ზაზა ფაჩულიას 5 ქულა, 6 მოხსნა და "გოლდენ სტეიტის" მორიგი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტნის, ზაზა ფაჩულიას გუნდმა "გოლდენ სტეიტმა" ნბა-ს რეგულარული სეზონის საშინაო წაგებით დაწყების შემდეგ, 2 ნოემბერს, გამთენიისას, ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. ოკლენდელები მათი ქალაქისავით ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე პორტლენდს ესტუმრნენ და იქაური "თრეილ ბლეიზერსი" 127:104 გაანადგურეს.

ქართველმა ცენტრმა სტაბილურად ითამაშა. ის ტრადიციულად სასტარტო ხუთულში იყო და ამჯერად მოედანზე 19 წუთი გაატარა. ეს უფრო იმით იყო გამოწვეული, რომ "პორტლენდმა" ნომინალური ცენტრის გარეშე ითამაშა და "გოლდენ სტეიტსაც" მეტი რა უნდოდა, სწრაფ და სნაიპერების ორთაბრძოლაში მეტოქე ყოველმხრივ
დაჩაგრა.

ფაჩულიამ 3-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და წინა მატჩის დარად, 5 ქულა მოაგროვა, რასაც ქართველმა ცენტრმა 6 მოხსნა და 2 პასი მოაყოლა. ზაზა არც დაჯარიმებულა და ბურთიც არ დაუკარგავს. მან თავისი საქმე გააკეთა და ეს გამარჯვებისთვის საკმარისი იყო.

ოკლენდელთა ვარსკვლავურ გუნდში ხმაურიანი შეჭრა მოახდინა იან კლარკმა - ახალწვეულმა მსროლელმა, რომელმაც 25 წუთში 22 ქულა ისე მოაგროვა, ბურთი არ აუცილებია. კლარკი სათადარიგო იყო და მესამე პერიოდში მისმა ზუსტმა სროლებმა ოკლენდელებს 41:20 მოაგებინა, რითაც საკმაოდ ძლიერი "პორტლენდი" საშინაო კედლებში წასაგებად გაიწირა.

სტეფ კარიმ 30 წუთში 28 ქულა ჩააგდო, ხოლო კევინ დურანტმა 31 წუთში - 20 ქულა. უნივერსალიზმით გამოირჩა "მეომრების" "შავი (მუშა) მარგალიტი", რომელმაც 9 პასი, 8 მოხსნა, 6 ქულა, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.
იხილეთ ვიდეო: პორტლენდი-გოლდენ სტეიტი 104:127
Sportall.Ge

დღესვე სეზონის პირველი მარცხი განიცადა გოლდენსტეიტელთა სეზონის გახსნით მატჩში მძლეველმა "სან ანტონიომ", რომელიც შინ საშუალოზე სუსტ "იუტასთან" 91:106 შერცხვა. 3 მოგებითა და 1 მარცხით "გოლდენ სტეიტი" დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა. პირველ-მეორეზე წაუგებელი "კლიპერსი" და "ოკლაჰომა" არიან. მესამეზე კი 4 მოგებითა და 1 მარცხით "სან ანტონიოა".

მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი სწორედ ლიდერ "ოკლაჰომასთან", საშინაო არენაზე, 4 ნოემბერს გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
მე ვფიქრობ თუ საშუალოდ 20 წუთს თამაშობს მატჩში 7-9 ჯერ მაინც უნდა შეუტიოს 2 ქულიანით. მოკლედ მინიმუმ 8-12 ქულა აუცილებელია! ვფიქრობ როგორც შარშან ყველა თამაშში ორმაგი დუბლი კარგი შედეგი იქნება! ეს ჩვენს ზაზას ნამდვილად შეუძლია!
არჩილ ხოფერია
19:59 02-11-2016
0
ზაზა ყველაზე სტაბილურად ითამაშე დღეს და მთავარი შეუტიე რა შეუტიე ერთხელ შეუტიე და ეგრე დაჯარიმდნენ შენზე
svani
12:49 02-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული