დავით უსტიაშვილი: დაკისრებულ მისიას თავს სათანადოდ გავართმევ

AutoSharing Option
ორშაბათს სუპერლიგის ხელმძღვანელობამ გამართა პრესკონფერენცია, რომელზეც მედიელებს 2012 წლის კალენდარი გაგვაცნეს. შეხვედრას სხვა მწვრთნელებთან ერთად ესწრებოდა დავით უსტიაშვილი, რომელიც 2011 წლის დასაწყისიდან ნოემბრამდე შსს-ს წვრთნიდა.

როგორც აღმოჩნდა, იგი პრესკონფერენციაზე "ქუთაისს" წარმოადგენდა. პირველი წრის დასრულების შემდეგ მან იმერული კლუბის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მალხაზ კოხრეიძე შეცვალა.

პრესკონფერენციის შემდეგ გავესაუბრეთ დავით უსტიაშვილს, რომლისთვისაც "ქუთაისი" კარიერაში უმაღლესი ლიგის მეშვიდე გუნდი იქნება ("აკადემია", "დინამო", თსუ, "ენერჯი", "ბათუმი", შსს).

- 2012 წლიდან ქუთაისურ გუნდს ვუხელმძღვანელებ. ვეცდებით, გულშემატკივარს იმედი არ გავუცრუოთ.

- პირველი წრის შემდეგ მეორეადგილოსანი გუნდის
ჩაბარება სერიოზული პასუხისმგებლობაა.
- ვფიქრობ, დაკისრებულ მისიას თავს სათანადოდ გავართმევ. "ქუთაისში" კარგი შემადგენლობაა შეკრებილი, აქამდეც ბრძოლოსუნარიანი გუნდი იყო და მომავალი წლიდანაც ვეცდებით შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინოთ.

- ერთადერთი ლეგიონერი გყავთ - აზერბაიჯანელი ზაურ ფაშაევი. სხვა გუნდებში არაერთი უცხოელი თამაშობს. თქვენც ხომ არ აპირებთ ლეგიონერებით გაძლიერებას?

- ჩემი ინფორმაციით სხვა კლუბები უცხოელების დამატებას კიდევ აპირებენ. ასეთ პირობებში მათთან კონკურენცია იოლი არ იქნება. განაცხადში ორი ადგილი გვაქვს დარჩენილი და ჯერ არაა გადაწყვეტილი ვინ შეავსებს შემადგენლობას.

- "ქუთაისის" კალათბურთელთა დიდ ნაწილთან აქამდეც გიმუშავიათ. ეს საქმეს კიდევ უფრო გაგიადვილებთ.
- ქუთაისის ამჟამინდელ წევრთაგან რუსთავის "ენერჯიში" რეზო დიდიასა და გოგა ცეკვავას ვავარჯიშებდი. შარშან შსს-ში დავით ბარბაქაძესთან ვმუშაობდი, "დინამოში" ვიქტორ კოღუაშვილთან, ხოლო საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში რიჩარდ მათიაშვილთან. მათ გარდა, ყველა კალათბურთელის თამაშს ვიცნობ, ამიტომ პრობლემა ნამდვილად არ უნდა შემექმნას.

- ახალ გუნდში მუშაობას როდის შეუდგებით?
- ვარჯიშებს 4 იანვარს დავიწყებთ. ქორქია-საკანდელიძის მემორიალზე არ გამოვალთ, ხოლო საქართველოს თასისთვის ქუთაისში მოვემზადებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული