კანტუელებმა იტალიაში რუსულ გრანდ "ხიმკის" უმასპინძლეს და ლამაზი ანგარიშით, 99:88 დაამარცხეს. "უნიკსმა" სტუმრად "სტრასბურთან" ითამაშა და 61:72 დათმო. როგორც გითხარით, ეს იყო მეორე ეტაპის პირველი ტური და ჯერ ჯგუფიდან გასვლა-არგასვლაზე მსჯელობა ნაადრევია.
გიორგი შერმადინი და ლომბარდიული სენსაცია ევროთასზე
იტალიურ შეხვედრაში გიორგი შერმადინმა 24 წუთი ითამაშა და ნაყოფიერადაც გაისარჯა: 7 ქულა (5/3 ორქულიანი, 1/1 საჯარიმო), 5 მოხსნა, 1 ჩაჭრა. "კანტუს" ბომბარდირი 19 ქულით დამიან ჰოლისი გახდა, ჯონსონ-ოდომმა კი 18 როგორც ჰოლისს, ასევე ჯონსონ-ოდომს ქულათა დიდი ნაწილი სამქულიანებით მოუგროვდათ.
იტალიელებმა სულ 12 სამიანი გამოიყენეს, რაც გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო.
ასევე დიდი ზეგავლენა იქონია შეხვედრის საბოლოო შედეგზე მეორე პერიოდმა, რომელიც კანტუელებმა აღმაფრენით ჩაატარეს და 20-ქულიანი უპირატესობით მოიგეს - 34:14.
სანიკიძის თითქმის ორმაგი
"სტრასბური"-"უნიკსის" მატჩში კი ყველაზე საინტერესო შედეგი მესამე პერიოდში დაფიქსირდა. ამ ათწუთეულში გუნდებმა სულ 12 ქულა ჩააგდეს ("უნიკსმა" 8:4 მოიგო). ყველა დანარჩენი პერიოდი ფრანგების გამარჯვებით დასრულდა და საბოლოო წარმატებასაც მათ მიაღწიეს."უნიკსის" მაისურით ვიქტორ სანიკიძემ 18 წუთი ითამაშა. დროის ამ მონაკვეთში მან 9 ქულა, 10 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. ვიქტორის დიდი წვლილიცაა იმაში, რომ "უნიკსმა" მასპინძლებს მოხსნაში საგრძნობლად აჯობა (40:27), თუმცა მოხსნებში უპირატესობის მოპოვება საბოლოო შედეგზე რომ არ მოქმედებს, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"