პერსპექტივა: ვილი ისიანი "გრან კანარიას" სასტარტოში

AutoSharing Option
ფოტოზე: ვილი ისიანი (N5) "გრან კანარიასთან" ერთად
საქართველოს ნაკრებში ვინ შეცვლის ლიდერებს? ასეთი შეკითხვები დღითიდღე იძენს აქტუალურობას. მომავლის თემებს დღეს კონკრეტულ პასუხს ვერ მოვუძებნით, მაგრამ შეგვიძლია მომავლის კალათბურთელებიც ჩამოგითვალოთ.

დღეს ვილი ისიანზე მოგახსენებთ, რომელიც მეორე სეზონია ესპანეთში, "გრან კანარიაში" თამაშობს და წლეულს უმაღლესლიგურ გუნდში სამი საკონტროლო შეხვედრაც ჩაატარა.

სწორედ ასე იწყებდნენ ესპანეთში ბექა ბურჯანაძე, თორნიკე შენგელია, რომლებსაც თინეიჯერულ ასაკში "სევილიასა" თუ "ვალენსიაში" მცირე სათამაშო დრო ჰქონდათ. შემდეგ როგორ განაგრძობს, უკვე ვილიზეა დამოკიდებული.

მან "გრან კანარიას" მაისურით წინასასეზონო ეტაპზე პირველი შეხვედრა
"ესტუდიანტესთან" ჩაატარა. კუნძულელებმა 90:67 მოიგეს, ვილიმ კი 4 ქულა ჩააგდო.

აი, როგორ იხსენებს 18 წლის ქართველი "ესტუდიანტესთან" შეხვედრას:

"გრან კანარიასთან" ერთად ვარჯიშს მზადების დასაწყისიდანვე შევუდექი. პირველივე საკონტროლო შეხვედრაში განაცხადში რომ მოვხვდებოდი, ვიცოდი, თუმცა არ მეგონა, მწვრთნელი აიტორ გარსია რენესესი პირველივე მეოთხედში თუ შემიყვანდა მოედანზე.

მე-5 წუთზე შევედი და კონკრეტული დავალებაც მივიღე - მეტოქის ფორვარდის აგრესიულად დაჭერა, რომელიც გუნდის ერთ-ერთი მთავარი მექულე იყო. პირველი შესაძლებლობისთანავე ბურთი წავართვი და სწრაფი შეტევა განვახორციელეთ.

მომდევნო იერიშისას თავად ჩავაგდე ორქულიანი და საბოლოოდ 4 ქულა მომიგროვდა".

კანარელებმა მეორე მატჩი "ობრადარიოსთან" გამართეს და 74:46 მოიგეს. აი, რა წერია ვილი ისიანზე გამოცემა "მარკას" მატჩის მიმოხილვაში:

"საინტერესო იყო შემადგენლობაში ახალგაზრდა ქართველის, ვილი ისიანის გამოჩენა, რომელმაც 7 ქულასთან ერთად 6 მოხსნა და 3 პასი შეასრულა."

"როგორც ჩანს, მწვრთნელი პირველი მატჩით კმაყოფილი დარჩა, "ობრადარიოსთან" მეორე შეხვედრაში სასტარტო ხუთეულში დამაყენა.

ვფიქრობ, იმედები არ გავუცრუე, 2-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩავაგდე. დაცვაშიც ბევრი ვიშრომე", - გვითხრა ვილიმ.

ისიანმა მესამე მატჩი გერმანულ "ულმთან" ჩაატარა, თუმცა სათამაშო დრო შეზღუდული ჰქონდა და შეხვედრაც უქულოდ დაასრულა. "გრან კანარიამ" კი სტუმრებთან ვერაფერი გააწყო და 51:66 დამარცხდა.

მოსამზადებელი ეტაპის დროს კანარელთა მთავარმა მწვრთნელმა აიტორ გარსია რენესესმა პრესკონფერენცია მოაწყო, სადაც სხვა კალათბურთელების პარალელურად, ვილიზეც ისაუბრა:

"მზადება რომ დავიწყეთ, გვაკლდა რამდენიმე ლიდერი, რომლებიც ნაკრებებთან ერთად ევრობასკეტზე თამაშობდნენ.

მათ ნაცვლად შემადგენლობაში შევიყვანეთ ჩვენივე გუნდის ახალგაზრდები, ვილი ისიანი და ანჟეის პასეჩნიკსი. სწორედ მათ მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ახალგაზრდული სკოლა კარგად მუშაობს".

რას უნდა ველოდეთ ოფიციალური მატჩების დაწყებასთან ერთად? "გრან კანარიას" დაუბრუნდნენ საშა სალინი (ფინეთი), პაბლო აგილარი (ესპანეთი) და ალენ ომიჩი (სლოვენია). შესაბამისად, რთული სათქმელია, მოხვდება თუ არა ისიანი 12-კაციან განაცხადში, თუმცა მთავარია, რომ მას მწვრთნელისთვის დამტკიცებული აქვს თავისი შესაძლებლობები.

ამასობაში ვილის სხვა გუნდთან ერთად მოუწევს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა.

"ესპანურ გუნდებს ჰყავთ დუბლშემადგენლობები, რომლებიც ძირითადად ება-ს ლიგაზე თამაშობენ. "გრან კანარიას" მეორე გუნდსაც ამ ლიგაში უწევს თამაში და მეც. პარალელურად, ინდივიდუალურადაც ვვარჯიშობ", - დასძინა ვილი ისიანმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
წარმატებები!!! კოჭებში ეტყობა სიკეთე ამ ბიჭს
irakli apkhaidze
15:42 29-09-2015
0
ეს ვილი ისიანი და ფეხბურთელი ვილი ისიანი ტყუპები არიან?
furo
16:52 29-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული