ვიქტორ სანიკიძის 25 ქულა "სარაგოსას" ევროთასის პლეი ოფში გასასვლელად არ ეყო

AutoSharing Option
ევროთასის მეორე ეტაპის ბოლო ტურში ესპანური "სარაგოსა" თურქულ "ბეშიქთაშს" მასპინძლობდა.

თუნდაც ტოტალიზატორების ვარაუდით, გამოკვეთილი ფავორიტი არაგონული კლუბი იყო, რომელშიც ქართველები, ვიქტორ სანიკიძე და გიორგი შერმადინი თამაშობენ. 7 ქულის სხვაობით მოგების შემთხვევაში "სარაგოსა" ევროთასის პლეი ოფში გავიდოდა...

რადგან 7-ქულიანი უპირატესობა ვერ მოიპოვეს, ესპანელები ბოლო წამებზე ცდილობდნენ, მატჩი ოვერტაიმში გადაეყვანათ და იქ მაინც ეჯობნათ მეტოქისთვის სასურველი სხვაობით.

მიზანთან ახლოსაც იყვნენ - მეოთხე პერიოდის დასრულებამდე 6 წამით ადრე ჯონათან ტაბუმ ფარქვეშ გარღვევით ანგარიში გაათანაბრა - 77:77. დარჩენილ 6 წამში "ბეშიქთაშის" კალათბურთელებმა ბურთის სროლაც
მოასწრეს, დამატებაც და გულერის წყალობით, გამარჯვებაც - 79:77.

ასე დასრულდა "სარაგოსას" ევროპული ოდისეა. სხვათა შორის, ამ გუნდს საერთაშორისო სარბიელზე დებიუტი სწორედ წლეულს ჰქონდა და არც მეორე ეტაპზე გასვლაა ურიგო შედეგი, თუმცა, თუ კიდევ ერთხელ გავიხსენებთ "ბეშიქთაშთან" შეხვედრას, გული ნამდვილად დაგვწყდება, რომ ქართველებმა პლეი ოფში თამაშის ძალიან კარგი შანსი დაკარგეს. კიდევ უფრო დასანანია, რომ ჩვენიანების ეფექტური გარჯა არ დაფასდა.

ვიქტორ სანიკიძე და გიორგი შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყვნენ. ვიქტორმა 31 წუთში 25 ქულა, 8 მოხსნა და თითო ჩაჭრა-დაფარება მიითვალა. მის ანგარიშზე 3-დან 3 სამქულიანია.

გიორგი შერმადინმა კი 20 წუთში 10 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა.

ჯგუფიდან "ლიეტუვოს რიტასი" და "ბეშიქთაში" გავიდნენ. მათ საბოლოოდ 4-4 მოგება აღმოაჩნდათ, "სარაგოსასა" და "ცედევიტას" - 2-2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული