რამდენად სერიოზულია გიორგი შერმადინის ტრავმა?

AutoSharing Option
ევროთასის პირველ ეტაპზე გიორგი შერმადინის "კანტუმ" ბოლო მატჩი ჩაატარა. იტალიელებს ბელგიაში, "ოოსტენდესთან" შეხვედრამდეც გარკვეული ჰქონდათ ჯგუფიდან გასვლის საკითხი, თუმცა მოგება მაინც ხელს აძლევდათ, რადგან მომდევნო ეტაპზე შედარებით სუსტ მეტოქეებთან მოუწევდათ დაპირისპირება. ასეა თუ ისე, თანაბარ ბრძოლაში "ოოსტენდემ" 83:77 მოიგო.

შესაბამისად, "კანტუ" მომდევნო ეტაპზე ჯგუფში რუსულ "ხიმკისთან", ბერძნულ პაოკ-თან და ფრანგულ "ლიმოჟთან" მოხვდა. ლიმოჟელები ევროთასზე ევროლიგიდან გადმოერთნენ.

"ოოსტენდე"-"კანტუს" შეხვედრა ქართველი კალათბურთელისთვისაც უიღბლო გამოდგა: გიორგი შერმადინმა პირველ ტაიმში ტრავმა მიიღო.

- კოჭი გადამიბრუნდა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შევძელი. არადა, ძალიან მინდოდა გუნდის
დახმარება ასეთ სერიოზულ შეხვედრაში, მოგების შემთხვევაში ხომ მომდევნო ეტაპზე "ხიმკის" ავცდებოდით, - გვითხრა გუშინ გიორგი შერმადინმა.

ალბათ, ნებისმიერ ქართველ ქომაგს აინტერესებს, რამდენად სერიოზულია კოჭის ტრავმა.

- ბელგიაში მეორე ტაიმში აღარ მითამაშია, თუმცა კოჭი არ დასივდა, რაც მაძლევს იმის იმედს, რომ ტრავმა სერიოზული არ არის. ერთი დღე კიდევ დავისვენებ და შაბათს შევხედავ, როგორ შევძლებ ვარჯიშს.

არადა, კვირას მეტად საპასუხისმგებლო მატჩი გველის - იტალიის ჩემპიონატში "ვენეციას" ვუმასპინძლებთ. ეს გუნდი სატურნირო ცხრილის სათავეშია, კარგი შემადგენლობა ჰყავს, თუმცა შინ ზედიზედ ორი მატჩი წავაგეთ და მესამეში წარუმატებლობა აღარ გვეპატიება. ამასთან, ტოპ-8-ში მოხვედრისთვის ვიბრძვით, რათა იანვარში იტალიის თასზე ვითამაშოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული