გამონაკლისი არც თსუ არის, რომელსაც ოთხი კალათბურთელი დააკლდა და ორი დაემატა. შემადგენლობის გაძლიერება კიდევ ერთი მოთამაშით იგეგმება, რომელიც სავარაუდოდ ცენტრის პოზიციას შეავსებს.
გუნდის ამბებზე თსუ-ს პრეზიდენტ ირაკლი ხარჯევანიძეს ველაპარაკეთ. თავდაპირველად ცვლილებებზე ვკითხეთ.
- პირველი წრის შემდეგ გუნდი დატოვეს გიორგი მარკოიშვილმა, მიხეილ ფანჩულიძემ, დავით ბერიშვილმა და ზურაბ კორკოტაძემ. როგორც ყველა ნორმალურ კლუბში, პირველი წრის დასრულებასა და სატრანსფერო ფარნჯრის გახსნასთან დაკავშირებით თსუ-შიც განხორციელდა ცვლილებები.
წრე მე-8 ადგილზე
- მე-8 ადგილი თსუ-სთვის არადამაკმაყოფილებელი შედეგია?
- ასეა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მწვრთნელების მუშაობით უკმაყოფილონი ვართ. გვჯერა, რომ ნუგზარ ჭეიშვილის ხელში გუნდი კიდევ უფრო წარმატებულად ითამაშებს. ზემოთ ნახსენებ ოთხ კალათბურთელსაც მინდა მადლობა გადავუხადო. თუმცა ასეთია სპორტი, ყველა გუნდში საჭიროა ცვლილებები.
- ვინ დაიმატეთ?
- ორ კალათბურთელთან უკვე გავაფორმეთ კონტრაქტი და ერთის დამატებასაც ვაპირებთ. კონტრაქტი გავაფორმეთ ბექა ჩიკვილაძესა და ვასილ ბერუაშვილთან. პირველი "სამედიცინოდან" გადმოვიყვანეთ, ხოლო მეორე - სტუ-დან. ვფიქრობთ, ისინი გუნდს სათანადოდ გააძლიერებენ.
ჩიკვილაძე და ბერუაშვილი თსუ-ში კონტრაქტის მიხედვით სეზონის ბოლომდე დარჩებიან, შემდეგ თუ ორივე მხარის სურვილი იქნება, თანამშრომლობას გავაგრძელებთ.
- კიდევ რომელი პოზიციის შევსებას აპირებთ?
- განაცხადში ერთი ადგილიღა გვაქვს, ვმსჯელობთ, ვეძებთ შესაბამის კანდიდატურას. გადაწყვეტილი ჯერ არაფერია, თუმცა 99 პროცენტით შემიძლია ვთქვა, რომ ცენტრს დავიმატებთ.
თსუ 2012 წლის მატჩებისთვის მზადებას უკვე შეუდგა, თბილისში ვარჯიშობს. 16 თებერვლიდან კი ქორქია-საკანდელიძის მემორიალში ჩაერთვება. ჯგუფში სტუდენტების მეტოქეები არიან: შსს, "სოხუმი" და "რუსთავი". წლის პირველ მატჩს (16-ში) თსუ "სოხუმთან" ჩაატარებს. ნუგზარ ჭეიშვილის გუნდი მემორიალის შარშანდელი გამარჯვებულია. ფინალში სწორედ "სოხუმს" სძლია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"