დიდი გამარჯვების 55-ე წელი: თბილისის "დინამოს" ევროპული ოდისეა

AutoSharing Option
1958 წელს საფრანგეთის სპორტულმა გაზეთმა "ეკიპმა" ევროპის საკლუბო გუნდებისთვის დააწესა სპეციალური პრიზი - "ვერცხლის კალათა". ზედიზედ ორჯერ იგი რიგის არმიელებმა დაიმსახურეს. 1960 წელს მთავარი პრიზისთვის ბრძოლაში ბალტიისპირელებთან ერთად ქართველი კალათბურთელებიც ჩაებნენ.

"დინამომ" ჯერ ბუქარესტის არმიის კლუბი (კკა) ჩამოიშორა გზიდან - 83:87, 90:68; მერე თასის გათამაშების ორგზის ფინალისტს - სოფიის "აკადემიკს" აჯობა. სოფიაში ქართველებმა გაიმარჯვეს 76:64. საქართველოს დედაქალაქში სტუმრები უკეთ გამოიყურებოდნენ, მაგრამ წაგებას მაინც ვერ გადაურჩნენ - 69:72. ნახევარფინალში "დინამომ" "ბარსელონის" მძლეველი ვარშავის "პოლონია" დაამარცხა - 88:65, 64:61.

ფინალში თასის ორგზის
მფლობელ რიგის ასკ-ს დაუპირისპირდა. ფინალური პაექრობის პირველი მატჩი 10 მაისს თბილისში გაიმართა. მასპინძლებმა ის 10-ქულიანი სხვაობით წააგეს (51:61), ხუთი დღის შემდეგ კი განმეორებითი შეხვედრაც დათმეს - 62:69. ბალტიისპირელებმა ევროპის ჩემპიონთა თასი ზედიზედ მესამედ დაიმსახურეს.

მეორე შეტევა "ვერცხლის კალათაზე"
გიორგი ავალიშვილის მიერ საათივით აწყობილ თბილისის "დინამოს" 1961 წლიდან ოთარ ქორქია ჩაუდგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა იმ წელიწადს საკავშირო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი დაიმსახურა. ოქროს მედლები მოსკოველმა არმიელებმა მოიპოვეს, რომლებიც იმავე 1961 წელს ევროპის ჩემპიონთა თასსაც შესწვდნენ.

სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა დინამოელთა მეორედ მონაწილეობა ევროპულ ოდისეაში, მერვედფინალში ჩვენები კვლავ რუმინელ არმიელებს დაუპირისპირდნენ. პირველი მატჩი ბუქარესტში გაიმართა. "დინამომ" "ზვეზდას" მხოლოდ ქულით (77:76) სძლია. განმეორებითი მატჩი ჩვენებმა ხუთი ქულით მოიგეს - 82:77.

შემდეგ ქართველი კალათბურთელების მეტოქე იყო თურქეთის ჩემპიონი "დარუშაფაკი". თურქები ამ შეხვედრაში წარმატებაზეც კი ფიქრობდნენ და ამ მიზნით მასპინძლებმა გუნდის შემადგენლობა ორი მაღალი კლასის მოთამაშით - ნედრეთ უიგუნითა და ჰაშიმულქუ იაქინით გააძლიერეს. "დინამომ" პირველივე წუთებზე მოპოვებული უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა და 80:67 გაიმარჯვა. ჩვენებმა მეორე დღეს ამხანაგური მატჩი სტამბოლის სამხედრო-საზღვაო სკოლის გუნდთანაც მოიგეს.

ორთაბრძოლის შემდეგ დინამოელებთან რამდენიმე უცნობი მივიდა.

"ჩვენ აქაური ქართველები ვართ, - თქვა ერთ-ერთმა. - ადრეც გვინდოდა თქვენთან მოსვლა, მაგრამ გვეშინოდა, რომ თამაშს წააგებდით, თავსაც შეირცხვენდით და ჩვენც შეგვარცხვენდით. ჩვენთვის კი ყველაფერი ქართული წმინდაა"...

ქართველმა კალათბურთელებმა განმეორებით მატჩშიც გაახარეს გულშემატკივრები - ორთაბრძოლა 84:49 მოიგეს და ნახევარფინალში მოსკოვის ცსკა-სთან თამაშის უფლება მოიპოვეს.

Sportall.Ge

დუელი ჩემპიონთან
ყოფილ საბჭოეთში ყოველთვის ცდილობდნენ, არმიას უძლეველი გუნდი ჰყოლოდა, ამიტომ უძლიერესი სპორტსმენები მოსკოვის ცსკა-ში იყრიდნენ თავს. 1961 წელს სწორედ მოსკოველმა არმიელებმა მოიპოვეს ქვეყნის ჩემპიონობა და "ვერცხლის კალათაც". მომდევნო წელს 25 აპრილს საბჭოეთის დედაქალაქში პირველი ნახევარფინალური მატჩი ქართველთა უპირატესობით წარიმართა და "დინამოს" გამარჯვებით (75:71) დასრულდა..

ქართველი კალათბურთელების ამ წარმატებამ ძალიან შეაშფოთა საკავშირო სპორტკომიტეტის მესვეურები. ატყდა ერთი ვაიუშველებელი. ცნობილია, რომ განმეორებით მატჩამდე არ შეწყვეტილა საბჭოეთის დედაქალაქიდან ტელეფონის ზარები - შეხვედრა უნდა დათმოთ, რადგან ცსკა თასის მფლობელი და უფრო გამოცდილი გუნდია, ამიტომ ფინალში ქვეყნის ღირსებას ის უკეთ დაიცავსო.

ჩვენები, ცხადია, ცოცხალი თავით არაფრის დათმობას არ აპირებდნენ. თბილისში პირველ ტაიმი მასპინძლებმა ერთი ქულით მოიგეს - 33:32. შესვენების შემდეგ "დინამოს" ინიციატივა ხელიდან არ გაუშვია და ორთაბრძოლაც ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა - 74:66.

ქარიშხალმა "რეალს" გადაუქროლა
"ვერცხლის კალათას" მოსაპოვებლად თბილისის "დინამოს" კალათბურთელებს კიდევ ერთი ბარიერი უნდა გადაელახათ - მადრიდის "რეალი" (პირენელეებმა ზედიზედ დაამარცხეს მაროკოს "კასაბლანკა" - 82:38, 84:46, იტალიის "ინისი" - 80:82, 83:62; პოლონეთის "ლეგია" - 62:73, 100:71. ლუბლიანის "ოლიმპია" - 92:105, 69:53 და ფინალში გავიდნენ). სწორედ რომ ერთი ბრძოლა, რადგან ფრანკომ სამეფო კლუბს საბჭოთა კავშირში ჩამოსვლის უფლება არ მისცა და დინამოელთა მასპინძლობაზეც უარი თქვა. მატჩი გაიმართა ნეიტრალურ მოედანზე - 1962 წლის 29 ივნისს ჟენევაში.

მადრიდელი კალათბურთელები მონდომებით ემზადებოდნენ ამ პაექრობისთვის, მათს შემადგენლობაში ნბა-ს ორი წევრი თამაშობდა - ჰეიტაუერი (205 სმ) და მორისონი (203 სმ). ჰეიტაუერს ამერიკაში ჯერი ლუკასთან ერთად კალათბურთის ვარსკვლავს უწოდებდნენ.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა - ხან ერთი გუნდი იყო წინ, ხან - მეორე. პირველი ნახევრის დამთავრებამდე შესამჩნევად ათამაშდა ჰეიტაუერი, თუმცა მისი დარაჯი პეტროვიც (თბილისელებმა ფინალური მატჩის წინ დიამატეს მოსკოვის "დინამოს" ორმეტრიანი გიგანტი) ენერგიულად უტევდა ესპანელთა კალათს. ტაიმის მიწურულს "დინამო" ორი ქულით დაწინაურდა - 38:36.

შესვენების შემდეგ ქართველთა უპირატესობა უფრო შესამჩნევი გახდა, პაექრობაც მათ მოიგეს - 90:83 და ევროპის ჩემპიონთა თასი მოიპოვეს..

იმ ისტორიული გამარჯვებიდან 55 წელი მიილია.

1962. ევროპის ჩემპიონთა თასი. ფინალი
დინამო-რეალი 90:83
38:36, 52:47
დინამო
5. ლევან მოსეშვილი 3
6. გურამ მინაშვილი 9
7. ილარიონ ხაზარაძე 2
8. რევაზ გოგელია 0
9. ვალერი ალთაბაევი 17
10. ანზორ ლეჟავა 16
11. ლევან ინწკირველი 3
12. ვლადიმერ უგრეხელიძე 14
13. ალექსანდრე კილაძე 14
14. ალექსანდრე პეტროვი 12
16. ამირან სხიერელი 0
მწვრთნელი: ოთარ ქორქია

რეალი
4. პედრო ლოპი 0
5. ჯოსე-რამონ დურანდი 0
6. ხულიო დესკარტინი 0
7. მანუელ საინსი 4
8. ხოსე ლუისი 5
9. ანტონიო პალმერო 0
10. ემილიანო როდრიგესი 21
11. კარლოს სევილიანო 11
12. უეინ ჰაიტაუერი 30
13. სტენლი მორისონი 12
14. ლორენცო ალოცენი 0
მწვრთნელი: პედრო ფერანდესი

* * *
"ოცდაათი წელიწადია, თვალს ვადევნებ ევროპის კალათბურთელთა თამაშს, მაგრამ ასეთი საინტერესო ბრძოლა ჯერ არ მინახავს. "რეალი" ქარიშხალი და ტექნიკა იყო, "დინამო" - ქარიშხალი, ტექნიკა და სათამაშო დისციპლინა", - განაცხადა მატჩის შემდეგ კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის გენერალურმა მდივანმა უილიამ ჯონსმა, რომელმაც თბილისელები "ვერცხლის კალათით" დააჯილდოვა.

* * *
ჟენევაში გამართულ დაუვიწყარ მატჩს ესწრებოდა 82 წლის ემიგრანტი ქართველი მწერალი გრიგოლ რობაქიძე. ეს მის ცხოვრებაში, ალბათ, ყველაზე დიდი უკანასკნელი სიხარული იყო, რადგან იგი 1962 წლის 19 ნოემბერს გარდაიცვალა.

თბილისის "დინამოს" გამარჯვებით გამოწვეული აღტაცება მან აღწერა დისადმი (ლიდა რობაქიძე) მოწერილ ორ წერილში. გთავაზობთ ამონარიდებს:

"ქართველები თამაშობდნენ აუღელვებლად, შეწყობილად, მეტოდიურად - აქ, სჩანდა უთუოდ ხელი მათი ხელმძღვანელის: ოთარ ქორქიასი... ყვირილი, ხივილი, განგაში - არავითარ გავლენას არ ახდენდა მათზე. არ ამჩნევდნენ თუ არ იმჩნევდნენ. აღმოაჩნდათ გასაოცარი წვართი ხასიათის.

მე ძალიან ვღელავდი. გასაგებია: სისხლი! ეს გამარჯვება ქართველების დიდად მნიშვნელოვანია. დავინახე ყამირითგან ამოხეთქილი ძალა ქართული:

მაგარი...

გამარჯვებულები არ "აყვიჩილებულან". ერთი მათგანის სახეზეც ვერ ამოიკითხავდი: "ხომ გაჯობეთ!" ზრდილად, რაინდულად, ქართველურად გაუწოდეს ხელი მოპირდაპირეთ. დაუვიწყარი სურათია!..

ეს ისეთი დიდი ამბავია, რომ იგი სპორტულ გამარჯვებას სცილდება: ბევრად, ბევრად მეტია უკანასკნელზე. როგორც ქართველი - მე მხრებში გავიმართე".

* * *
"რეალთან" 1962 წლის 29 ივნისის მატჩის მოკლე სტენოგრამა, რომელიც 1962 წლის 5 ივლისის გაზეთ "ლელოში" დაიბეჭდა:

"პირველი წუთი - ალთაბაევის ორი სროლა და "დინამოს" მიჰყავს ანგარიში - 4:0.
მე-3 წუთი - ხაზარაძის, ლუისის, ჰეიტაუერის და როდრიგესის სროლები - 6:6.
მე-5 წუთი - ესპანელები გადიან წინ - 12:8. მაგრამ ლეჟავას და მინაშვილის წყალობით ანგარიში თანაბრდება - 14:14.
მე-7 წუთი - წინ უკვე "დინამოა" - 17:14.
მე-9 წუთი - უგრეხელიძეს ცვლის კილაძე. "დინამო" წინაა - 19:16.
პირველი ტაიმი - 38:36 "დინამოს" სასარგებლოდ.

შესვენების შემდეგ
მე-3 წუთი! ბრძოლა თანაბარია. ლეჟავას, უგრეხელიძის, კილაძისა და მინაშვილის სროლებს ესპანელები 12 ქულით პასუხობენ. ანგარიშია 48:48.
მე-6 წუთი - ანგარიში სწრაფად იცვლება. ტემპი მაღალია. თამაში "დინამოს" მიჰყავს 3 ქულით.
მე-13 წუთი - "დინამო" წინაა 4 ქულით - 70:66.
მე-19 წუთი - თამაში, ფაქტობრივად, აქ დამთავრდა. მოსეშვილმა და ინწკირველმა წერტილი დაუსვეს საბჭოთა კალათბურთელების გამარჯვებას - 90:83".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მაშინ კაკო ყაჩაღის არ იყოს მეც თორმეტი წლისა ვიყავი,დღესავით მახსოვს უბნის ბიჭები ბათუმში,რადიომიმღების მეშვეობით,როგორ ვგულშემატკივრობდით დინამოს.თითქმის იგივე ემოციები გვქონდა,როგორც 1981 წლის 13 მაისს.
jumber
16:55 29-06-2017
0
ვაჰ, დრონი, დრონი ...
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული