sfgate.com: "მებრძოლების" ზაზა ფაჩულია სამშობლოს პატივსაცემად თამაშობს

AutoSharing Option
sfgate.com-მა საახალწლოდ სტატია გამოაქვეყნა "გოლდენ სტეიტის" ქართველ ცენტრ ზაზა ფაჩულიაზე: "მებრძოლების ზაზა ფაჩულია სამშობლოს საპატივცემულოდ თამაშობს". გთავაზობთ ამ სტატიას:

"ბავშვობაში ზაზა ფაჩულია თავის საკალათბურთო ოსტატობას მშობლიურ საქართველოში ხვეწდა. ის ვარჯიშობდა უფანჯრო დარბაზებში, რომლებიც ზამთარში არ თბებოდა. ასე რომ, ზაზას ხშირად უვარჯიშია ტრენაჟორებზე ქუდითა და ხელთათმანებით.

"ჩვენ ახალი გამოყოფილი ვიყავით საბჭოთა კავშირს, - იხსენებს ზაზა მაშინდელ დროს "უორიორსის" ვარჯიშის შესვენებაზე. - ცხოვრება ძალიან უმწეო იყო".

თითქმის ორი დეკადაა, რაც 32 წლის ფაჩულია აღარ ცხოვრობს საქართველოში, მაგრამ ახლაც მისი სამშობლო მთავარი მოტივატორია
მისთვის. ივლისში მან გვერდზე გადადო ბევრად უფრო სარფიანი წინადადებები და 2,9-მილიონიან ხელფასს დათანხმდა "გოლდენ სტეიტში". ეს მისთვის შესანიშნავი შანსია, გახდეს პირველი ქართველი NBA-ს ჩემპიონი.

კალათბურთი მის ქვეყანაში კონკურენციას უწევს ფეხბურთსა და რაგბის სპორტულ იერარქიაში. ხოლო ფაჩულია, როგორც ამჟამად ქვეყნის ერთადერთი წარმომადგენელი NBA-ში, 4,5-მილიონიანი საქართველოს ნამდვილი კერპია.

გასული წლის იანვარში ფაჩულიას თანამემამულეების ხმების წყალობით "ყველა ვარსკვლავის" მატჩამდე სულ ცოტა, 15 ათასი ხმა დააკლდა. მან გაასწრო ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც დრეიმონდ გრინი, ბლეიკ გრიფინი და დემარკუს კაზინსია.

იგივე რომ არ გამეორდეს, NBA-ში ფანების ხმებს მოთამაშეთა და მედიის ხმები დაამატეს. ფაჩულია ამას იმდენად არ აღიქვამს მის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებად, რამდენადაც იმის დასტურად, თუ რა დიდი მხარდაჭერა აქვს მას.

"ყოველმა ქართველმა უნდა იამაყოს, რადგან მათმა მცდელობებმა შედეგი გამოიღო, - ხუმრობს ზაზა. - გასულ სეზონში მე არავისთვის მითხოვია, რომ ჩემთვის ხმა მოეცა. ამიტომაც ორმაგად ვაფასებ იმ ხმებს, რაც მივიღე. ეს განსაკუთრებული მომენტია ჩემთვის".

ფაჩულიას, რომლის დედაც საბჭოთა კავშირის ნაკრების კალათბურთელი იყო, 8 წლის ასაკიდან კალათბურთშია. 14 წლის ასაკში ის უკვე 203 სანტიმეტრი იყო სიმაღლეში. ასე მოხვდა ის თურქულ "ულქერსპორში". ხუთი წლის მერე კი ზაზა "ორლანდოში" გადავიდა, ის 2003 წლის დრაფტის მეორე წრეში აირჩიეს.

დღეისათვის ზაზა ფაჩულია ერთ-ერთია იმ ხუთი ქართველიდან, ვისაც NBA-ში უთამაშია. ფაჩულიას გარდა, ყველაზე მეტად ნიკოლოზ ცქიტიშვილი გვახსოვს, 2002 წლის მე-5 ნომერი, რომელმაც "დენვერში" არ გაამართლა. NBA-ში ის საშუალოდ 2,9 ქულას აკეთებდა და ოკეანისგაღმა გადაბარგდა და კარიერა იქ გააგრძელა.

13 სეზონზე მეტია, რაც ფაჩულია ლიგაში ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად დაფასებული მოთამაშეა. საშუალოზე ნაკლები ათლეტიზმის მიუხედავად, ის გამორჩეული, ინტელექტუალი მოთამაშეა. ის კარგად ეხმარება თანაგუნდელებს, იბრძვის ბევრს, აქვს კარგი პასი. საქართველოში მძიმე პირობებში ვარჯიშმა მას მებრძოლი ხასიათი ჩამოუყალიბა, რაც მას აშკარად გამოარჩევს NBA-ში.

კარიერის განმავლობაში ზაზას ხუთ ამერიკულ გუნდში უთამაშია, მაგრამ ის ყოველი სეზონის დასრულების შემდეგ სამშობლოში ბრუნდება. ბოლო 16 წლიდან მან 15 სეზონში ითამაშა ეროვნულ ნაკრებში. მხოლოდ 2013 წელი გამოტოვა და ისიც ოპერაციის გამო.

ზაზა მონდომებული ბიზნესმენია, ის MBA-ში ონლაინკურსების წყალობით სწავლობს. მას თბილისში ორი სასტუმრო და ფიტნესცენტრი აქვს.

2015 წლიდან მას თავისი აკადემია გააჩნია. ახლა ამ პროგრამით 500-ზე მეტი მოთამაშე ემზადება. აკადემია სწორედ იმ კომპლექსშია განთავსებული, სადაც ზაზა ერთ დროს ხელთათმანებით ვარჯიშობდა.

დღეისათვის, აკადემიას 4 მოედანი გააჩნია, აქვს გასახდელები, სატრენაჟორო დარბაზი, რესტორანი და საერთო საცხოვრებელი. ერთ-ერთ მოედანზე "ბრედლი სენტერის" პარკეტია დაგებული, რომელიც ზაზამ შეიძინა "მილუოკიში" თამაშის დროს და სამშობლოში 267 ნაწილად ჩამოიტანა.

"საოცარია ყველაფერი, რაც ცხოვრებაში კალათბურთმა მომცა. მსურს, რომ ამ ბავშვებს ჩემნაირი კარიერა მაინც ჰქონდეთ", - ამბობს ზაზა".
მკითხველის კომენტარები / 6 /
ჯიგარი ხარ
malxazi
12:58 03-01-2017
0
ქართველებო სწორება ფაჩულიაზე, ყველა ხმა ზაზას!!!!
patrioti
10:59 03-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული