ამერიკელთა ქართველი კაპიტანი - ინტერვიუ ლუკა სიხარულიძესთან

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ლიდერთა უმეტესობა 30 წელსაა გადაცილებული. მათ ახლო მომავალში ღირსეული შემცვლელები სჭირდებათ. საქართველო ამერიკა არ არის, მაიკლ დიქსონის დარი კალათბურთელები სხვა ქვეყნებში მიავლინოს - დასაკარგი ტალანტები არ გვყავს. ამიტომ, დიდი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ მათ მიმართ, ვისაც შეუძლია საქართველოს გამოადგეს.

ამერიკაში სწავლობს და ასპარეზობს 19 წლის ლუკა სიხარულიძე, რომელსაც კალათბურთის თამაში საქართველოში არ
დაუწყია. ჯერ საბერძნეთში ვარჯიშობდა, ამჟამად კი ამერიკაშია.

- 8 წლისა რომ ვიყავი, კალათბურთზე შემიყვანეს, თუმცა მალევე გამოვედი, ცურვა განვაგრძე. ორი წლის შემდეგ კი კვლავ დავუბრუნდი კალათბურთს და
სპორტის ეს სახეობა ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა,
- ამბობს ლუკა სიხარულიძე და განაგრძობს:

- თამაში ქალაქ სალონიკში დავიწყე. იმ პერიოდში ჩემი ოჯახი საბერძნეთში ცხოვრობდა. 12 წლისა ვიყავი, ამერიკაში რომ გადავედით, სწავლა ბრუკლინის ფრედერიკ დაგლასის სახელობის "ჰაი სქულში" განვაგრძე. ამავე სასწავლებლის საკალათბურთო გუნდში ვთამაშობ სახელწოდებით "ლაიონს" (ლომები).

საბერძნეთიდან ამერიკაში რომ გადავიდა ასაკით პატარა იყო, მაგრამ ორი სათამაშო სისტემის სერიოზული სხვაობა საკუთარ თავზე მაინც გამოსცადა:

- ამერიკისა და ევროპის კალათბურთი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ბრუკლინში ჩასულს გაცილებით ძალისმიერი კალათბურთი დამხვდა, დიდი ყურადღება ენიჭება დაცვას. საბერძნეთში თავიდანვე სწორ თამაშს გვასწავლიდნენ, ტაქტიკურ აზროვნებას გვაჩვევდნენ. მეტ კომბინაციას ვათამაშებდით.

ლუკა გამოგვიტყდა, რომ ამერიკაში თავიდან ძალიან გაუჭირდა, თუმცა დროთა განმავლობაში იქაურ სტილსაც შეეგუა და რეჟიმსაც.

- სკოლა 8 საათზე მეწყებოდა. მამაჩემი სახლიდან დილის 4 საათზე გადიოდა, მე 4:30-ზე მივდიოდი ვარჯიშზე. პირად მწვრთნელთან ნიუ ჯერსიში ვემზადებოდი. რთული იყო, თუმცა კარგად მესმოდა, თუ კალათბურთის თამაში მინდოდა, ბევრი უნდა მეშრომა.

შედეგიც სახეზეა. სასწავლებლის გუნდში ლუკა სიხარულიძე კაპიტანია. საინტერესოა, რომ იგი ერთადერთი თეთრკანიანია. საკითხავია, რატომ აირჩიეს იგი კაპიტნად?

- გუნდის ძირითადი ბირთვი რამდენიმე წელია ერთად ვთამაშობთ. ერთ დღესაც მწვრთნელმა შეგვკრიბა და დაგველაპარაკა. ყველა კალათბურთელს ჰკითხა, ვის ისურვებდა კაპიტნად. მე ამირჩიეს. გამეხარდა, თუმცა ისიც ვიცი, რომ დიდი პასუხისმგებლობაა. ქართველები კი პასუხისმგებლობას არასოდეს გავურბივართ.

ლუკას "ლაიონსი" თავის ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდია...

- ამ სეზონში ჩვენს დივიზიონში კარგად ვითამაშეთ. ყველა მატჩი მოვიგეთ და მანჰეტენის ჩემპიონებიც გავხდით. შემდეგ ეტაპზე კი პირველობამდე ცოტა დაგვაკლდა. პლეი ოფში წაგების მიუხედავად, ჩვენს სკოლაში დიდი პატივით მიგვიღეს, რადგან 2005 წლის შემდეგ ასეთი შედეგი "ლაიონსს" არ ჰქონია. ამასთან, გავიმარჯვეთ სამხრეთ კაროლინაში გამართულ სერიოზულ შეჯიბრებაში.

ვფიქრობთ, ლუკა სიხარულიძე საკმარისად გაგაცანით, თუმცა მთავარი არ გვითქვამს: იგი 191 სმ სიმაღლისაა, პოზიციით უკანახაზელია. როგორც თავად გვითხრა, ძირითადად მსროლელის ამპლუაში თამაშობს, თუმცა მატჩებისას გამთამაშებლობაც უწევს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ღმერთმა ხელი მოუმართოს. კალთბურთის ფედერაციაში დოყლაპიობას თავი დაანებეთ და მიხედეთ საქმეს. კერძოდ, საკუთარი სანათესაოს იქით გაიხედეთ და დაინახეთ პერსპექტიული ახალგაზრდები. მაინდამაინც საკუთარი შვილების საკალათბურთო კარიერით ნუ დაკავდებით, შესაძლოა სხვა უფრო ნიჭიერია და ვინც ნიჭირს საკუთარ უნიჭო შვილსა ან ნათესავს არჩევს ის ქვეყნის მოღალატეა გაიგეტ კალათბურთის შეფებო?! - გრძელები ნუ იქნებით, მაღლები იყავით, ...
ტრესტ - 2
11:37 19-09-2016
0
ჩემი დეიდაშვილია კარგი ბიჭია ყოველ წელს ჩამოდის საქართველოში. შარშანაც იყო ჩამოსული ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის ემზადებოდა,მთელი გულით უნდოდა რომ მოხვედრილიყო იმ ოლიმპიადაზე და ხალხისთვის თავი გაეცნო, მაგრამ მწვრთნელმა განაცხადში არ გაიყვანა. ამაზე კი გული ძალიან დაწყდა
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული