკვეთში "ზაზა" ხუთჯერ ახსენა:

"აი, ვინ არის ზაზა! იგი სწორედ ის კალათბურთელია, რომელიც "მილუოკის" სჭირდებოდა.

მაშინ, როცა გაგვიჭირდა, ზაზამ მოედანზე ენერგია შემოიტანა, ფიზიკური უპირატესობა დაგვიბევა, მეტოქის ბევრი შეტევა ჩაშალა და ქულებსაც უხვად აგროვებდა.

ზაზამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საჯარიმოების მაღალი სიზუსტით ტყორცნა შეუძლია, 10-დან 10 ჩააგდო. ზაზა შთამბეჭდავი იყო".


"ბოსტონთან" გამარჯვების მომდევნო დღეს მილუოკელებმა "ტორონტოს" უმასპინძლეს, სწორედ იმ "ტორონტოს", რომელთან ამხანაგური მატჩიც "ბაქსის" მოედნის უხარისხობის გამო ჩაიშალა.

"მილუოკიმ" სეზონში პირველ საშინაო შეხვედრაში ქომაგი ვერ გაახარა - 7 ქულის სხვაობით დათმო. ზაზამ შედარებით ნაკლები, 14 წუთი ითამაშა და სტატისტიკაც შესაბამისი ჰქონდა.

ბოსტონიდან ბოსტონამდე
"ატლანტას" მაისურით ზაზა ფაჩულიამ ბოსტონელ კევინ გარნეტთან რომ იჩხუბა, კალათბურთის კი არა, ალბათ, კრიკეტის გულშემატკივარსაც მოეხსენება - ისეთი ხმაური მოჰყვა ზემოაღნიშნულ ფაქტს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ბოსტონთან" ქართველს თავისი ანგარიში მანამდეც ჰქონდა და კელტებთან ბრძოლა ყოველთვის კარგად გამოსდიოდა. თავად განსაჯეთ: 20 ქულამდე იგი ბოლოს სწორედ "სელტიქსთან" მატჩში ავიდა - 2007 წლის 10 აპრილს მან 22 ქულა (12 მოხსნა) ჩააგდო და მეტოქე 104:96 დაამარცხა.

მას მერე ქართველ მეფარეს თითქმის შვიდწლიანი ლოდინი მოუწია, ვიდრე NBA-ში კიდევ ერთხელ უწევდა 20 ქულას.

სხვათა შორის, ბოსტონელ ქომაგს ფაჩულიასა და გარნეტის შეხლა-შემოხლის ამბავი ჯერაც არ დავიწყებია - ზაზას მოედანზე შესვლას ამჯერადაც სტვენით შეხვდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული