212 სმ სიმაღლის ცენტრისთვის სეზონი ხალისიანად დაიწყო: "ტორონტოსთან" საგამოფენო შეხვედრის პირველ პერიოდში ზაზამ ზურგსუკნიდან ისე ისროლა, ფარისკენ არც გაუხედია.
ბურთი კალათში ჩაეშვა და... შეხვედრა აღარ გაგრძელებულა!
- ზურგსუკნიდან ტყორცნებით ბავშვობაშიც ვერთობოდი და ახლაც, მეგობრებთან "მინუს ხუთის" თამაშისასაც. თუმცა NBA-ის მატჩში თავს ამის უფლებას არ მივცემ, თითოეულ მომენტს, ყოველ ტყორცნას პროფესიონალურად ვუდგები.
"ტორონტო რეპტორსთან", როცა ვიგრძენი, რომ მეტოქემ წესები დაარღვია,
ასეთი სიტუაციიდან შეიძლება ახლა ათიდან ერთიც ვერ ჩავაგდო, მაგრამ "რეპტორსთან" ყველაფერი კარგად გამოვიდა. ხალხის ოვაციების მიხედვით მივხვდი, რომ ბურთი კალათში ჩაეშვა. თანაგუნდელებმაც მოსალოცად მოირბინეს.
- ამ ეპიზოდის შემდეგ თამაში აღარ გაგრძელებულა...
- NBA-ის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა დაფიქსირდა: "მილუოკის" მოედანზე ახალი დაგებული იყო პარკეტი, რომელიც ყინულის მოედანივით სრიალებდა. განსაკუთრებით მსუბუქი წონის, შედარებით სწრაფ უკანახაზელებს უჭირდათ, ბევრჯერ მოსრიალდნენ.
მე ნაკლებად ვგრძნობდი, ალბათ იმიტომაც, რომ შედარებით მძიმე ვარ და ფეხსაცმელიც დიდი ზომისა მაქვს. შემდეგი მატჩისთვის ისევ ძველი პარკეტი დააგეს.
- და როცა ახალს კარგად დაამუშავებენ, ძველის საქართველოში ჩამოტანას აპირებ.
- სხვათა შორის, ძველი მოედანი, რომელზეც ახლა ვთამაშობთ, უფრო მომწონს. საქართველოში მის ჩამოტანაზე ხელმძღვანელობასთან მას მერე ვილაპარაკებ, რაც ახალს დააგებენ. ეს, ცხადია, ამ სეზონში მოხდება, თუმცა ჯერ არც ის ვიცი, რას დამიფასებენ. იმედი მაქვს, ხელმძღვანელობას რომ დაველაპარაკები, სიურპრიზები არ იქნება.
ჩემი ოცნებაა ქართველ ბავშვებსაც მიეცეთ NBA-ის მოედანზე თამაშის საშუალება, იქ სადაც არაერთ ვარსკვლავს დაუდგამს ფეხი, რეკორდი დაუმყარებია, ან სულაც წაქცეულა... სხვათა შორის, "ატლანტაში" ყოფნისას 2010 წელს სწორედ "მილუოკის" მოედანზე გამარჯვებით გადავლახე პლეი ოფის პირველი ეტაპი.
სიმართლე რომ ვთქვა, მოედნის შეძენის ამბავი ჩემგან არ გახმაურებულა, გუნდმა გაავრცელა პრესაში.
- ამერიკელებმა ისიც დაწერეს, პარკეტი დიდუბის მანეჟისთვის უნდაო.
- ვუთხარი, საქართველოსთვის მინდა-მეთქი. რომ მკითხეს, თამაში სად დაიწყეო, ალბათ ეგონათ, მოედნის შეძენას დიდუბის დარბაზისთვის ვაპირებდი. გულისტკივილით მინდა ვთქვა, რომ დღეს დიდუბის მანეჟში ძალიან ცუდი მდგომარეობაა, "მართვეში" ზურაბ სამხარაძესთან 1998 წლამდე ვვარჯიშობდი, შემდეგ თურქეთში გადავედი. დარბაზი მას მერე არ განახლებულა და დღეს იქ NBA-ის იატაკის დაგება არ ივარგებს. თუმცა, მთავარია, საქართველოში ჩამოვიდეს.
- მიმდინარე სეზონში იოლად დაიმკვიდრე ადგილი ძირითად ხუთეულში, სათამაშო დროც გაიზარდა და მონაგარიც...
- "ატლანტაში" ვარსკვლავები გვყავდა, ელ ჰორფორდი, ჯოშ სმიტი... თამაში მათზე ეწყობოდა. "მილუოკიში" სუპერვარსკვლავი არ გვყავს, ამიტომ გუნდურად თამაშს ვცდილობთ, ერთ დღეს ერთ კალათბურთელს წაუვა თამაში, მეორე დღეს - მეორეს და ა.შ. დაბალანსებული გუნდი გვყავს და მეც შესაბამისი ფუნქცია მაკისრია. თუმცა არც ჩემი თამაშითა და არც გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგებით კმაყოფილი არ ვარ. ზედიზედ რამდენიმე მატჩი წავაგეთ, რაც ძალიან მაფიქრებს.
- სეზონის დასაწყისში ხუთეულის თითქმის ყველა წევრმა ტრავმა მიიღო და ვერ გეხმარებოდათ. შეიძლება ეს ჩავთვალოთ წარუმატებელი სერიის მიზეზად?
- თავის გასამართლებლად ტრავმები არ გამოდგება, მაგრამ ამ მხრივ მართლაც ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდით: გაირკვა, რომ კარლოს დელფინო ამ სეზონში ვერ დაგვეხმარება, ოპერაცია გაიკეთა სასტარტო ცენტრმა ლარი სენდერსმა, გვაკლდა ლუკ რიდნური, კერონ ბატლერი, ერსან ილიასოვა... როგორც ვთქვი, გუნდში ფუნქციები თანაბრადაა გადანაწილებული და ერთი კაცის გამოკლებაც კი გვეტყობა.
ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ "მილუოკიში" 11 ახალი კალათბურთელია. მწვრთნელთა შტაბიც ახალია და როცა ვარჯიშებზეც კი გაკლია კალათბურთელები, შეთამაშება და სისტემის გამართვა ძნელია. თუმცა სეზონი ერთი თვეა, რაც დაიწყო და გამოსწორებისთვის დრო არის. NBA ევროპის ჩემპიონატი არ არის, სამი წაგების გამო მომდევნო ეტაპზე გასვლა ვერ მოახერხო.
მჯერა, თამაშს გამოვასწორებთ და პლეი ოფში თამაშის პერსპექტივაც გაჩნდება. შესაძლოა, სიტუაციის გამოსასწორებლად თუნდაც ერთი მატჩის მოგებაც საკმარისი აღმოჩნდეს.
- ტრავმის გამო ერთი მატჩი გამოტოვე. ნაოპერაციებმა ფეხმა ხომ არ შეგაწუხა?
- ოპერაცია აპრილში გავიკეთე. რეაბილიტაცია ნორმალურად წარიმართა, მაგრამ სეზონი რომ დაიწყო, ბოლომდე მომჯობინებული არ ვიყავი. "მაიამისთან" თამაშის შემდეგ ნაოპერაციებმა ფეხმა ძალიან შემაწუხა და ექიმებმა მირჩიეს, დაასვენეო. ამიტომაც არ მითამაშია "ორლანდოსთან". უკეთესობა არის, მაგრამ მცირე ხარვეზებს მაინც ვერსად გავექცევი. ვგრძნობ, რომ ჯერ სათანადო ფორმაში არა ვარ, ვვარჯიშობ, თითო თამაშს რამდენჯერმე ვუყურებ, რომ შეცდომები გამოვასწორო.
- ამ სეზონში ერთი მატჩი საქართველოს ნაკრების მწვრთნელ იგორ კოკოშკოვის "კლივლენდს" მოუგეთ. თუ ისაუბრე მასთან ეროვნულ გუნდზე?
- დრო ცოტა გვქონდა, თუმცა NBA-ის სეზონის პირველ ნახევარში შეხვედრისას იგორ კოკოშკოვთან ძირითადად ამერიკაზე ვლაპარაკობ. მკითხა, ახალ გუნდში როგორ მოეწყვეო. სეზონის ბოლოს კი საქართველოს ნაკრებზე არაერთხელ და ბევრიც გვილაპარაკია.
- მას ჩვენთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა. დაიწერა, სერბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს სთავაზობენო...
- წავიკითხე და არც გამკვირვებია, რადგან თავადაც სერბია და ყველანაირად მიესადაგება სერბეთის ძლიერ ნაკრებს, როგორც გამოცდილებით, ასევე სამწვრთნელო დონით. თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ იგორ კოკოშკოვის საქართველოს ნაკრებიდან წასვლა არ გამიხარდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"