SBNation: ფაჩულია და ვესტი იმაზე უკეთესი მცველები არიან, ვიდრე გგონიათ! [VIDEO]

AutoSharing Option
რამდენადაც ნაკლებია "გოლდენ სტეიტის" პრობლემა შეტევაში, იმდენად დიდია - დაცვაში. ამ თემაზე ამერიკელი სპეციალისტებიც ალაპარაკდნენ. ცხადია, სხვა კალათბურთელებთან ერთად წინახაზელების, ზაზა ფაჩულიასა და დევიდ ვესტის დაცვაზეც მსჯელობენ.

გამოცემა SBNation-ში ვრცელი და საინტერესო პუბლიკაცია გამოქვეყნდა სათაურით: "ფაჩულია და ვესტი იმაზე უკეთესი დამცველები არიან, ვიდრე გგონიათ", რომელშიც "გოლდენ სტეიტის" "ფინიქსთან" შეხვედრის ეპიზოდებია განხილული.

ქართველი გულშემატკივრისთვის თუნდაც სათაურის გაცნობა საკმარისი უნდა იყოს პუბლიკაციის გულისყურით გადასაკითხად.

"სამი მატჩის შემდეგ გოლდენსტეიტელთა დაცვაზე ბევრი ალაპარაკდა. ზოგი ამბობს, რომ პრობლემების სათავე წინა ხაზია, ზაზა ფაჩულია და დევიდ
ვესტი თავს სათანადოდ ვერ ართმევენ თავის საქმეს.

ასეთი მსჯელობა არასწორია!

არასწორია რამდენიმე ნიუანსის გათვალისწინებით. სკეპტიკურად მოსაუბრეთა მთავარი პრობლემა ის არის, რომ ვერ აცნობიერებენ, როგორ დაცვას თამაშობენ ზაზა და დევიდი. ისინი ხომ წინამორბედებთან, ენდრიუ ბოგატთან და ფესტუს ეზელისთან შედარებით სხვა სტილში, შედარებით "წყნარად" თამაშობენ.

ვიდრე კონკრეტულ განხილვაზე გადავალთ და დაცვით პრობლემებზე ვილაპარაკებთ, აქამდე ჩატარებული სამი მატჩის საერთო სტატისტიკას უნდა გადავხედოთ: "გოლდენ სტეიტი" საშუალოდ 111 ქულას უშვებს, რაც ლიგის 25-ე გუნდსაც კი არ შეჰფერის, არათუ ჩემპიონობის მაძიებელს. გასულ სეზონთან შედარებით მართლაც დიდი უკუსვლაა.

იოლია, ყველაფერი ახალწვეულებს გადააბრალო. იოლია, მაგრამ არასწორი.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფაჩულია და ვესტი გრძელი მეფარეები არ არიან. თუმცა NBA-ს დონეზე კარგ წინახაზელებად ითვლებიან. ისინი ამ სეზონშიც მშვენიერი დამცველები არიან. მოედანზე ყოფნისას მიღებული ქულების სიმცირით ისინი "უორიორზში" მესამე-მეოთხე პოზიციებზე არიან. მხოლოდ კევინ დურანტსა და დრეიმონდ გრინს ჩამორჩებიან. სტეფ კარის მოედანზე ყოფნისას გუნდი 118 ქულას იღებდა (დაანგარიშებულია რიცხვი, საშუალოდ 48 წუთი რომ ითამაშონ), კლეი ტომპსონის დროს - 116-ს, ანდრე იგუოდალას დროს - 115-ის. მართლაც მაღალი მაჩვენებელია.

შეიძლება თქვათ - ეს მხოლოდ სტატისტიკაა. კარგი, მოდი მატჩების ფრაგმენტებს გადავხედოთ. ვნახოთ "ფინიქს სანსთან" მესამე პერიოდის ფრაგმენტი:

1
ცოტა მოსაწყენი სიტუაციაა. "ფინიქსის" ცენტრმა ტაისონ ჩენდლერმა პიკ-ენდ-როლი გაითამაშა ტი ჯეი უორენთან. ამ უკანასკნელის ამოცანა მარტივი იყო: ან ფარქვეშ შესულიყო, ან საშუალო დისტანციიდან ესროლა. უორენი მართლაც დაიძრა ფარისკენ, მაგრამ შენიშნა რა ფაჩულია, შეჩერდა, უკან გადაიწია და სტყორცნა.

გაგახსენებთ "უორიორზის" შარშანდელ საპლეიოფო სერიას "პორტლენდთან": დამიენ ლილარდი ხშირად ხვდებოდა უორენის მსგავს პოზიციაში, თუმცა მასზე ცენტრი ენდრიუ ბოგატი არ გადადიოდა, ლილარდიც თავისუფლად სტყორცნიდა და ამიტომაც ადიოდა 32 ქულაზე. დამიენისთვის ყველაზე ხელსაყრელი ბოგუტის მოედანზე ყოფნა იყო...

ამ სიტუაციაში ფაჩულია ენდრიუზე უკეთესია, იგი ისე გადაადგილდა, რომ უორენს ფარქვეშ შესვლის სურვილი გაუქრა, სატყორცნად შეიმართა, თუმცა ზაზა საკმარისად სწრაფია საიმისოდ, რომ მიესწრო და ხელი შეეშალა.

VideoSportall.Ge
ზაზა ფაჩულიას დაცვა ფინიქსთან (ეპიზოდი 1)

დაუფარებდა? არა. თუმცა, ეს არ არის მთავარი, გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ ამ ადგილიდან ტი ჯეი უორენი 45-პროცენტიანი სიზუსტით სტყორცნის (იგულისხმება ისეთი სროლებიც, როცა მეტოქე ვერ ასწრებს ხელის შეშლას). მისთვის დრიბლინგში ხელის შეშლა, ორქულიანის მიღების საშიშროების 45%-ზე დაბლა დაშვებას ნიშნავდა. შესაძლოა, ზოგჯერ ასეთი ტყორცნა ჩავარდეს, მაგრამ დაცვისთვის კარგ მაჩვენებლად ითვლება, თუ მეტოქეს მსგავსი მანძილიდან ტყორცნას აიძულებს.

მსგავსი რამ თამაშში დაახლოებით 20-ჯერ ხდება. ასეთ დროს ზაზა გუნდს არაერთი მიღებული ქულისგან იცავს.

ახლა განვიხილოთ ფინიქსელი ცენტრის, ტაისონ ჩენდლერის, მოქმედება. იგი პიკ-ენდ-როლისას აჩვენებს, რომ მარჯვნიდან შერბის, მაგრამ ბოლო წამს ტრიალდება და მარცხნიდან უტევს. ფაჩულიამ ეს მშვენივრად იცის და ჩენდლერს სწორედ იქ ელის, საიდანაც ტაისონს შესვლა უყვარს. ზაზა ამ შემთხვევაში არაფერს აკეთებს გარდა ერთისა - თამაშს კითხულობს.

ფაჩულიას დაცვის დაფასება, ასეთი მოსაწყენი დაცვის დაფასებას ნიშნავს. ასეთ დროს "ჰაილაითები" ნაკლებადაა, თან გვარი "ფაჩულია" სტატისტიკაში არ აისახება, მაგრამ მთავარია, რომ "გოლდენ სტეიტმა" მეტოქეს ნაძალადევი შორეული ორქულიანი ასროლინა. სწორედ ესაა სწორი და წარმატებული თამაში.

ახლა დევიდ ვესტის თამაშს შევხედოთ.

2
ვესტმა ერთ შეტევაში ორჯერ შეუშალა ხელი "ფინიქსის" კალათბურთელებს კომბინაციის დასრულებაში. ჯერ ალექს ლენსა და დევინ ბუკერს შორის ჩადგა და პიკ-ენდ-როლის შემდეგ ხელმოცარული დატოვა, შემდეგ ზაზა ფაჩულიასავით გონივრულ მანძილზე დაუდგა ბუკერს და სროლა გადააფიქრებინა. "ფინიქსელმა" უკანახაზელმა ისეთი პასი გააკეთა, ბურთი პირდაპირ ხელებში მიუვიდა ანდრე იგუოდალას.

VideoSportall.Ge
დევიდ უესტის დაცვა ფინიქსთან (ეპიზოდი 2)

ასეთი დაცვა ერთი შეხედვით მარტივი ჩანს, მაგრამ ბევრი ცენტრი (მათ შორის, "გოლდენ სტეიტის" ღრმა სათადარიგო) ტანდაბალ კალათბურთელზე გადადის და საშუალებას აძლევს ფარქვეშ გამოთავისუფლებულ ცენტრს, საქულე პასი გაუკეთოს.

ზემოთ ნახსენებ ეპიზოდში იგუოდალას ბევრი შეუქებდა სწრაფ ხელებს, მაგრამ არ მიაქცევდა ყურადღებას, რომ შეტევის ჩაშლა ვესტის დამსახურებაა. ამ შემთხვევაშიც მოსაწყენ კალათბურთს ვაწყდებით. მოსაწყენს, მაგრამ მომგებიანს.

3
განვიხილოთ კიდევ ერთი ეპიზოდი, რომელშიც მთავარ როლში ფაჩულია იყო. ფინიქსელმა მარკის კრისმა ბურთი პერიმეტრთან ახლოს მიიღო. ფაჩულიასთან ჭიდილში შევიდა ფარქვეშ და სტყორცნა, მაგრამ ვერ ჩააგდო, მისმა თანაგუნდელმა ლეანდრო ბარბოსამ დაამატა და ვერც მან მოარტყა მიზანში.

VideoSportall.Ge
ზაზა ფაჩულიას დაცვა ფინიქსთან (ეპიზოდი 3)

მოდით, დავაკვირდეთ, საიდან ესროლა კრისმა: მას ტყორცნისას მარცხენა ფეხი ზუსტად კალათის ცენტრში ედგა. ასეთი პოზიციიდან ჩაგდება კი ძალიან რთულია, მეტიც, მარკიზი ფარიდან ზურგით იყო და კალათს ვერ ხედავდა. ზაზა ჯარიმას მოერიდა და კონტაქტში არ შევიდა. ასეთ დროს კონტაქტისას უფრო შეიძლებოდა ჩავარდნილიყო ბურთი, ან სასროლი ფოლი დაფიქსირებულიყო.

არა, ფაჩულია ბოგატი არ არის, რომ უბრალოდ დაეფარებინა და შეტევა ასე ჩაეშალა. თუმცა აქ დაფარება სულაც არ იყო საჭირო. ქართველმა ცენტრმა სწორედ იმ მომენტში, იმ ადგილიდან მისცა სროლის უფლება, NBA-ში მხოლოდ 10 კალათბურთელი რომ აგდებს. მათ შორის ლებრონ ჯეიმსი. ასეთ ტყორცნებს დაბალპროცენტიანს უწოდებენ, მით უმეტეს, რომ ფარქვეშიდანაა შესრულებული.

"გოლდენ სტეიტისთვის" სამწუხაროდ, "ფინიქსის" შეტევა კრისის ტყორცნით არ დასრულებულა. ზაზამ თავისი საქმე კი შეასრულა, მაგრამ ერიკ ბლედსომ იან კალრკს გაასწრო, ლეანდრო ბარბოსამ კლეი ტომპსონს და ფაჩულია ფარქვეშ სამი ფინიქსელის წინააღმდეგ აღმოჩნდა. იგი თანაგუნდელებმა მიატოვეს. ამ შემთხვევაში ქართველმა საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო - ფოლი დაიმსახურა, მაგრამ ბურთი მაინც არ ჩააგდებინა.

რას ამბობს ამ დროს სტატისტიკა? - ტანდაბალმა ბარბოსამ ბურთი მოუხსნა "გოლდენ სტეიტის" სასტარტო ცენტრ ზაზა ფაჩულიას, რომელიც ლეანდროზე დაჯარიმდა.

ბრმა სტატისტიკა ზაზას ამტყუნებს, მაგრამ, რეალურად ყველამ დავინახეთ, რომ ცუდი გუნდური დაცვის გამო ფაჩულია ერთი აღმოჩნდა სამი მეტოქის წინააღმდეგ. კლარკი და ტომპსონი სიტუაციაში ვერ გაერკვნენ, ჩამოეძინათ და გადაწყვიტეს, მოვლენებისთვის შორიდან მიედევნებინათ თვალი.

სწორედ ეს არის ამ სეზონში "გოლდენ სტეიტის" მთავარი პრობლემა - ნაკლები ბრძოლა და კონცენტრაცია. ეს მთელ გუნდზე მოქმედებს. მეოთხე პერიოდამდე ვერ ვნახეთ ისეთი დრეიმონდ გრინი, როგორადაც მას ვიცნობთ, გადამწყვეტი ბურთის მომხსნელი, დაფარებისთვის არსაიდან რომ ჩნდება... რჩება შთაბეჭდილება რომ გუნდმა სეზონი დაიწყო მოედნის ერთ მხარეზე - მეტოქის ნახევარზე.

გასულ სეზონში გადამწყვეტი იყო "მეომართა" მკვლელი სამქულიანები. კარი და კომპანია შარშან სამიანების 41.6 პროცენტს იყენებდა, ამ სეზონში ჯერჯერობით - 26.7 პროცენტს. შედეგად ვიღებდით თანაბარ თამაშს ლიგის საშუალო გუნდებთან და წაგებას კარგ "სან ანტონიოსთან".

თითქოს კლიშედ იქცა "უორიორსის" მთავარი მწვრთნელის, სტივ კერის სიტყვა "მონდომება", მაგრამ ეს სპეციალისტი მართალია. ფაჩულიასა და ვესტს თუ არ ჩავთვლით, მონდომება და კომუნიკაცია გუნდის დაცვის მთავარ პრობლემად იქცა.

ზაზა და ვესტი დაცვაში "ჰაილაითებს" არ აგროვებენ, უბრალოდ სწორად და სტაბილურად თამაშობენ. განვმეორდებით: ეს მოსაწყენი კალათბურთია, მაგრამ მომგებიანი!"

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ამერიკელი "ექსპერტების" უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ მათ არ ესმით პრაგმატულობა, მათთვის კალათბურთი ძირითად შემთხვევაში შოუა და ეს გასაგებიცაა...სწორედ ამიტომ მოდის ამდენი კრიტიკა ზაზას მიმართ, ისინი არ უკვირდებიან იმას თუ როგორ მოძრაობს ბურთთან უშუალო კონტაქტის გარეშე კალათბურთელი, მათი სრული კონცენტრირება ბურთის და მის უშუალო სიახლოვეს არის მიმართული. ზემოთ მოყვანილი სტატიის ავტორი კი ჭეშმარიტი ექსპერტია და ესმის როგორია კალათბურთი მთლიანად მოედანზე, ისევე როგორც უშუალოდ ბურთთან სიახლოვისას.
peeezz
13:12 05-11-2016
0
ისევე როგორ ყველაფერში, საშინლად იმატა დილეტანტი ექსპერტების რაოდენობამ ნბა-ში. სტატიის ავტორი მართლაც მცოდნე ადამიანი ჩანს. ყველაზე მთავარი კი რაც ამ ვითომ ექსპერტებს ავიწყდებათ, რომ ფაჩულია ისევ ისე თამაშობს როგორც დალასში. სწორედ დალასში ზაზას თამაში რომ მოეწონა და დააფას, ამიტომ გადმოიყვანა სტივ კერიმ და რა გამოდის? მაშინ კერი უნდა აკრიტიკონ და არა ზაზა. ამას ვერ ბედავენ, კალათბურთი არ იციან და მიდის ზაზას კრიტიკა
დათო
13:35 05-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული