შიო ხეცურიანმა კალათბურთელებს ზაზა ფაჩულიას მიერ გამოგზავნილი საჩუქრები გადასცა

AutoSharing Option
ვეტერანი კალათბურთელი შიო ხეცურიანი ქუთაისში, გორსა და ხაშურში საკალათბურთო საზოგადოებას შეხვდა. ხეცურიანმა, რომელიც თავის დროზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე იყო, ახალგაზრდა კალათბურთელებს ზაზა ფაჩულიას მიერ გამოგზავნილი საკალათბურთო ამუნიცია - "გოლდენ სტეიტის" მაისურები, ბურთები გადასცა.

საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი ქუთაისსა და გორში 18-წლამდელ მოთამაშეებს შეხვდა, ხაშურში მასთან საუბარს 16-წლამდელები ესწრებოდნენ. საუბრის ძირითადი თემა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, Fair Play-ს პრინციპების შენარჩუნება და კალათბურთში განათლების მნიშვნელობა იყო.

"საქართველოში უყვართ კალათბურთი და აღნიშნული ტიპის შეხვედრები საკალათბურთო საზოგადოებას უფრო მეტად გააერთიანებს. ახალგაზრდებისთვის
სასარგებლოა კალათბურთში განათლების მნიშვნელობაზე ინფორმაციის მიღება. ბავშვებისთვის სასიამოვნო იყო საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ზაზა ფაჩულიას საჩუქრები, რომელიც მთელი საქართველოს ყურადღებას დღეს, მნიშვნელოვანი ფინალური სერიის დროს გრძნობს.

გადავწყვიტეთ, ჩავსულიყავით საქართველოს სამ ქალაქში - ქუთაისში, გორსა და ხაშურში. ჩვენი იქ ჩავედით, როგორც ყოფილი კალათბურთელები და კალათბურთის გულშემატკივრები. ჩასვლის ერთ-ერთ მთავარ მიზანს ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის და კალათბურთის პოპულარიზაცია წარმოადგენდა.

ცხადია, ახალგაზრდებისთვის სასარგებლოა კალათბურთში განათლების მნიშვნელობაზე ინფორმაციის მიღება. შევხვდით საკალათბურთო საზოგადოების წარმომადგენლებს, მწვრთნელებს, მენეჯერებს, ვისაუბრეთ როგორც რეგიონის, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით კალათბურთის განვითარებაზე. ​

ახალგაზრდა კალათბურთელებს გადავეცით საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ზაზა ფაჩულიას მიერ გამოგზავნილი საჩუქრები - "გოლდენ სტეიტის" მაისურები და NBA-ს ბურთები. ბავშვები ამ ფაქტმა ძალიან გაახარა. ისინი აქტიურად გულშემატკივრობენ ზაზა ფაჩულიას, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ზაზას ახლა ფინალები აქვს NBA-ში. მინდა ვთქვა, რომ სამივე ქალაქში ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები შედგა. ვიმედოვნებ, რომ შემდეგში კიდევ უფრო განვითარდება ქართული კალათბურთი, კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა დაინტერესდება ამ სპორტით და უფრო მეტი პროფესიონალი კალათბურთელი ეყოლება ჩვენს ქვეყანას.

უახლოეს მომავალში საქართველოს სხვა რეგიონებშიც ვგეგმავთ ჩასვლას და ახალგაზრდებთან შეხვედრებს. პირველ ეტაპზე, შევარჩიეთ ისეთი ქალაქები, სადაც კალათბურთი შედარებით პოპულარულია - ხარშურში ძალიან ცდილობენ ამ სპორტის განვითარებას, ახალი თაობის მხრიდან ინტერესი დიდია, ადგილობრივი თვითმმართველობა მონდომებულია, ხელი შეუწყოს კალათბურთის განვითარებას.

რაც შეეხება ქუთაისს, ის ისტორიულად საკალათბურთო ქალაქია და მიხარია, რომ ადგილობრივი მერია სპორტის ამ სახეობას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. სწორედ ქუთაისის თვითმმართველობის ხელშეწყობით, ქალაქმა ბევრი პერსპექტიული ახალგაზრდა სპორტსმენი აღზარდა და ეს პროცესი გრძელდება. ​

გორიც საკმაოდ აქტიურია კალათბურთის მხრივ. ვიმედოვნებთ, რომ სხვა ქალაქებშიც ისეთივე ნაყოფიერი შეხვედრები შედგება, როგორიც ქუთაისში, გორსა და ხაშურში გვქონდა", - განაცხადა შიო ხეცურიანმა.

აღსანიშნავია, რომ ხეცურიანის გარდა, აღნიშნულ შეხვედრებს ვეტერანი კალათბურთელები ზვიად ბაბიაშვილი, ირაკლი შანიძე და იმერეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბუბა კვიმსაძეც ესწრებოდნენ​.

დავით თავაძე
სპეციალურად sportall.ge-სთვის
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან მაგარი კაცი შიო ხეცურიანი
ქეთი
21:05 05-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული