ისევე, როგორც ბევრი ბავშვის, მისი ფავორიტი კალათბურთელიც "ჩიკაგო ბულსის" 23-იანი მაიკლ ჯორდანი იყო.
თბილისში 2014 წლის 19 იანვარი რომ თენდებოდა, ამერიკაში განხორციელებული გაცვლის შედეგად გადაწყდა - თორნიკე შენგელია ითამაშებს იქ, სადაც ჯორდანი თამაშობდა.
მომავალ კვირას 22 წლის ქართველი მოირგებს წითელ-თეთრ ფორმას, რომელიც ხარისთავიანი ემბლემითაა დამშვენებული.
სატრანსფერო ამბავს ამერიკული გაზეთი "ჩიკაგო თაიმსი" უფრო დეტალურად გვაცნობს:
"ჩიკაგოელთა შემადგენლობაში ბოლო მატჩი ითამაშა მარკის ტიგმა, რომელიც "ბრუკლინ ნეთსში" გადავიდა. სანაცვლოდ კი "ბულსმა" თორნიკე შენგელია
- მადლობელი ვარ ბოძებული შანსისთვის, ველი ჩიკაგოელებთან შეხვედრას, - დაწერა თორნიკე შენგელიამ თავის "ტვიტერზე".
ზემოთ "ჩიკაგოს" ფორმასა და ამ გუნდის ნათელ ისტორიაზე ვთქვით, თუმცა ამაზე მნიშვნელოვანია სხვა რამ: თამაში! მიმდინარე სეზონში თორნიკე "ბრუკლინ ნეთსში" საშუალოდ 8.1 წუთში 1.5 ქულას, 0.8 მოხსნასა და 0.7 პასს აგროვებდა.
რა თქმა უნდა, წუთიც ცოტაა და დანარჩენი მაჩვენებლებიც. 22 წლის ნებისმიერ ახალგაზრდას კი პროგრესისთვის სათამაშო პრაქტიკა სჭირდება.
აქედან გამომდინარე, შენგელიასთვის "ბრუკლინის" დატოვება სწორ ნაბიჯად უნდა მივიჩნიოთ, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს დონის ვარსკვლავებთან უწევდა ვარჯიში: კევინ გარნეტთან, ანდრეი კირილენკოსთან, პოლ პირსთან, დერონ უილიამსთან, ჯო ჯონსონთან.
თუმცა ნაბიჯის სისწორეზე უფრო თამამად სეზონის ბოლოს უნდა ვიმსჯელოთ, რადგან წინასწარ რთული სათქმელია, "ჩიკაგოში" რა ოდენობის სათამაშო დრო ერგება.
მთავარი მაინც მწვრთნელია და "ბულსის" თავკაცი ტომ ტიბოდო ახალბედა არ არის, ექსპერიმენტებს მოერიდოს ან ახალგაზრდა კალათბურთელის მოედანზე შეყვანის შეეშინდეს (ეს ბევრ მწვრთნელს ახასიათებს).
არანაკლებ მნიშვნელოვანია შემადგენლობა. ლუოლ დენგის გუნდიდან წასვლის შემდეგ "ჩიკაგოში" მსუბუქი ფორვარდის პოზიციაზე ერთიორად ნაკლები კონკურენციაა, ვიდრე "ბრუკლინში".
თუნდაც აქედან გამომდინარე, ახალგაზრდა ქართველს სათამაშო დრო უნდა გაეზარდოს.
სპეციალისტები კი ვარაუდობენ, რომ თოკო მაიკ დანლივის მთავარი შემცვლელი იქნება, რაც ამ ეტაპზე ურიგო არ უნდა იყოს.
დანარჩენს დრო და "ჩიკაგოს" მატჩები გვიჩვენებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"