"ოლიმპი"- სუპერლიგის დებიუტანტი გუნდი

AutoSharing Option
სუპერლიგას დებიუტანტი გუნდი ჰყავს - "ოლიმპი", რომელსაც საქართველოს კადეტთა ნაკრების თავკაცი გია კაზანჯიანი წვრთნის. მას თემურ აბულაძე ეხმარება, ხოლო გუნდის მენეჯერი გია სანაძეა.

"ოლიმპი" ცოტა დაგვიანებით შეიქმნა და ამიტომ დუდუ დადიანის მემორიალში მონაწილეობა არ მიუღია. მეტსაც გეტყვით, შემადგენლობის ფორმირება ჯერაც არ დასრულებულა. როგორც "ოლიმპის" თავკაცმა გვითხრა, გუნდი კიდევ გაძლიერდება უცოხოელი კალათბურთელით, ან კალათბურთელებით.

სადღეისოდ ოლიმპიელთა შემადგენლობაში ერთი ლეგიონერი უკვე ვარჯიშობს - ნიკიჩა სლიუკა. იგი ხორვატია და გასულ სეზონში ბოსნიის ჩემპიონატში ასპარეზობდა. სლიუკა 187 სმ სიმაღლისაა და შეუძლია როგორც გამთამაშებლის, ასევე
მსროლელის პოზიციაზე თამაში. ჩვენი ვარაუდით, მას საქართველოში უფრო მეორე ნომრის ფუნქციების შესრულება მოუწევს, რადგან "ოლიმპში" ასევე ჩაირიცხა საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი ლაშა გამყრელიძე.

ლაშა ევრობასკეტის დასრულების შემდეგ ელოდა უცხოურ ვარიანტს, მაგრამ საბოლოოდ მაინც "ოლიმპში" თამაში არჩია. გამყრელიძისა და ლეგიონერთა დამატება ნათელჰყოფს, რომ გუნდის ხელმძღვანელობას ჩემპიონატში სერიოზული მიზნები აქვს. სასიამოვნოა ისიც, რომ მეტად გაძლიერებულ ევროჩელენჯის მონაწილე "არმიას" საშინაო სარბიელზე კიდევ ერთი ღირსეული მოწინააღმდეგე ეყოლება.

უცხოეთიდან ვინ დაადგება "ოლიმპის" გზას, უახლოეს მომავალში გავიგებთ, მანამდე კი გეტყვით, რომ გუნდში გამყრელიძისა და სლიუკას გარდა ვარჯიშობენ: ტატო თავართქილაძე (შარშან "სამედიცინოში" იყო), ნოდარ სიგუა ("აგრარულიდან"), გიორგი გულისაბედაშვილი ("აგრარულიდან"), გიორგი ნანიტაშვილი ("აგრარულიდან"), კახა მუმლაძე ("აგრარულიდან"), ლევან სულაბერიძე ("სოხუმიდან").
როგორც გია კაზანჯიანმა გვითხრა, "ოლიმპის" დუბლშემადგენლობა 20-წლამდელთა ჩემპიონატში ითამაშებს.

ნიკიჩა სლიუკა
ხორვატია
დაიბადა: 28.06.1987
სიმაღლე: 187 სმ.
ამპლუა: გამთამაშებელი/მსროლელი

კარიერა
2007-08 დოლნი კუბინი (სლოვეკეთი)
2008-09 პლეტერი (ხორვატია)
2010-11 პოსუშიე (ბოსნია)
2011-12 ოლიმპი (თბილისი)

ლაშა გამყრელიძე
საქართველო
დაიბადა: 04.02.1986
სიმაღლე: 185 სმ.
ამპლუა: გამთამაშებელი

კარიერა
2002 თსუ (საქართველო)
2003 აკადემია (საქართველო)
2003-05 დინამო (საქართველო)
2005-06 პანტერსი (ავსტრია)
2006-09 ენერჯი (საქართველო)
2009-10 მიტელდოიჩერი (გერმანია)
2010-11 გისენი (გერმანია)
2011... ოლიმპი (საქართველო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული