ფაჩულია VS მიროტიჩი - ევროპელთა ჩიკაგოური გარჩევა [VIDEO]

AutoSharing Option
"მილუოკი ბაქსმა" აღმოსავლეთ კონფერენციის მეოთხედფინალში მეორე მატჩი ჩაატარა და "ჩიკაგო ბულზთან" ამჯერადაც დამარცხდა - 82:91. სერიაში, რომელიც ოთხ მოგებამდეა, ჩიკაგოელები 2:0 დაწინაურდნენ. მილუოკელთა ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ 23 წუთში 7 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მოინაგრა (2 ფოლი, 0 შეცდომა).

შესავალში მხოლოდ მშრალად ჩამოგიწერეთ შედეგები და რიცხვები, თუმცა ნებისმიერ მკითხველს მოეხსენება, რომ პლეი ოფში, მით უმეტეს, NBA-ში, მონაგარში თითოეული ქულის მოსაპოვებლად ბევრი ოფლის ღვრა, თითო მოხსნისთვის დიდი ბრძოლაა საჭირო...

"ჩიკაგო"-"მილუოკის" დაპირისპირებაც ნამდვილ ომად იქცა, იყო ნერვების
ჭიდილი, გაწევ-გამოწევა და, რა თქმა უნდა, ლამაზი ეპიზოდებიც.

პირველ ტაიმში მილუოკელი ჯონ ჰენსონი და ჩიკაგოელი აარონ ბრუკსი გაიქაჩნენ ერთმანეთისკენ. ყველაზე მეტად მასპინძელი ჯიმი ბატლერი გაცხარდა, თუმცა ჰენსონამდე "მილუოკის" უკანახაზელმა ოჯეი მეიომ არ მიუშვა.

იმ ეპიზოდში ზაზა მოედანზე არ იყო, თუმცა, მოგვიანებით ისიც გაეხვია შარში: მატჩის დასრულებამდე 2:47 წუთით ადრე იგი "ჩიკაგოს" საჯარიმოსთან ბურთის მოსაპოვებლად ნიკოლა მიროტიჩს გადაახტა. ბურთს კი შესწვდა, მაგრამ იატაკზე გართხმულმა ჩერნოგორიელმა მიროტიჩმა ქართველს ზურგში ხელი ჰკრა.

კიდევ კარგი, ორივე იატაკზე იჯდა, თორემ, შესაძლოა, ისეთი ინციდენტი გამეორებულიყო, რაც მარტში თორნიკე შენგელიას შეემთხვა (მასაც ჩერნოგორიელ კალათბურთელთან).

ზაზა აგრესორს გაბრაზებული მიუბრუნდა, თუმცა წაქცეულებს დროულად მიუსწრეს თანაგუნდელებმა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ორივე გუნდი სათადარიგოთა სკამებთან შეიკრიბა, ხოლო მსაჯებმა ვიდეოგამეორებით სცადეს სიტუაციაში გარკვევა. მილუოკელებთან ერთად ჩვენც იმედი გვქონდა, რომ არბიტრები ტექნიკური ჯარიმით მხოლოდ მიროტიჩს დასჯიდნენ, რადგან ინციდენტის ინიციატორი ის იყო. თუმცა მსაჯებმა ჩვენი სურვილი არ გაითვალისწინეს და ორივეს ტექნიკური შენიშვნა მისცეს. ეს კი ზაზას გაძევებას ნიშნავდა, რადგან მას წუთნახევრის წინ ერთი ტექნიკური უკვე მიღებული ჰქონდა (მიროტიჩს სახეში იდაყვი მოარტყა, ცხადია, შემთხვევით).

ფაჩულია მშვიდად შეხვდა განაჩენს და გასახდელშიც დინჯი ნაბიჯებით გავიდა. სხვათა შორის, ზაზასა და მიროტიჩის გარდა, მატჩის მსვლელობისას კიდევ ოთხმა კალათბურთელმა მიიღო ტექნიკური ჯარიმა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან არავის ეთმობა ნახევარფინალი.

მიროტიჩმა ზაზასთან შეჯახების შემდეგ მუხლი იტკინა და მოედანზე ვეღარ გამოვიდა. რაც შეეხება ქართველის სასჯელს, ლოგიკურად, მან მომდევნო თამაში არ უნდა გამოტოვოს, რადგან მოედანი არა პირდაპირი გაძევებით, არამედ ტექნიკური შენიშვნების გამო დატოვა.

ამერიკულ გაზეთებში ზემოთ აღნიშნულ ინციდენტს ევროპელთა ჩიკაგოური გარჩევა უწოდეს. მას კიდევ ერთი ევროპელი, "ჩიკაგო ბულზის" ფორვარდი პაუ გასოლი გამოეხმაურა და ზაზას მოქმედება არასპორტულად შეაფასა:

"იმედი მაქვს, ამ ამბავს გართულება არ მოჰყვება, მიროტიჩის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდება. ვფიქრობ, ფაჩულიამ არაერთხელ ითამაშა ცუდად, არასაკალათბურთოდ..."

ზაზას ადრეც უთქვამს, მოედანზე რომ გამოდის, მისთვის მთავარია, გუნდს მაქსიმალურად დაეხმაროს. პლეი ოფში კი, როცა ყოველი მოხსნა თუ ქულა ძვირად ფასობს, იგი თავს არ ზოგავს, ბოლომდე იბრძვის და თუ "ცუდად თამაშობს" და მასთან ბურთისთვის შეჭიდება საშიშია, გასოლს შეუძლია გვერდზე გადგეს.

სხვათა შორის, პაუ საკმარისად გამოცდილია საიმისოდ, რომ თავი აარიდოს მსგავს ინციდენტებსა თუ ტრავმებს. თავს ვერ დავდებთ, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ პაუ მართლაც ერიდება ჩვეული ინიციატივის გამოჩენას. ამას სტატისტიკაც გვეუბნება: ესპანელი სეზონში საშუალოდ 18.5 ქულას აგროვებს, "ბაქსთან" საპლეიოფო მატჩებში კი ჯერ 10 ქულა ჩააგდო, შემდეგ - 11.

თუმცაღა, ჩიკაგოელებს გასოლის თავის გამოდება სულაც არ დასჭირვებიათ - უკანახაზელების ეფექტური თამაშით სერიაში უკვე 2:0-ს იგებენ.

პირველი მატჩისგან განსხვავებით, დერეკ როუზი "ჩიკაგოს" სათანადოდ ვერ გაუძღვა (15 ქულა), სამაგიეროდ, პლეი ოფში ბოლომდე გაიხსნა მსროლელი ჯიმი ბატლერი, რომელმაც ამჯერად 31 ქულა ჩააგდო.

"მილუოკის" ბომბარდირი კრის მიდლტონი კი გახდა (22 ქულა), თუმცა, უცნაურია, რომ პლუს-მინუსებში ყველაზე დიდი მინუსი სწორედ მას ჰქონდა - კრისის მოედანზე ყოფნისას "ჩიკაგომ" 13-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. სხვათა შორის, "ბაქსის" მიერ რეალიზებული ოთხიდან სამი სამქულიანი მიდლტონის ანგარიშზეა. "ჩიკაგოელებმა" კი მეტოქეზე სამჯერ მეტი სამიანი ჩააგდეს - 12.

მეოთხედფინალური სერიის მომდევნო ორი მატჩი მილუოკიში გაიმართება. უახლოესი შეხვედრა თბილისის დროით 24 აპრილს, გამთენიისას, 4 საათზე დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიროტიჩი ჭიათურელი, სოფელ წირქვალელი, მიროტაძეა-არ დაჭამეს ამ ქართველებმა ერთმანეტი!
grisha oniani
13:18 22-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული