გიორგი შერმადინმა "კანტუს" სერიის მე-3 მატჩი მოაგებინა

AutoSharing Option
გიორგი შერმადინმა იტალიის პლეი ოფში გაიბრწყინა. ქართველმა ცენტრმა შედეგიანი მატჩი ჩაატარა და "კანტუს" მეოთხედფინალური სერიის მესამე მატჩი მოაგებინა. ამ გამარჯვების შემდეგ კანტუელებმა "უმანა ვენეციასთან" სერიაში ჩამორჩენა 1:2 შეამცირეს.

შერმადინის გუნდმა სერიის საწყისი 2 შეხვედრა ვენეციაში ბრძოლაში დათმო, რის შემდეგაც ბრძოლამ კანტუში გადაინაცვლა. მასპინძლებმა ქართველი ცენტრის გამორჩეული თამაშითა და რა თქმა უნდა, გუნდური სულისკვეთებით დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს - 90:80.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 22 წუთი გაატარა. გიორგიმ 8-დან 5 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. საბოლოოდ მის ანგარიშზე 13
ქულა, 9 მოხსნა, 4 დაფარება და 2 პასი დაგროვდა. შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 30 შეადგინა და მთელი 12 ერთეულით გადააჭარბა მის შემდეგ კანტუელთაგან საუკეთესო ჯეიმს ფელდეინის ანალოგიურ მონაგარს.

სერიის მე-4 შეხვედრა კვლავ კანტუში - 25 მაისს გაიმართება. ამავე დღეს შედგება "ენელ ბრინდისისა" და "რეჯიო ემილიას" სერიის მე-4 მატჩიც. ბრინდისელთა ღირსებას საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი გამთამაშებელი, ჯეიკობ პულენი იცავს, რომლის ქებული თამაშის წყალობით გუნდმა მოედნის უპირატესობა მოიპოვა.

"ბრინდისიმ" სერიის წინა მატჩი რეჯიო ემილიაში მოიგო, რის შემდეგაც, შინაც იმარჯვა და სერიაში 2:1 დაწინაურდა. გასულ შეხვედრაში პულენმა 32 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა, მისმა გუნდმა კი "რეჯიო ემილიას" დაძაბულ ბრძოლაში - 62:58 სძლია. პულენის გუნდს სერიის მოსაგებად მე-3 გამარჯვების მოპოვება ესაჭიროება.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული