ძლიერები არასოდეს ნებდებიან - ბექა ბურჯანაძის "მკაცრი" ისტორია

AutoSharing Option
"ბექა ბურჯანაძე აფეთქდა!" - ასე იწყება პუბლიკაცია ესპანურ გამოცემა "კიაენზონაში", - ეს ესპანეთში, "ანდორა"-"ბილბაოს" მატჩისას მოხდა, რომელიც ჯუჯა ქვეყნის წარმომადგენლებმა 85:81 მოიგეს. ქართველმა ფორვარდმა მატჩი 16 ქულით დაასრულა, 7-დან 5 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. მარგი ქმედების კოეფიციენტი 22 ჰქონდა.

ეს შეიძლება იყოს მისი კარიერის თამაში. გასულ სეზონში გაცილებით ეფექტური მატჩები ჰქონდა, თუმცა მაშინ მეორე ლიგაში გამოდიოდა. ამჯერად უკვე ესპანეთის უმაღლეს დივიზიონშია და დიდი წვლილი შეაქვს "ანდორას" წინსვლაში.

ყველასთვის საინტერესოა, საიდან მოვიდა ბექა, რა გზა გამოიარა "ანდორამდე". გზა მართლაც
რთული იყო: მამის გარდაცვალების შემდეგ, ადრეულ ასაკში მოუწია ცხოვრებაზე დაფიქრება. 8 წლისამ მძიმე ტრავმა მიიღო და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მისი კალათბურთელად ჩამოყალიბების საკითხი...

თუმცა ძლიერები ხომ არასოდეს ნებდებიან. ბურჯანაძეც ძლიერი ადამიანი აღმოჩნდა. პატარაობიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა, კალათბურთელი გამოსულიყო და გაჰყოლოდა თავისი მამიდაშვილის, ზაზა ფაჩულიას კვალს, რომელიც ამჟამად NBA-ში ასპარეზობს.

ბექა კალათბურთზე 6 წლიდან დადის. თამაში საკუთარ ქალაქში, თბილისში დაიწყო, სადაც მაშინ არასათანადო პირობები იყო, რასაც ტრავმის მიღების მაღალი ალბათობა ერთვოდა. დედას, დალი ბურჯანაძეს ბავშვის წონაც აღელვებდა - პატარა ბექა მძიმე იყო და თანატოლების დაწევა უჭირდა. დედა ქართულ ტელევიზიაში მუშაობდა, ხოლო მამა - ინჟინრად.

8 წლისა იყო, მძიმე ტრავმა რომ მიიღო - ქუსლი დაუზიანდა. ექიმები დამამშვიდებელს ვერაფერს ეუბნებოდნენ. ამიტომ ბავშვი სამკურნალოდ გერმანიაში წაიყვანეს. ეს იოლი სულაც არ იყო: გერმანიაში გამგზავრებას საკმარისი ფული სჭირდებოდა, რაც მის მშობლებს არ ჰქონდათ. თუმცა დედას კარგად ესმოდა, რომ მთავარი ბავშვის ჯანმრთელობა იყო და გაყიდა ყველაფერი, რაც გააჩნდა. გერმანელი ექიმების თქმით, ოპერაცია ძალიან რთული იყო, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა.

თბილისში დაბრუნებულ ბურჯანაძეებს სახლი აღარ ჰქონდათ. ვიდრე ბექა 18 წლისა შესრულდებოდა, ოჯახი ქირით ცხოვრობდა. დედა ბედნიერი იყო, რადგან შვილს ჯანმრთელს ხედავდა. თუმცა ოპერაციის შემდეგ ყველაფერი ისე არ წარმართულა, როგორც ბექას სურდა. თვეები გადიოდა, ის კი ვერ დადიოდა. ძალიან სურდა თანატოლებთან ერთად სირბილი, მაგრამ არ შეეძლო.

დედამისი დანებებას არ აპირებდა. თავისი კოლეგისგან მოისმინა ამბავი მოხუცისა, რომელიც შინაური წამლებით სასწაულებს ახდენდა. იგი თბილისიდან შორს ცხოვრობდა. არც მასთან მისვლა იყო ადვილი - სოფელს ტრანსპორტი არ უდგებოდა, თუმცა დედა-შვილი მოხუცს მაინც ეწვივნენ. მისი სახელი იყო შოთა კრაწაშვილი.

"დიდი გასაჭირის შემდეგ სასწაული მოხდა. ბატონმა შოთამ მალამო მომცა, რომლის წასმიდან ხუთ დღეში ფეხი გადავდგი, ერთ თვეში უკვე დავდიოდი, ხოლო თვე-ნახევარში თანატოლებთან ერთად ვხტუნავდი", - მოგვითხრობს ბექა, რომელიც მალევე დაუბრუნდა საკალათბურთო მოედანს.

ბურთთან ერთად ეძინა, სკოლისგან და ვარჯიშისგან თავისუფალ დროს თანატოლებთან კალათბურთის თამაშში ატარებდა. "მართვეში" გამოდიოდა. წონაშიც დაიკლო. თუმცა მაშინ, როცა ყველაფერი კარგად აეწყო, მძიმე დარტყმა მიიღო. 2004 წელს, 10 წლის ბექას მამა ავტოავარიაში მოყვა. დედას კვლავ მოუწია ახლობლებთან ფულის სათხოვნელად მისვლა. ამ შემთხვევიდან 4 წელიწადში მამა გარდაიცვალა.

იმ დროისთვის, 14 წლის ბექა უკვე ითვლებოდა ქართული კალათბურთის მომავლად. მალე 16-წლამდელთა ნაკრებში მიიწვიეს, ითამაშა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მატჩები და მის ცხოვრებაშიც ბევრი რამ შეიცვალა. სწორედ სანაკრებო თამაშებისას იგი ესპანური "სევილიის" სკაუტებმა შენიშნეს. მათ დაინახეს, რომ ამ ბიჭს წინსვლა და გუნდისთვის სარგებლის მოტანა შეეძლო. შედეგად, გაფორმდა რამდენიმეწლიანი კონტრაქტი. ბექამ კარიერა ანდალუსიაში განაგრძო.

სათქმელად იოლია - "კარიერა ესპანეთში" განაგრძო, რეალურდ კი ჭაბუკ ბურჯანაძეს სამშობლო, დედა უნდა დაეტოვებინა და მარტოს განეგრძო ცხოვრება უცხო ქვეყანაში. შვილის სიხარულისთვის დედამაც დათმო. ახალგაზრდამ თბილისი ოცნების ახდენის იმედად დატოვა.

"ძალიან გამიმართლა მწვრთნელებში, რომლებიც "სევილიაში" დამხვდნენ. მოთმინებით ეკიდებოდნენ ჩემს სიტუაციას და დიდ დროსაც მითმობდნენ. პირველ წელს ძალიან ადრე ვდგებოდი, იმიტომ, რომ 08:30-ზე პირველი ვარჯიში მქონდა, შემდეგ კი ესპანურზე მივდიოდი.

მინდოდა პროფესიონალი კალათბურთელი გავმხდარიყავი. ამიტომ ბევრს ვვარჯიშობდი, რაშიც მწვრთნელები მეხმარებოდნენ", - იხსენებს ბექა.

იგი მოუთმენლად ელოდა, როცა ოფიციალურ კონტრაქტს გააფორმებდა. 18 წლისა რომ გახდა, "სევილიასთან" ხელშეკრულებასაც მოაწერა ხელი და თბილისში ბინაც შეიძინა. რჩებოდა ერთი ამოცანა - მთავარ გუნდში დამკვიდრება.

2012 წლის 30 სექტემბერს 18 წლის ქართველს ესპანეთის უმაღლეს ლიგაში ჰქონდა დებიუტი - "მურსიას" წინააღმდეგ 4 წუთი ითამაშა და სამახსოვროდ ერთი სამიანიც ჩააგდო. "სევილიას" მწვრთნელები სამი წლის განმავლობაში ბურჯანაძეს რეგულარულად ათამაშებდნენ, მაგრამ დრო ძალიან შეზღუდული იყო - 2012-13 წლებში საშუალოდ 7 წუთი, 2013-14-ში - 6 წუთი.

"2014-15 წლების სეზონი "სევილიაში" დავიწყე, თუმცა მწვრთნელებთან თავიდანვე დავილაპარაკე და გავარკვიე, რომ არც ამჯერად მერგებოდა საკმარისი სათამაშო დრო და "კორუნიაში" გადასვლა გადავწყვიტე.

ახალგაზრდაზე მუდმივად სკამზე ჯდომა დამღუპველად მოქმედებს. "კორუნიაში" კი წინასწარ ვიცოდი, რომ ჩემი ტიპის კალათბურთელი სჭირდებოდათ და თამაშიც მომიწევდა".

"კორუნიაში" 2 წელი გაატარა, გუნდის ლიდერადაც იქცა და ოქროს ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელადაც. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა კიდევ უფრო მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა - კონტრაქტი გააფორმა "ანდორასთან", რომელშიც თანამემამულე გიორგი შერმადინი დახვდა.

ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა ევროპაში საუკეთესოა, მასში მოხვედრაც რთულია და დამკვიდრებაც. მართალია, სეზონის დაწყებიდან ჯერ მხოლოდ ერთი თვე გავიდა, მაგრამ უკვე შეგვიძლია ვთქვათ - 22 წლის ბექა ლიგაში უკვე დამკვიდრდა.

ბურჯანაძემ იცის, როგორ განვითარდეს, საქმეს პროფესიონალურად უდგება, აქვს მეტის მიღწევის სურვილი და ამბიცია. აკი დავწერეთ, ძლიერები არ ნებდებიანო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
სულ ბედნიერებაში გაატარე დარჩენილი ცხოვრება საქართველოს ნაკრებთან ერთად
რეხელი
11:31 14-11-2016
0
ბექა წარმატებები
giga
12:43 04-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული