ზაზა ფაჩულიამ NBA-ში მე-700 მატჩი ჩაატარა

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას "მილუოკიმ" მიმდინარე სეზონში ერთმანეთის მიჯრით კიდევ ორი შეხვედრა ჩაატარა და ვერც მათი მოგება მოახერხა: "ფილადელფიასთან" სტუმრად 107:115 დამარცხდა, "შარლოტთან" შინ - 72:96.

პირველ მატჩს ქვემოთ კიდევ შევეხებით, ხოლო მეორე შეხვედრაზე სალაპარაკო არაფერია, გარდა ერთისა - ეს გახლდათ ზაზა ფაჩულიას მე-700 მატჩი NBA-ში. ეს უბრალოდ მრგვალი რიცხვი როდია, თვით შაკილ ონილს 1993-2011 წლებში 1500-ზე მეტი შეხვედრა არა აქვს ჩატარებული. ფაჩულია კი, მატჩების რაოდენობით, ბევრ ვარსკვლავზე წინაა.

როგორც დაგპირდით, "შარლოტთან" შეხვედრის მსვლელობაზე არაფერს დავწერთ, რადგან "მილუოკიმ" ისე წააგო, მწვრთნელ ლარი
დრიუს ნამატჩევს გულშემატკივრებისადმი მობოდიშება დასჭირდა. არც ზაზას ჰქონდა თვალისმომჭრელი სტატისტიკა (12 წუთი, 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა).

"ფილადელფიასთან" მატჩში კი მოვლენები ისე განვითარდა, ზაზამ გვითხრა - ახლაც არ მჯერა, ის მატჩი თუ წავაგეთო.

ასეთ დროს ქრონოლოგიაზე შეჩერება აუცილებელია. მეორე პერიოდში "ფილადელფიამ" სწრაფი თამაშით 15-ქულიან ფორას მიაღწია (37:22), თუმცა მას მერე "მილუოკიმ" თამაში დაალაგა და პოზიციური შეტევებით მალევე აღმოფხვრა სხვაობა.

სტუმარი კერონ ბატლერი თამაშს მეოთხედიდან მეოთხედამდე აუმჯობესებდა და ბოლო პერიოდში მისი შეჩერება შეუძლებელი გახდა.

შედეგად, ძირითადი დროის დასრულებამდე 2 წუთით ადრე "მილუოკი" 98:88-ს იგებდა და წარმოუდგენელი იყო, სტუმრებს მიღწეულის შენარჩუნება ვერ მოეხერხებინათ. თუმცა, მათთვის მოულოდნელად, მეფარე სპენსერ ჰეივსმა ერთმანეთის მიყოლებით ორი სამქულიანი ჩააგდო. მას შორი მანძილიდან ტყორცნით ჯეიმს ანდერსონიც შეეშველა და სირენამდე 27 წამით ადრე სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა - 98:97.

გავიდა 19 წამი და კერონ ბატლერმა ერთი შეხედვით გამარჯვების სამქულიანი ჩააგდო - 101:97 სირენამდე 8 წამით ადრე. გუნდებმა თითო შეტევა გაცვალეს და სირენამდე 4 წამი რჩებოდა, "მილუოკი" 3 ქულის სხვაობით რომ იგებდა... სასწაული მაინც მოხდა - ბოლო წამზე ჰეივსმა თითქმის უიმედო სიტუაციიდან ბურთი "მილუოკის" კალათისკენ გადააგდო და ანგარიში გაათანაბრა - 102:102.

დამატებით დროში "ფილადელფიამ" სტუმრებს აშკარად აჯობა და შინ გაწბილებულები გაუშვა.
ბატლერმა 38 ქულა ჩააგდო, ფაჩულიამ 34 წუთში 7 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა, ჰეივსმა კი მატჩი 25 ქულით დაასრულა.

ნამატჩევს ზაზა ფაჩულიას დავუკავშირდით:

- ახლაც არ მჯერა, რომ ის მატჩი წავაგეთ. შეხვედრის ბოლოს საგრძნობი უპირატესობა მოვიპოვეთ, თამაშიც ჩვენ მიგვყავდა, მაგრამ ეტყობა, რაღაცა დაგვაკლდა.

შესაძლოა, ეს "რაღაცა" ერთი ზუსტი საჯარიმო იყო, ან დაცვაში ოდნავ უკეთესად გარჯა გვმართებდა...

ეს რომ გაგვეკეთებინა, ახლა სხვა ხასიათზე ვიქნებოდით, მაგრამ კალათბურთი სწორედ ამიტომაა სპორტის მიმზიდველი სახეობა, რომ ასეთებიც ხდება. ვყოფილვარ საპირისპირო სიტუაციაშიც - თითქმის წაგებული თამაში მომიგია. დრამატული მარცხისას კი ყოველთვის ერთი მატჩი მახსენდება - ისლანდია-საქართველო...


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული