ლუკა ბულაშვილი - მეხუთე ქართველი ევროლიგაზე

AutoSharing Option
2014-15 წლების ევროლიგა ქართული კალათბურთის ისტორიაში უპრეცედენტოა - ყველაზე მეტი ქართველი სწორედ ამ სეზონში შეიკრიბა: ვიქტორ სანიკიძე (რომლის "უნიქსმა" შეჯიბრება პირველ ეტაპზე დაასრულა), მანუჩარ მარკოიშვილი, თორნიკე შენგელია და ლევან ფაცაცია.

27 თებერვალს წლევანდელ ევროლიგაში კიდევ ერთი ჩვენიანი ჩაერთვება - ლუკა ბულაშვილი.

კი მაგრამ, ლუკას საქართველოს ნაკრებში არ უთამაშია და ევროლიგის გუნდში როგორ მოხვდაო? - იკითხავთ. გიპასუხებთ: უთამაშია, გასულ ზაფხულს საშუალოდ 15.3 ქულას, 5.1 მოხსნასა და 2 პასს აგროვებდა. ოღონდ საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებში. მეტად აღარ დაგაბნევთ - ბულაშვილის ამჟამინდელი გუნდი "კანარების
აკადემია" 27 თებერვლიდან ჭაბუკთა ევროლიგაში ჩაერთვება.

კუნძულელების მეტოქეები იქნებიან სერბეთის "პარტიზანი", იტალიის "უმანა" და სერბეთის "ზემუნი". "აკადემიაში" კიდევ ერთი ქართველია, ნიკოლოზ ბუტიკაშვილი, რომელიც 15 წლისაა და წლეულს 18-წლამდელთა ევროლიგაზე მონაწილეობას ვერ მიიღებს.

"ლელოში" ამ მატჩებს აუცილებლად გავაშუქებთ, თუმცა ჭაბუკთა ევროლიგის დაწყებამდე ქართველ მკითხველს, ალბათ დააინტერესებს მომავალი ევროლიგელის ვინაობა. ვიდრე ლუკა ბულაშვილს გაგაცნობდეთ, შეგახსენებთ, რომ 2003 წელს ჭაბუკთა ევროლიგა მოსკოვის ცსკა-სთან ერთად
გიორგი ცინცაძეს აქვს მოგებული.

ლუკა ბულაშვილი, ისევე როგორც საქართველოში დაბადებულ ბავშვთა უმეტესობა, პატარაობიდან ფეხბურთით იყო გატაცებული. არც ის გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვით, რომ თავიდან სწორედ საფეხბურთო მინდვრებზე დასდევდა ბურთს. შემტევი იყო, გამთამაშებლადაც ირჯებოდა, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა ისეთ სპორტზე გადასულიყო, სადაც ერთი "დარტყმით" გუნდს ორ ან სამ ქულას მოუტანდა...

- ფეხბურთი პატარაობაშიც მიყვარდა და ახლაც სიამოვნებით ვუყურებ, მაგრამ ჩემს სპორტულ კარიერაზე დიდი გავლენა იქონია ჩემმა უფროსმა ძმამ, მერაბმა, რომელიც კალათბურთზე დადიოდა და მეც მსურდა მასსავით კალათბურთელი გამოვსულიყავი. იგი ახლაც თამაშობს, "სოხუმის" ახალგაზრდულ გუნდში. 7 წლისა ვიყავი, ფეხბურთს კალათბურთი რომ შევანაცვლე, - მოგვითხრობს ლუკა, რომელიც თავიდან "დინამოში" ვარჯიშობდა, საიდანაც "აკადემიაში" აღმოჩნდა.

- "დინამოში" არჩილ ჟღენტის ხელმძღვანელობით ვემზადებოდი, ხოლო "აკადემიაში" - გია კაზანჯიანის. მათი მითითებით ბევრს ვვარჯიშობდი და დღესვე შემიძლია ვთქვა, რომ დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს კალათბურთელად ჩამოყალიბებაში. თუმცა ისიც მესმის, რომ კიდევ ბევრი მაქვს სამუშაო.

საამისოდ ესპანური "კანარების აკადემია" სათანადო ვარიანტია. ეს გუნდი ნიჭიერი ახალგაზრდების პროფესიონალებად ჩამოყალიბებაზე ზრუნავს და შემდეგ ესპანეთის თუ ევროპის წამყვან კლუბებში ანაწილებს. სწორედ ასე მოხვდნენ "ბარსელონას" ჭაბუკთა გუნდში თავის დროზე კოკა ტომარაძე და ლევან ფაცაცია. ლევანს და კოკას "კანარების აკადემიაში" ავარჯიშებდა ანტონიო დე ტორესი, რომელიც ამ ზაფხულს საქართველოში იყო და ბულაშვილიც თბილისური კემპის შემდეგ მიიწვია კუნძულზე.

სინიორ ანტონიო რამდენიმე წლის წინათ "კანარების აკადემიაში" მოღვაწეობდა, თუმცა შემდეგში ამ ორგანიზაციას გამოეყო და თავისი კლუბი გახსნა - "ტორბელინო". ლუკა თავიდან ამ გუნდში თამაშობდა, თუმცა ესპანეთის 18-წლამდელთა ჩემპიონატზე მისი თამაშით "კანარების აკადემიას" ხელმძღვანელობა მოიხიბლა და დიდი მცდელობის შედეგად ბულაშვილი თავისთან გადაიყვანა.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ლუკას ახალი გუნდი ევროლიგაზე ასპარეზობს. ამასთან, ესპანეთის 18-წლამდელთა ჩემპიონატის საწყის ეტაპზე წარმატებით გამოდის. "საწყისი ეტაპი" კანარების ჩემპიონატია, სადაც ორი ლიდერია - ბულაშვილი-ბუტიკაშვილის "აკადემია" და ვილი ისიანის "გრან კანარია". ამ გუნდებს თითო წაგება აქვთ და დიდი ალბათობით მომდევნო ეტაპზე სწორედ ისინი გავლენ. ფინალურ ეტაპზე კი თავს ესპანეთის საუკეთესო კლუბები მოიყრიან, "სევილიიდან" დაწყებული, "ბარსელონათი" დამთავრებული.

- როგორც "ტორბელინოში", ასევე "კანარების აკადემიაში" ინტენსიური ვარჯიშებია. დღეში ოთხჯერ გვიწევს დარბაზში შესვლა და ყოველ ვარჯიშზე 7 მწვრთნელი გვამზადებს. ცხადია, ყველას თავისი მიმართულება აქვს. გუნდში მხოლოდ მე როდი ვარ ლეგიონერი, "აკადემია" ძირითადად უცხოელებითაა დაკომპლექტებული და დიდი ნაწილი თავისი ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების ღირსებას იცავს.

ლოგიკურია, რომ ასეთ გუნდში კონკურენციაც სერიოზულია, თუმცა ქართველი რისი ქართველია, კონკურენციამ შეაყოვნოს...

- განსაკუთრებით დიდი კონკურენციაა ჩემს პოზიციაზე, თუმცა ეს ნამდვილად არ მაშინებს, დარწმუნებული ვარ საკუთარ თავში, ჩემს შესაძლებლობებში და ყველა ღონეს ვიხმარ, რომ კარგ კალათბურთელად ჩამოვყალიბდე. ქართველი სპორტსმენებიდან დიდ პატივს ვცემ ზაზა ფაჩულიას. იგი ჩემთვის სამაგალითოა თავისი შრომისმოყვარეობით.

ბულაშვილმა ისიც გვითხრა, კევინ დურანტის თამაში ძალიან მომწონსო... თუმცა ლუკა არც ცენტრია და არც ფორვარდი - ესპანეთში ხან გამთამაშებლად ირჯება, ხან მსროლელად. 17 წლის 192 სმ სიმაღლის ჭაბუკის მომავლისთვის გამთამაშებლობა იდეალური გადაწყვეტილებაა.

- საქართველოს კადეტთა ნაკრებსა და "ტორბელინოში" მეორე ნომრად (მსროლელად) ვთამაშობდი. იშვიათად მიწევდა პლეიმეიქერობა. "კანარების აკადემიაში" კი ინტენსიურად მათამაშებენ პირველ ნომრად (პლეიმეიქერად). ვფიქრობ, ეს ჩემთვის საუკეთესო ვარიანტია.

წლეულს ლუკა ბულაშვილს საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ელის, ჯგუფში პორტუგალიის, შვედეთის, სლოვაკეთის, ჩეხეთისა და რუმინეთის წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევს. კანარელი ნაკრებელი იმედიანადაა:

- ძლიერი გუნდი გვყავს. დარწმუნებული ვარ, ოფიციალური მატჩებისთვის სათანადოდ მოვემზადებით და მხოლოდ ჯგუფიდან გასვლით არ დავკმაყოფილდებით - შესარჩევზე კარგ შედეგსაც ვუჩვენებთ.

ბოლოს დავძენთ, რომ ბულაშვილის, ისიანისა და ბუტიკაშვილის გარდა კანარის კუნძულებზე კიდევ ოთხი კალათბურთელი ვარჯიშობს: ბუბუ ჟღენტი, ნიკოლოზ ჭანტურია, საბა ღვედაშვილი და გიორგი გოგუა "ტორბელინოს" ღირსებას იცავენ.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული