საქართველოს თასი. 1/2-ფინალი. 1 მატჩები: შედეგი ბრძოლას გვპირდება

AutoSharing Option
საქართველოს თასის გათამაშება წლეულს ახალი სისტემით ტარდება. გუნდები ეტაპობრივად მიიწევენ თასისკენ. იანვარში წინასწარი ეტაპი და მეოთხედფინალები გაიმართა, 27 თებერვალს კი ნახევარფინალების ჯერიც დადგა.

გუნდები ორი მატჩის ჯამში გამოავლენენ ფინალისტის ვინაობას. აქვე გეტყვით, რომ განმეორებითი შეხვედრები შაბათს, პირველ მარტს თბილისში იგეგმება.

კიდევ ერთხელ გვიწევს იმის აღნიშვნა, რომ "სოხუმის" კალათბურთელებს რამდენიმე თვეა ხელფასი
არ აუღიათ. ამის გამო სასტარტო გამთამაშებელი ჯოშუა ჯექსონი იტალიაში წავიდა და კარიერას აპენინებზე აგრძელებს. გუნდშია კიდევ ერთი ამერიკელი - ჯერემი საიმონსი, რომელიც ქართული ენთუზიაზმით თამაშობს დანარჩენ კალათბურთელებთან ერთად და
27 თებერვალს გამარჯვებაში დიდი წვლილიც შეიტანა - 16 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა.

ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ჩემპიონატის ფავორიტ "დინამოს" "სოხუმთან" დამარცხება, რაც სოხუმელთა დიდი მონდომებისა და სიზუსტის დამსახურება იყო. მათ 11 სამქულიანი ჩააგდეს. რატი ბააკაშვილმა და ვახტანგ ქადარიამ 3-3 შორეული ტყორცნა გამოიყენეს. პირველმა საბოლოოდ 15 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი მიითვალა, მეორემ 17 ქულა და 7 მოხსნა.

27 თებერვალი, თბილისი
სოხუმი-დინამო 70:64
16:15, 15:19, 20:15, 19:15.
სოხუმი: ჩლაიძე (9ქ, 4პ), შვანგირაძე (7ქ, 4მ), გაბისონია, ბააკაშვილი (15ქ, 7ქ, 6პ), ქადარია (17ქ, 7მ), საიმონსი (16ქ, 11მ), დეკანოიძე, ბექაური (6ქ).
დინამო: გამყრელიძე (7ქ, 8პ), კარტერი (21ქ, 5მ), მილოშევიჩი (11ქ, 11მ), პეშიჩი (3ქ), ჭოჭუა (4ქ, 5პ), ანთაძე (7ქ, 6მ, 3პ), სტოიაკოვიჩი (11ქ).
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, დ. ბერიშვილი, მ. ვართანოვი.

"ქუთაისსა" და ,,არმიას" შორის გამართული ნახევარფინალური შეხვედრა დინამიკური გამოდგა. სავსე ტრიბუნებიდან გამხნევებულმა მასპინძლებმა მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში 6 ქულის სხვაობით სძლიეს და განმეორებითი შეხვედრისთვის მცირედი უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა ქუთაისური მატჩის შედეგი საპასუხო შეხვედრაში ბრძოლასა და საინტერესო პაექრობას გვპირდება.

პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები მხოლოდ ერთი ქულის სხვაობით იგებდნენ. მესამე მეოთხედი ქუთაისელებმა დვალიშვილის შედეგიანი შეტევითა და ფაშაევის ზუსტი სამქულიანით დაიწყეს. მალე დიდიამ პერიმეტრიდან ჩააგდო, ცეკვავამ ზუსტი ორქულიანი მიაყოლა და მასპინძლები წინ 10 ქულით გაიჭრნენ - 47:37. მალე სტუმრებმაც გამოასწორეს თამაში და სხვაობა შეამცირეს.

თუმცა მალევე "არმიამ" 11:0 უპირატესობის მოპოვება მოახერხა და 2 ქულით წინ გავიდა (47:49). მათი შეტევებიდან გამორჩეული იყო წივწივაძე-შარაბიძის კომბინაცია, რომელიც შარაბიძის "ალეი უპით" დასრულდა. თამაში ქულა-ქულაში გაგრძელდა და მესამე პერიოდის დასრულებისას ტაბლოზე ქუთაისელთა 2-ქულიანი უპირატესობა დაფიქსირდა - 55:53.

ძალიან დაძაბული გამოდგა გადამწყვეტი მეოთხედი. მეტოქეები ერთმანეთისთვის არაფრის დათმობას არ აპირებდნენ და ბურთისთვის ბოლომდე იბრძოდნენ. გულშემატკივრების ყიჟინისგან გულმოცემულმა ქუთათურებმა კარგი შეტევები განახორციელეს და ფაშაევის, ცეკვავას, გრძელიძისა და ლომინაშვილის აქტიურობის შემდეგ 6 ქულით დაწინაურდნენ.

სტუმრებს რაც შეეხებათ, მათგან ამ პერიოდში ბაბუნაშვილი გამოირჩეოდა, რომელსაც შარაბიძემაც აუბა მხარი. არმიელები დანებებას არ აპირებდნენ და რიონისპირელებს კიდევ ერთხელ წამოეწივნენ, მაგრამ ბოლოს შეცდომები დაუშვეს, ცეკვავას გალაღების საშუალება მისცეს და მანაც ქუთაისელთა 6-ქულიანი გამარჯვება დააფიქსირა - 70:64.

"ქუთაისში" 20 ქულით საუკეთესო ზაურ ფაშაევი იყო. ორმაგი დუბლი შეასრულა აკაკი დვალიშვილმა, რომელმაც 15-15 ქულა-მოხსნა მიითვალა. დაბლ-დაბლი შეასრულა არმიელმა გიორგი შარაბიძემაც, იგი 17 ქულითა და 10 მოხსნით გუნდის ბომბარდირიც გახდა. არანაკლებ სასარგებლოდ გაისარჯა ბექა წივწივაძე (17 ქულა, 9 პასი), რომელსაც ორმაგ დუბლამდე 1 შედეგიანი გადაცემა დააკლდა.

27 თებერვალი, ქუთაისი
ქუთაისი-არმია 70:64
20:19, 17:17, 18:17, 15:11
ქუთაისი: ფაშაევი (20ქ, 5პ), ცეკვავა (13ქ), დ. ბარბაქაძე (1ქ, 6მ), გ. ბარბაქაძე (5ქ), ა. დვალიშვილი (15ქ, 15მ), დიდია (5ქ), ცირეკიძე, ლომინაშვილი (8ქ, 7მ), გრძელიძე (3ქ)
არმია: ბაბუნაშვილი (10ქ), ბერიშვილი (9ქ, 9მ), წივწივაძე (15ქ, 9მ), ბოისა, ტუჯანი (1ქ), შარაბიძე (17ქ, 10მ), ჯგერენაია (3ქ, 8მ), ბაბიაშვილი (4ქ), კვიმსაძე, ჩაჩიბაია (5ქ)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული