თორნიკე შენგელია: ბურთის ჩაგდებით "ბრუკლინში" ვერავის გავაკვირვებ...

AutoSharing Option
NBA-ს ჩემპიონობაზე მოფიქრალი "ბრუკლინ ნეთსის" მეხუთე მოგება გადამწყვეტ მომენტში ბოსნიელი მირზა ტელეტოვიჩის სიზუსტემ განაპირობა.

მატჩის შემდეგ მისდამი ჟურნალისტების ყურადღება გაორმაგდა. ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნებულ ინტერვიუში მირზა ამბობს:

"მნიშვნელოვანია, როცა გვერდში კევინ გარნეტი, პოლ პირსი, რეჯი ევანსი და დერონ უილიამსი გყავს. მათთან ურთიერთობა და საუბარი, ჩემსა და ჩემს მეგობარ თორნიკე შენგელიაზე ყოველთვის დადებითად მოქმედებს. ძალიან გვეხმარებიან".

ტელეტოვიჩის მიერ ჩამოთვლილ გვარებს აღარ გავიმეორებთ, მივამატებთ ანდრეი კირილენკოს, ბრუკ ლოპესს, ჯო ჯონსონს...

აი, ასეთ თანავარსკვლავედში მოხვდა თორნიკე შენგელია. ახალგაზრდა ქართველს ბოლო დროს თამაშის საშუალება ეძლევა
და, მართალია, ქულაუხვობით არ გამოირჩევა, მაგრამ მწვრთნელი, ჯეისონ კიდი მისით კმაყოფილია. ამასწინათ, ჰიუსტონში 27 წუთი ათამაშა, რაც NBA-ში გადასვლის შემდეგ თოკოს პირადი რეკორდი აღმოჩნდა.

- თითოეული რეკორდი სასიამოვნოა, მაგრამ იმასაც ვაცნობიერებ, რომ ყველაფერი დამოკიდებულია მწვრთნელსა და თავად კალათბურთელზე. "ჰიუსტონ როკეტსთან" შეხვედრაში "ბრუკლინის" მწვრთნელი მენდო და მათამაშა. მთავარია, მოცემულ დროში შესაძლებლობები კარგად გამოვავლინო და მწვრთნელის ნდობა გავამართლო.

- ეს, შესაძლოა, ჯეისონ კიდმა სიტყვით არ თქვა, მაგრამ მისი მოქმედებით გამოჩნდა, რომ ჰიუსტონში შენი გარჯით უკმაყოფილო არ დარჩენილა - "მემფისთან" მომდევნო შეხვედრაში მოედანზე პირველივე მეოთხედში შეგიყვანა.
- კარგი თამაში გამოვიდა, მემფისში ღირებული გამარჯვება მოვიპოვეთ, რაც უმთავრესად დაცვის ხარჯზე მოხდა. მნიშვნელოვანი იყო მეორე პერიოდი, როცა მეტოქეს შეტევაში ბევრი შეცდომა დავაშვებინეთ და 13 ქულით დავწინაურდით. კარგია, რომ იმ ეპიზოდში მეც მოედანზე ვიყავი.

- თუმცა მეტოქის კალათისთვის ერთხელაც არ შეგიტევია...
- მწვრთნელი ჩემგან უმთავრესად თამაშში ენერგიის შეტანას, დაცვაში კარგ გარჯასა და ძირითადის კალათბურთელების ხელშეწყობას მოითხოვს. ეს კი სტატისტიკაში არ იწერება. არადა, შავი სამუშაო ოქმში რომ ფიქსირდებოდეს, შესაძლოა, ბევრგან გუნდური თამაში ერთი-ორად გაუმჯობესდეს. იყო რამდენიმეწუთიანი მომენტი, როცა ბურთი არ მიმიღია. ამის შემდეგ შესატევ პოზიციაში რომ აღმოჩნდები, ძნელია ისევე თამამად შესვლა, როგორც მაშინ, როცა ყველა იერიშში იღებ ბურთს.

- "ბრუკლინში" წლეულს ისეთი კალათბურთელები შეიკრიბნენ, რომლებიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა კლუბებში ერთპიროვნული ლიდერები იყვნენ. დიდი გამოცდილებაც აქვთ...
- ...და გასაკვირი არ არის, მწვრთნელი თამაშს მათზე რომ აწყობს. ბურთის ჩაგდებით ვერავის გავაკვირვებ, ამიტომ თამაშის საკუთარ თავზე აღება არც არის გამართლებული.

თუმცა ვცდილობ, მწვრთნელის ნდობის მოპოვებას და როცა გუნდში თუნდაც სათადარიგოდ, მაგრამ რეგულარულად გიწევს თამაში, თავდასხმაშიც ხშირად და თამამად ერთვები. ოპერაციის შემდეგ დიდი დრო გამიცდა და ფორმაშიც ნელ-ნელა შევდივარ.

- ტაიშონ ტეილორთან ერთად განვითარების ლიგის "სპრინგფილდში" თამაშობდი. "ბრუკლინში", სეზონის დასაწყისში ის სათადარიგოებთან ერთად რომ შედიოდა მოედანზე, თამაშს საკუთარ თავზე იღებდა და პასებსაც იშვიათად იძლეოდა. ბოლოს კი მწვრთნელი ტაიშონს ძირითადი შემადგენლობის კალათბურთელებთან ათამაშებს და ისიც გუნდურ მოქმედებაზეა ორიენტირებული. როგორც ჩანს, მწვრთნელს კორექტივები შეაქვს და იმედია, ეს შედეგზეც აისახება.
- ტეილორი კარგი ადამიანი და ძლიერი კალათბურთელია. ისიც ახალგაზრდაა და სწავლობს. სწრაფად პროგრესირებს და ვფიქრობ, ყველა მონაცემი აქვს მაღალი დონის კალათბურთელად ჩამოსაყალიბებლად.

- ანდრეი კირილენკოსთან ლიტვაში ვრცელი ინტერვიუ ჩავწერე. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ქართველებს დიდ პატივს სცემს...
- ზაზას მეგობარია. კარგი ადამიანია და ჩემთანაც თბილი დამოკიდებულება აქვს.

ანდრეის ბრუკლინში პირველად რომ შევხვდი, მკითხა - კახა შენგელია შენი ძმააო? გაუკვირდა, როცა ვუთხარი, მამაჩემია-მეთქი. კირილენკო და მამაჩემი რუსეთში, სანკტ-პეტერბურგის "სპარტაკში" ერთ გუნდში თამაშობდნენ. ეს სწორედ ის პერიოდი იყო, როცა ანდრეი კირილენკო კარიერას იწყებდა. მან ბევრი ძველი ამბავი გაიხსენა.

- მირზა ტელეტოვიჩი საქართველოში, შენს ქორწილშიც უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ ვერ მოახერხა...
- მირზასთან ვმეგობრობ. თუმცა გუნდში ისეთი ატმოსფეროა შექმნილი, რომ ცალკე არავინაა. გამოცდილი ახალწვეულები კევინ გარნეტი და პოლ პირსიც ცდილობენ გუნდში ერთიანობა შემოიტანონ, ერთ ოჯახად ვიქცეთ, რაც მოედანზე წარმატების საფუძველი უნდა გახდეს.

- მახსოვს, ნიკა ცქიტიშვილმა მითხრა, კლუბში კევინ გარნეტის დარი კარგი თანაგუნდელი არ მყოლიაო. კევინისა და ფაჩულიას დაპირისპირების ამბავი კი საქვეყნოდაა ცნობილი...
- მოედანზე, გარნეტი ყოველთვის არასასურველი მეტოქეა, გუნდის წარმატებისთვის არაფერს ერიდება. თანაგუნდელისთვის კი საპირისპიროდ - სასურველი კოლეგაა. 18 წელია NBA-შია, ყველა ტიპისა თუ ასაკის კალათბურთელის გვერდში უთამაშია და იცის, ვის როგორ მიუდგეს, როგორ შეკრას გუნდი.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ თამაშისას არც გარნეტი აქცევს ყურადღებას სტატისტიკას, ცდილობს დაცვაში იდგეს მტკიცედ. ამიტომაცაა, ერთ დღეს მოედნიდან 15 ქულით რომ გამოდის, მეორე დღეს - 0 ქულით.

- დასაწყისში თქვი, დიდი დრო გამიცდაო. ივლისის ბოლოს გაკეთებულმა ოპერაციამ შედეგი ხომ გამოიღო?
- რა თქმა უნდა. მუხლი აღარ მაწუხებს. თუმცა ხანგრძლივი დასვენების შემდეგ საკუთარი თამაშის პოვნას დრო სჭირდება.

- ბოლოს "ბრუკლინზე" გკითხავ. მძიმედ დაიწყეთ. გუნდისგან ყველა მეტს ელის.
- როცა ზედიზედ სამ თამაშს წააგებ, ეს ფსიქოლოგიაზეც მოქმედებს. თავის მხრივ, მეტოქეს თვითრწმენა ემატება, რომ შენზე ძლიერია და შეუძლია გამარჯვება.

ეს ყველაფერი მთიდან დაშვებული გუნდასავით აგორდება ხოლმე და წაგებას წაგება მოსდევს. თუმცა ბოლოსდაბოლოს გუნდა უნდა დაიშალოს, ერთი ორი მოგების შემდეგ, შეიძლება ყველაფერი პირიქით, წარმატებისკენ დატრიალდეს.

"ბრუკლინში" ისეთი შემადგენლობაა შეკრებილი, მჯერა წარუმატებელი სერია დიდხანს აღარ გარძელდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული