ორი მოხსნა ორმაგამდე - ვიქტორ სანიკიძემ თურქეთის ჩემპიონატში პირველი მატჩი ჩაატარა

AutoSharing Option
ვიქტორ სანიკიძემ თურქეთის ჩემპიონატში პირველი მატჩი ჩაატარა. საწყის ტურში მისი "ტედ კოლეჯის" მოწინააღმდეგე შეჯიბრების ფავორიტი "ფენერბაჰჩე" იყო. შედეგიც შესაბამისია - სტამბოლელებმა კოლეჯელები 97:81 დაამარცხეს.

შეხვედრის დასაწყისში 10 ქულის სხვაობით დაწინაურდნენ ფენერბაჰჩელები და ვიქტორ სანიკიძის თანაგუნდელები მთელი შეხვედრა ამ სხვაობის გაბათილებას მოუნდნენ. საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე სტამბოლელთა სასარგებლოდ ანგარიში 82:74 იყო, თუმცა დარჩენილ დროში ფავორიტებმა გაილაღეს და 16-ქულიანი ფორით მოიგეს.

სანიკიძეს "ტედ კოლეჯშიც" ზურგზე ერთიანი და სამიანი აწერია, თუმცა 13 ნომერი არა - 31-ნომრიანი მაისურით თამაშობს. ვინც მატჩს უყურა, დაგვეთანხმება,
რომ მწვრთნელი მას ერთ-ერთ ლიდერად განიხილავს - ყველა კომბინაცია ვიქტორზე გადის. ისევე, როგორც საქართველოს ნაკრებში, "ტედ კოლეჯშიც" სანიკიძე გამთამაშებელს ეხმარება უკანა ხაზში.

იყო ეპიზოდი, როცა მან ბურთი პლეიმეიქერთან გაათამაშა და ფარქვეშაც შეირბინა. ელოდა საალეიუპე აგდებასაც, მაგრამ "ტედ კოლეჯში" ხომ გიორგი ცინცაძე არ თამაშობს...

ასე და ამგვარად, სანიკიძემ 33 წუთი ითამაშა, 11 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 7-დან 4 ორქულიანი (ნახევარი ჩატენვის შედეგი იყო) და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

მატჩის ბომბარდირი "ფენერბაჰჩეს" ჩეხი ცენტრი იან ვესელი გახდა - 24 ქულა ჩააგდო. 14 ქულა მიითვალა NBA-დან დაბრუნებულმა იტალიელმა ლუიჯი დატომემ, რომელიც ასევე "ფენერბაჰჩეს" ღირსებას იცავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული