საკალათბურთო ლეგიონი: მეტად ფერადოვანი კვირა

AutoSharing Option
ქართული საკალათბურთო ლეგიონი მსოფლიოს ოთხ კონტინენტზეა გაშლილი. განვლილი კვირა, შედეგებითა თუ ქართველთა გამოსვლის მიხედვით, მეტად ფერადოვანი გამოდგა.

NBA
დავიწყოთ აშშ-ით, სადაც ზაზა ფაჩულიას "მილუოკი ბაქსი" თამაშს თამაშზე იგებს. სწორედ განვლილ შვიდ დღეში მიაღწიეს ვისკონსინელებმა ათმოგებიან ნიშნულს. მათ ანგარიშზე სადღეისოდ 10 გამარჯვების წილ 8 წაგებაა.

ბოლო ორი მატჩი "მილუოკიმ" ქართველი ცენტრის, ზაზა ფაჩულიას გარეშე ჩაატარა. ამერიკულ გაზეთებში მიზეზად ოჯახური მდგომარეობა დაიწერა - ზაზა საქართველოში იმყოფებოდა, ბებია გარდაეცვალა, რასაც ჩვენი მხრიდან გულითადად ვუსამძიმრებთ.

2 დეკემბერს, თბილისის დროით დილის 4 საათზე, "მილუოკი" ლებრონ ჯეიმსის
"კლივლენდს" დაუპირისპირდება.

NCAA
დუდა სანაძე ტრავმის მოშუშების შემდეგ ჩვეულად ათამაშდა. მან "სან დიეგოს" მაისურით "მიჩიგანის" წინააღმდეგ 24 წუთში 12 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. დუდამ 6-6 ორიანი და სამიანი სტყორცნა, საიდანაც 4 ორი და 1 სამქულიანი ჩააგდო, რასაც ერთი რეალიზებული ჯარიმა მიამატა.

"სან დიეგოს" კი "მიჩიგანის" ძლევამდე ძალიან ცოტა დააკლდა - 66:68. დიეგოელებს სადღეისოდ 4 მოგება და 3 მარცხი აქვთ.

ევროლიგა
ვიქტორ სანიკიძისა და თორნიკე შენგელიას გუნდებმა ევროლიგის მორიგ ტურში რომ გაიბრწყინეს, უკვე მოგახსენეთ. ვიქტორის "უნიქსმა" მადრიდში "რეალი" დაამარცხა, ხოლო თოკოს "ბასკონიამ" ვიტორიაში - "ოლიმპიაკოსი".

შენგელია 14 ქულით მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი გახლდათ, ვიქტორმა კი ესპანეთის დედაქალაქში ოდენ 5 წუთი ითამაშა.

ორივე გუნდისთვის ამ გამარჯვებებს სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. "ბასკონიასაც" და "უნიქსსაც" 7 ტურის შემდეგ 3-3 მოგება აქვთ და ჯგუფიდან გამსვლელ კვარტეტთან "ტრიალებენ". თუმცა, თუ ევროლიგის მომდევნო ეტაპზე თამაში სურთ, დარჩენილ ხუთ ტურში სერიოზული მატჩების მოგება მოუწევთ.

"უნიქსთან" ჯგუფში ლევან ფაცაციას "ნიჟნი ნოვგოროდია", რომელსაც ასევე სამი მოგება აქვს. ნოვგოროდელებს ბოლო ტურში სატურნირო მდგომარეობის საგრძნობლად გაუმჯობესება შეეძლოთ, მაგრამ შინ ლიტვის "ჟალგირისთან" დამარცხდნენ (55:61). არადა, იყო მომენტი, ლევანის თანაგუნდელები 11 ქულითაც დაწინაურდნენ.

ფაცაციამ სულ 7 წუთი ითამაშა, მაგრამ სასიამოვნოა, რომ მთავარ მწვრთნელ აინარს ბაგაცკისს იგი უკანასკნელ, გადამწყვეტ წუთებზე მოედანზე ჰყავდა.

ვითიბი ლიგა
"ნიჟნი ნოვგოროდი" ევროლიგაზე თუ ჯგუფის კვარტეტში მოხვედრისთვის იბრძვის, ვითიბი ლიგაზე ერთპიროვნული ლიდერია. 1-ელ დეკემბერს ბაგაცკისის შეგირდებმა ფინურ "ბიზონსს" უმასპინძლეს და 79:65 დაამარცხეს.

ლევან ფაცაციას მონაგარი ასეთი იყო: 18 წუთი, 3 ქულა, 5 მოხსნა, 1 ჩაჭრა.

წინა დღით კი დაგეგმილი გამარჯვებები ჩაიწერეს ვიქტორ სანიკიძის "უნიქსმა" და მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ. მოსკოველებმა სტუმრად "ზენიტს" 81:57 აჯობეს, ხოლო ყაზანელებს ყაზახური "ასტანას" შინ დამარცხება ძალიან გაუჭირდათ, თუმცა პირველ ტაიმში დიდი სხვაობით ჩამორჩენის შემდეგ თამაში მაინც შემოატრიალეს - 72:70.

ვიქტორ სანიკიძე მწვრთნელმა ევგენი პაშუტინმა განაცხადში არ შეიყვანა, ხოლო მანუჩარ მარკოიშვილმა მატჩი ფეხის ტრავმის გამო გამოტოვა.

ესპანეთი
თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" ესპანეთის ჩემპიონატში "ტენერიფე" 84:74 დაამარცხა. ამ მოგებით იგი სწორედ ტენერიფელებს გაუთანაბრდა (4 გამარჯვება, 5 მარცხი), მასთან ერთად სატურნირო ცხრილში მეთერთმეტე-მეთორმეტე ადგილებს ინაწილებს.

ამ შეხვედრაში შენგელიამ მხოლოდ 10 წუთი ითამაშა, თითო მოხსნა-დაფარება მიითვალა. სათამაშო დროის შეზღუდვის მიზეზი მწვრთნელი არ ყოფილა, უბრალოდ, თოკომ ხუთი ჯარიმა მიიღო.

სხვათა შორის, ესპანეთის პირველობის ტურის საუკეთესო კალათბურთელად შენგელიას ფრანგი თანაგუნდელი ფაბიენ კოსიე დასახელდა. მან მატჩი 22 ქულით დაასრულა.

ესპანეთის რიგით მეორე, "ოქროს ლიგაში" ბექა ბურჯანაძის "კორუნიას" სწორედ იმდენი მოგება-წაგება აქვს, რამდენიც თორნიკეს "ბასკონიას" - 4/5.

ბოლო ტური კორუნიელთათვისაც წარმატებული გამოდგა. მათ "პრატს" უმასპინძლეს და სწორედ ისეთი ანგარიშით დაამარცხეს, როგორითაც ამ ზაფხულს საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი - 73:62.

ბექამ "პრატთან" 14 წუთი ითამაშა და მეტად აქტიური იყო: 3-დან 2 ორქულიანი, 6-დან 1 სამიანი, 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და 9 ქულას 2 მოხსნა მიამატა. კორუნიელთა ბომბარდირი 15 ქულით ხესუს კასტრო გახდა.

იტალია
იტალიის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე "კანტუსაც" 4 მოგება აქვს, თუმცა ბალანსი არც დადებითია და არც უარყოფითი - 4/4. არადა, ბოლო ტურში გიორგი შერმადინის თანაგუნდელებს ნამდვილად შეეძლოთ სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე გადანაცვლება.

საამისოდ აუცილებელი იყო შინ "ბრინდისის" ძლევა, რაც კანტუელებმა ვერ მოახერხეს. "ბრინდისიმ" 73:63 იმარჯვა.

გიორგი შერმადინმა საკმარისადაც ითამაშა და ქულებიც შესაბამისად მოაგროვა: 23 წუთი, 13 ქულა (8-დან 5 ორქულიანი, 3-დან 3 საჯარიმო), 7 მოხსნა.

"ბრინდისის" შემადგენლობაში 9 ქულითა და 6 პასით გამოირჩა საქართველოს ნაკრებში 2012 წელს ნათამაშები ჯეიკობ პულენი. მისი გუნდი ამჟამად მეექვსე პოზიციაზეა, ხოლო "კანტუ" - მეშვიდეზე.

ჩვენი გაზეთის მკითხველს მოეხსენება, რომ წარმომადგენლები გვყავს იტალიის ოქროსა და ვერცხლის ლიგებშიც. ნიკა მეტრეველი ოქროსლიგელ "ნაპოლიში" თამაშობს, რომლის გუნდსაც მიმდინარე სეზონში 4 მოგება აქვს.

მეოთხე მატჩი ნეაპოლელებმა 30 ნოემბერს "ტეზენისთან" მოიგეს - 67:57. ნიკამ 4 წუთში ამდენივე ქულა და 2 მოხსნა მოინაგრა.

ვერცხლის ლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერია გიგა ჯანელიძის "როსეტო". მან ბოლო ტურში შინ რეჯო "კალაბრიასთან" 73:76 დათმო. დამარცხებულთა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო გიგა იყო, რომელმაც 37 წუთში 13 ქულა და 11 მოხსნა გაიფორმა.

სლოვენია
სლოვენიის ჩემპიონატში მეორე ადგილისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტთან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა მიხეილ ბერიშვილის "ზლატოროგმა". ლაშკოელებმა "გროსუპლიე" 69:59 დაამარცხეს და მოგება-წაგებათა რაოდენობით გაუთანაბრდნენ - 5/2. ასეთივე მაჩვენებელი აქვს კიდევ ერთ გუნდს (როგასკას). ეს ტრიო მეორე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს. პირველია "ტაიფუნი", რომელსაც რვავე მატჩი აქვს მოგებული.

მიხეილ ბერიშვილმა მიმდინარე სეზონში ყველაზე გამორჩეული შეხვედრა "გროსუპლიესთან" ჩაატარა: 31 წუთი, 12 ქულა (4/2 ორქულიანი, 4/2 სამიანი, 2/2 საჯარიმო), 5 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა.

ფინეთი
ქალაქ ლაპუას "კორიკობრატში" მოასპარეზე გივი ბაქრაძემ "ლაჰტისთან" 11 წუთი ითამაშა (2 პასი). მისი გუნდი შინ ბოლო წამებზე 70:72 დამარცხდა.

ლიბანი
ნიკოლოზ ცქიტიშვილი "ჩამპვილთან" ერთად ლიბანის ჩემპიონატისთვის ემზადება. წლეულს ლიბანელებს წინასასეზონო პერიოდი მეტად გაეჭიმათ და პირველობის დაწყების თარიღმა 5 დეკემბრამდე გადაინაცვლა. ამ დღეს "ჩამპვილი" "საგესს" დაუპირისპირდება.

ტუნისი
224 სმ სიმაღლის ქართველმა ცენტრმა სერგო ათუაშვილმა კლუბი გამოიცვალა. მან სეზონი ტუნისის "რადესთან" ერთად დაიწყო, თუმცა ეფექტური გარჯა დაუფასდა და ტუნისის ჩემპიონატის ლიდერის, "აფრიკანის" ყურადღება მიიქცია.

სერგოს ახალ კლუბს მიმდინარე ჩემპიონატში 9 მატჩიდან ყველა მოგებული აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული