გიორგი შერმადინი: ამ მოგებით იტალიის თასზე გასვლის შანსი შევინარჩუნეთ

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატში სტუმრად გაიმარჯვა გიორგი შერმადინის "კანტუმ". ლომბარდიელებმა "პესაროს" 103:83 აჯობეს. სტუმრები დიდ შესვენებაზე 11-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ (43:32), თუმცა ეს მათ დამშვიდების უფლებას არ აძლევდა. არც დამშვიდებულან - მესამე პერიოდში იფეთქეს და "პესაროს" ერთბაშად 35 ქულა ჩაუგდეს (24 მიიღეს). მატჩის ბედიც მეოთხე რაუნდის დაწყებამდე გადაწყდა, თუმცა კალათბურთში, კრივისგან განსხვავებით, თეთრ პირსახოცს არავინ აფრიალებს დანებების ნიშნად და მეოთხე პერიოდმაც ფორმალური სახე მიიღო.

მაშინ, როცა მესამე პერიოდი მთავრდებოდა, იტალიური გამოცემა "დეილი ბასკეტის" ჟურნალისტმა კარლო პეროტიმ დაწერა: ამ მეოთხედში მოედანზე შერმადინი დომინირებს, მისი
შეჩერება პესაროელებს ძალიან უჭირთო.

ამ სიტყვებს საფუძველი ჰქონდა - გიორგიმ მესამე ათწუთეულში 12 ქულა ჩააგდო. მისი სრული მონაგარი კი ასეთი იყო: 22 წუთი, 16 ქულა, 10 მოხსნა, 4 დაფარება. ერთი შეცდომა დაუშვა და მასზე ოთხჯერ დაჯარიმდნენ. შერმადინმა 6-6 ორქულიანი და საჯარიმო სტყორცნა, მხოლოდ ერთი ორქულიანი ააცილა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი მეტისმეტად მაღალი იყო - 31.

მატჩის შესახებ საკუთარი აზრის გამოთქმა გიორგი შერმადინს ვთხოვეთ:

"მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. თამაშისას თანაგუნდელებმაც არ დაიშურეს ჩემთვის პასები და მეც მაქსიმალურად ვეცადე, რომ შინ გამარჯვებულები გავბრუნებულიყავით. ამ მოგებით იტალიის თასზე გასვლის შანსი შევინარჩუნეთ".

შეგახსენებთ, რომ თასის გათამაშებაში ის გუნდები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც პირველ წრეს ზედა რვაეულში დაასრულებენ. "კანტუ" მეცხრე პოზიციაზეა და ერთი მოგებით ჩამორჩება მერვეადგილოსან "აველინოს". წრის ბოლო ტურში აველინოელები "ვარეზეს" მასპინძლობენ, ხოლო კანტუელები - "რომას".

შერმადინის გუნდს სათასო ზონაში მოსახვედრად მოგება მართებს, თუმცა, ამავე დროს, "ვარეზემ" სტუმრად "აველინო" უნდა დაამარცხოს.

"რვაეულში მოხვედრის შანსი მცირეა, თუმცა ჩვენ ჩვენსას ვეცდებით, - განაგრძობს შერმადინი. - აქამდე არაერთი ისეთი ქულა გავანიავეთ, რომლის დაკარგვა არაფრით შეიძლებოდა, მოსაგები თამაშები წავაგეთ და ამიტომაც აღმოვჩნდით ასეთ სიტუაციაში. ერთით მეტი მოგება რომ გვქონდეს, ახლა თასზე გასულები ვიქნებოდით".

"კანტუს" უახლოესი შეხვედრა ევროთასის მეორე ეტაპზე ელის - შეჯიბრების ერთ-ერთ ფავორიტ რუსულ "ხიმკის" 7 იანვარს უმასპინძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული