ბექა წივწივაძე "დინამოში" გადავიდა

AutoSharing Option
ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპის დასრულების შემდეგ სატრანსფერო სიახლეებზე იშვიათად გვიწევდა წერა.

ახლა კი პირველი წრის დამთავრებისთანავე სიახლეს სიახლეზე ვგებულობთ. გუშინ შევიტყეთ, რომ თბილისის "დინამოში" უკანახაზელი ბექა წივწივაძე გადავიდა, რომელმაც სეზონი შსს-ში დაიწყო, თუმცა ნოემბრის დასაწყისში გუნდი დატოვა.

- "დინამოში" გადასვლა ერთი კვირის წინ გადაწყდა, თუმცა ვერ ვვარჯიშობდი, რადგან ავად ვიყავი. გუნდს ამ კვირას შევუერთდი და აქტიურად ვემზადები.

- რამ გადაგაწყვეტინა "დინამოსთან" კონტრაქტის გაფორმება?
- საინტერესო გუნდია. წლეულს ჩემპიონობაზე არც ერთი დინამოელი იტყვის უარს, მაგრამ ამის მიღწევა ძნელი იქნება. თუმცა ამბიციური გუნდი
გვყავს და მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ. მომავალი სეზონისთვის კი გუნდის ხელმძღვანელობა კიდევ უფრო გაძლიერებას აპირებს. საერთოდ, მინდა მადლობა გადავუხადო მათ, ვინც "დინამოს" ფეხზე დაყენებას შეუწყო ხელი. მდიდარი ტრადიციების გუნდი ამას ნამდვილად იმსახურებს.

- სხვა წინადადება თუ გქონდა?
- "ქუთაისის" მწვრთნელ მალხაზ კოხრეიძეს სურდა ჩემი გადაყვანა, მაგრამ პირველი წრის დასრულებისთანავე შეცვალეს. მეც ძალიან მინდოდა იმერულ კლუბში თამაში, რადგან ქუთაისელი ვარ და იქაურობა ძალიან მიყვარს. პარადოქსია, მაგრამ გასულ სეზონში ორი ინციდენტი მაინცდამაინც ქუთაისში მომივიდა.

პირველად შელაპარაკებულ სამუელ ლამუსა და ბუბა ბერიშვილს ჩავუდექი შუაში, თუმცა დაიწერა, თითქოს ტექნიკური შენიშვნა მივიღე. ასე არ ყოფილა. მეორედ უფრო უსიამოვნო ამბავი შემემთხვა: ერთი ქუთაისელი ზედმეტად მეუხეშა და ამის გამო ჩემს ბავშვობის მეგობარ ბუბა კვიმსაძესთან შევლაპარაკდი. ამ დროს ერთმა გულშემატკივარმა დამიძახა, მივიხედე და შემაგინა. გავბრაზდი და ხურდა დავუბრუნე.

შესაძლოა არაპროფესიონალურად მოვიქეცი, კალათბურთელი ქომაგს არ უნდა აჰყვეს, მაგრამ ორი ნაბიჯიდან, ასე გამიზნულად რომ მომაყენეს შეურაცხყოფა ვერ მოვითმინე. ამის შემდეგ ზოგმა თქვა, წივწივაძემ გულშემატკივრებს აგინაო. ამას როგორ ვიზამდი, როცა ქუთაისელებს დიდ პატივს ვცემ. ჩემი ბაბუაცა და მამაც სპორტსმენები იყვნენ, ქუთაისში მოღვაწეობდნენ, მთელი სანათესაო იქ მყავს.

- იმერულ კლუბზე ვრცლად ვილაპარაკეთ, ვფიქრობ, კარიერის ერთ მონაკვეთს აუცილებლად გაატარებ "ქუთაისში". ახლა კი ნოემბერში შსს-დან წასვლის მიზეზზე გკითხავ.
- დარწმუნებული ვარ, "ქუთაისში" მართლაც ვითამაშებ. რაც შეეხება შსს-დან წამოსვლას, ამის მიზეზი მარტივი იყო: ვერ გავამართლე ის იმედი, რაც გუნდში გადასვლის წინ ჰქონდათ. შესაძლია ტრავმამაც იმოქმედა (ხელი მოვიტეხე). ასეა თუ ისე, საბოლოოდ სისტემას ვერ მოვერგე და წამოსვლაც ამიტომ გადავწყვიტე. კლუბის ხელმძღვანელობასთან ახლაც თბილი ურთიერთობა მაქვს, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. შსს-სთან კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ ცოტა ხნით მონასტერში ვიყავი, რადგან ფსიქოლოგიურად მეტად გადაღლილი გახლდით.

- წივწივაძეს შსს-ს მწვრთნელ დავით უსტიაშვილთან შელაპარაკება მოუვიდაო...
- უბრალოდ ვიკამათეთ. გუნდის კაპიტანი ვიყავი და მწვრთნელთან საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება მქონდა. საერთოდ, გუნდი, რომელშიც ჯანსაღი მსჯელობა და კამათი არ არის, ბევრს ვერაფერს მიაღწევს. ამის შემდეგ მწვრთნელთან ურთიერთობა ოდნავადაც არ გაუარესებულა.

- ბოლოს ჩემპიონატზე გკითხავ.
- ასეთი დონის პირველობა არ მახსოვს. გუნდები ერთმანეთს გაძლიერებაში ეჯიბრებიან და სანახაობაც მატულობს. მაღალი მიზნებისთვის "არმიასთან" ერთად "დინამო", შსს, "ოლიმპი", "ქუთაისი", თსუ იბრძვიან. ცალკე აღნიშვნის ღირსია "არმიას" ევროჩელენჯზე გამოსვლა. ცოტა იღბალიც რომ ყოფილიყო, არმიელები მომდევნო ეტაპზე გავიდოდნენ. საერთოდ, ძნელია, როცა პირველ ნაბიჯებს დგამ და წინ სერიოზული გზაა.

დარწმუნებული ვარ, გაისად ევროპაზე ქართული გუნდები უფრო უკეთესად ითამაშებენ. ვფიქრობ, მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა წარმატებით გაართვა თავი დაკისრებულ ამოცანას, იოლი როდია გეინსის, დიასისა და მათი დონის კალათბურთელებს სათანადოდ აუწყო ხასიათი და ერთ გუნდად შეკრა. გამთამაშებელი გეინსი ერთი მატჩითაც რომ დარჩენილიყო, "ბეშიქთაშს" აუცილებლად დაამარცხებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული