ზაზა ფაჩულია, სათამაშო დროსთან ერთად, შედეგიანობასაც უმატებს. "მილუოკის" ქართველი ცენტრი 2-თვიანი იძულებითი უქმობის შემდეგ მოედანს 2 დღის წინ დაუბრუნდა და 12 წუთში 4 ქულა მიითვალა. 4 თებერვალს, გამთენიისას კი ის 18 წუთით გავიდა მოედანზე და 12 ქულასთან ერთად, 7 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა.
რაც მთავარია, გაუთავებელი წაგებების შემდეგ მილუოკელებმა იმარჯვეს. ფაჩულიას გუნდმა "ნიუ იორკს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 101:98 დაამარცხა. "ირმებმა" თანაბარი პირველი მეოთხედის შემდეგ მეორეში 10 ქულით იმარჯვეს და ლიდერობა დარჩენილ დროში კბილებით შეინარჩუნეს.
ფაჩულია სასტარტო
ხუთეულში არ ყოფილა. ის ძირითად ცენტრ ლარი სანდერსს ენაცვლებოდა, რომელმაც 29 წუთში 8 ქულა და 11 მოხსნა გააკეთა. ზაზამ მთლიანობაში მოედანზე 18:25 წუთი გაატარა და 9-დან 4 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მილუოკელებში საუკეთესო ბრენდონ ნაითი იყო 25 ქულა-7 პასით.
"მილუოკის" 9 გამარჯვების წილ 39 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციასთან ერთად, მთელ ლიგაში ბოლო ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩი მილუოკელებს დენვერში 5 თებერვალს ელით.
წყარო: gbf.ge