ევროჩელენჯზე "სოხუმის" ღირსებას ბრენდონ გაი დაიცავს

AutoSharing Option
ბრენდონ გაი - ესაა პირველი მერცხალი ლეგიონერთაგან, რომლებიც ევროჩელენჯზე ქართულ კლუბებს დაეხმარებიან. ბრენდონი საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ იუწყება გუნდის ოფიციალური საიტი www.sokhumibc.com.

ევროსარბიელზე მოთამაშე გუნდები "არმია" და "სოხუმი" არაერთი ძლიერი ლეგიონერის ჩამოყვანას აპირებენ. ყველაზე ადრე ხელშეკრულება ბრენდონთან გაფორმდა.

გაიმ და "სოხუმის" მფლობელმა და პრეზიდენტმა მინდია გულუამ ხელი მოაწერეს კონტრაქტს, რომლის მიხედვით ბრენდონი "სოხუმის" რიგებში 2011-12 წლების სეზონში იასპარეზებს. კლუბის ხელმძღვანელობა და მთავარი მწვრთნელი აინარს ბაგაცკისი თვლიან, რომ ასეთი გამოცდილების მქონე კალათბურთელი მნიშვნელოვნად გააძლიერებს "სოხუმის" თამაშს როგორც ევროსარბიელზე,
ასევე საქართველოს სუპერლიგის გათამაშებაში. ევროჩელენჯზე სოხუმელები საკვალიფიკაციო ეტაპზე "მინსკს" დაუპირისპირდებიან. პირველი მატჩი თბილისში 4 ოქტომბერს გაიმართება, განმეორებითი - 11 ოქტომბერს.

ბრენდონ გაი 29 წლისაა. 2003 წლიდან 2005-მდე თამაშობდა ამერიკის უნივერსიტეტების საკალათბურთო ჩემპიონატის პირველ დივიზიონში (NჩAA ). 2005 წლიდან კი ევროპაში, გადავიდა და ჯერ გერმანიის ბუნდესლიგაში, ხოლო 2007 წლიდან ბელგიის ჩემპიონატში ასპარეზობდა.

2010-2011 წლების სეზონში ის თორნიკე შენგელიასთან ერთად თამაშობდა ბელგიური "პეპინსტერის" ღირსებას იცავდა და მაღალი შედეგებიც ჰქონდა: 31 მატჩში საშუალოდ 10.9 ქულას, 6.4 მოხსნას, 1.1 პასსა და 1.2 ჩაჭრას აგროვებდა.

დოსიე
ბრენდონ გაი
ფორვარდი
დაიბადა: 08.08.1982
სიმაღლე: 203 სმ.
წონა: 100 კგ.

კარიერა
2003-05 სან დიეგო (NჩAA )
2005-07 ტრირი (გერმანია)
2007-10 ანტვერპენი (ბელგია)
2010-11 პეპინსტერი (ბელგია)
2011-12 სოხუმი (საქართველო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული