გიორგიოს კეცელიდისი: საქართველოს ნაკრებს შეუძლია შარშანდელი შედეგი გააუმჯობესოს

AutoSharing Option
მიმდინარე სეზონში საქართველოში სამი უცხოელი მწვრთნელი მუშაობდა აინარს ბაგაცკისი, რიმვიდას სამულენასი და გიორგიოს კეცელიდისი.

სამივე სამშობლოში დაბრუნდა და მხოლოდ ერთი აპირებს მომავალი სეზონისთვის საქართველოში სამუშაოდ ჩამოსვლას - "შსს აკადემიას" თავკაცი გიორგიოს კეცელიდისი.

იგორ კოკოშკოვს თუ არ ჩავთვლით, სტუმარი მწვრთნელებიდან ქართული მენტალიტეტი ყველაზე უკეთ სწორედ ბერძენმა სპეციალისტმა შეისწავლა. ამაში ინტერვიუს წაკითხვისასაც დარწმუნდებით.

გიორგიოს კეცელიდისი გველაპარაკა როგორც "შსს აკადემიაზე", ასევე ზოგადად ქართული კალათბურთის საჭირბოროტო თემებზე.

კონტრაქტი
- ცნობილია, რომ "შსს აკადემიაში" მომავალ სეზონშიც აპირებთ მუშაობას, კონტრაქტს როდის გააფორმებთ?
- ახალ ხელშეკრულებაზე ხელმოწერასთან
ძალიან ახლოს ვართ. თითქმის ყველაფერზე შევთანხმდით, დასაზუსტებელია რამდენიმე დეტალი.

- როგორც ჩანს, საქართველოში გატარებული ოთხი თვით კმაყოფილი ბრძანდებით.
- "შსს აკადემიას" ხელმძღვანელობა გვერდში მიდგას, ყველა პირობას მიქმნის, რომ თავი ისე ვიგრძნო, როგორც კარგ ევროპულ კლუბში. ამასთან, ქართველ კალათბურთელებთან მუშაობაც სასიამოვნოა - ძალიან მონდომებულები არიან.

- შსს-ს ევროჩელენჯზე გასვლა-არგასვლა კონტრაქტზე ხელის მოწერაზე რამენაირად ხომ არ იმოქმედებს?
- ჩეთვის ევროტურნირებზე თამაში იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც საქართველოს დახმარება.

მინდა "შსს აკადემიას" ყველა ასაკის გუნდი ერთ სისტემაში მოექცეს და წარმატებული იყოს. თუმცა, ევროჩელენჯზე თამაში ნებისმიერი მწვრთნელისთვის საინტერესოა. არც მე ვარ გამონაკლისი.

თებერვალი-მაისი
- თბილისში ჩამოსვლამდე დასახული მიზნები რამდენი პროცენტით განახორციელეთ?
- საქართველოში გამომგზავრების წინ დიდი მიზნები დავისახე, თუმცა არ ვიცოდი აქაური სიტუაცია.

ჩამოსვლიდან ერთ თვეში ყველაფერი კარგად გავიაზრე და აღმოჩნდა, რომ მანამდე დასახული მიზნების სრულად განხორციელება ვერ მოხერხდებოდა. საბოლოოდ ყველაფერი ისე არ აეწყო, როგორც ჩვენ გვსურდა - სუპერლიგა მე-5 ადგილზე დავასრულეთ, მაშინ, როცა ოთხეულში მოხვედრაც შეგვეძლო. თუმცა, მთავარია, რომ განვლილ ოთხ თვეში სწორი გეზი ავიღეთ, ევროპული კლუბის შენებისთვის საძირკველი ჩავყარეთ.

ვფიქრობ, "შსს აკადემიამ" წლეულს სხვა კალათბურთის თამაში დაიწყო. მუშაობა უნდა გაგრძელდეს და მომავალში საძირკველზე კედლები ამოვიყვანოთ.

- გუნდში დარჩენის შემთხვევაში რა იქნება მთავარი მიზანი?
- უნდა შეიცვალოს კალათბურთელთა მენტალური აზროვნება. ყველამ უნდა გაიაზროს, რომ აუცილებელია ბევრი მუშაობა, დილას, საღამოს, ფიზიკურად, ვიდეოსთან... პროგრამა უკვე შედგენილი გვაქვს და წვრთნას მის მიხედვით განვაგრძობთ.

- თუ საიდუმლო არ არის, აქამდე რა პროგრამით ემზადებოდა შსს?
- კვირაში სამჯერ ინდივიდუალური წვრთნა გვქონდა, რაც შემდეგს გულისხმობდა: თითეულ კალათბურთელს იმ კომპონენტზე ვამუშავებდით, რაც მისახედი ჰქონდა. ზოგს ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესება სჭირდებოდა, ზოგს ბურთთან ვარჯიში... საღამოობით ვიდეოგანხილვები გვქონდა.

ერთ მეცადინეობას საკუთარი შეტევითი შეცდომების განხილვას ვანდომებდით, მეორე დღეს დაცვით ლაფსუსებს ვიხილავდით, მესამე დღეს - მეტოქის ტაქტიკას ვშიფრავდით. დღეში დაახლოებით ხუთ საათს ვმუშაობდით.

- კალათბურთელები, ალბათ, ძალიან იღლებოდნენ...
- ასეთ გრაფიკთან გამკლავება იოლი არ არის, მაგრამ სასიამოვნოა, რომ ჩემი გუნდის კალათბურთელები კარგად აცნობიერებდნენ - ასე იყო საჭირო. თუ დღეს ძალიან იღლებიან, ხვალ შეეჩვევიან და არანაირი პრობლემა არ ექნებათ.

ახალგაზრდები

- დასაწყისში აღნიშნეთ, ყველა ასაკობრივი გუნდი ერთ სისტემაში უნდა მოვაქციოთო. იქნებ დააკონკრეტოთ, რას აპირებთ?
- თუ კონტრაქტს გავაფორმებთ, საქართველოში მაისშივე დავბრუნდები და პირველი გუნდის პარალელურად პატარებთანაც ვიმუშავებ, ყველა ასაკის გუნდი ერთი ფილოსოფიით უნდა გაიწვრთნას. 8 წლის ბავშვებში აუცილებელია გადავდგათ პირველი ნაბიჯი - პატარას კალათბურთი შევაყვაროთ, განვუვითაროთ ინდივიდუალური თვისებები.

ყოველ წელს საწვრთნელ პროგრამას უნდა დავამატოთ სხვადასხვა კომპონენტი, ვამუშაოთ დაცვასა და შეტევაზე.

სამწუხაროდ, ბავშვებმა დაცვაზე ბევრი არ იციან. მათ წლიდან წლამდე კარგად უნდა გაიგონ, როგორია ევროპული კალათბურთი და ისწავლონ თამაშის წაკითხვა. 18 წლისანი რომ გახდებიან დაცვისა და შეტევის ყველა ნიუანსი 80 პროცენტით უნდა იცოდნენ.

- თავისუფალი დრო იშვიათად მაქვს, თუმცა თუ გამოვნახავ, ვცდილობ ოჯახთან ერთად გავატარო. საერთოდ, როცა საკლუბო საქმეებს ვამთავრებ, კალათბურთს ვუყურებ, მატჩებს ვარჩევ, ყოველთვის ახალს ვსწავლობ. როცა ევროლიგის თამაშებისას, რომ არ ვიცოდე მწვრთნელის ვინაობა, ხელწერის მიხედვით ვხვდები, ვინ ხელმძღვანელობს გუნდს. მოკლედ, ვცხოვრობ კალათბურთით, რომელსაც დღეში 14-15 საათს ვუთმობ.

- ევროლიგა იმ გუნდმა მოიგო, რომელშიც გიმუშავიათ - "ოლიმპიაკოსმა" ფინალში ცსკა-სთან სოლიდური ჩამორჩენა გააბათილა. ვფიქრობ წარმატებაში დიდი წვლილი მწვრთნელმა დუშან ივკოვიჩმა შეიტანა.
- იგი კლუბში მისვლის შემდეგ ცნობილ სახეებს დაემშვიდობა - ბურუსისს, პაპალუკასს, თეოდოსიჩს. შედარებით მცირე ბიუჯეტით შექმნა გუნდი, რომელიც სპანულისის გარშემო ააწყო და ერთი ოჯახივით გააერთიანა.

რაც მთავარია, "ოლიმპიაკოსი" საუკეთესო დაცვას თამაშობს. არსებობს გამონათქვამი: შეტევით ერთი თამაშის მოგება შეიძლება, დაცვით - ჩემპიონატისა.

- სეზონის დასაწყისში "ოლიმპიაკოსს" ქართველებით გაძლიერებულმა "კანტუმ" აჯობა. ბერძნებს შთამბეჭდავი კალათბურთი არც ერთ შევედრაში უჩვენებიათ...
- სეზონის სტარტზე "ოლიმპიაკოსს" ბევრი დასცინოდა, მაგრამ ბოლოს პატივსაცემ, სერიოზულ ძალად იქცა. ეს მწვრთნელის მუშაობის შედეგი იყო.

ერთ მაგალითს მოგახსენებთ: "კანტუმ" ბოლო წამებზე გიორგი შერმადინის დაფარებით მოიგო. ქართველმა ცენტრმა ჰაინსს დაუფარა. არადა, "ოლიმპიაკოსის" ამერიკელ კალათბურთელს შეეძლო პასი დროულად მიეცა და შეიძლება თამაშიც მოეგო. იმ ეპიზოდის შემდეგ არაერთ მატჩი ვნახე და ჰაინსი ყოველთვის ისე იქცეოდა, როგორც გუნდს სჭირდებოდა, საკუარ თავზე ზედმეტს არ იღებდა.

- აქვე შერმადინზე გკითხავთ, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში საბერძნეთში თამაშობდა.
- ილიას ზუროსთან ერთად "პანელინიოსში" რომ ვმუშაობდი, გიორგის გადაყვანა გვსურდა, მაგრამ ბოლო მომენტში "პანათინაიკოსში" დარჩა. ვფიქრობ, ამით ყველაფერია ნათქვამი.

- 2011 წლის ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებმა ბერძნების წინააღმდეგ ითამაშა. ჩვენს გუნდს კარგად უნდა იცნობდეთ.
- საქართველოს ნაკრებს წარმატებებსა და მომავალ ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ვუსუვებ. მიმაჩნია, რომ გუნდს შეუძლია შარშანდელი შედეგის გაუმჯობესება. რატომ არ უნდა მოხვდეს 8, ან 6 საუკეთესოს შორის? ნაკრებში ხომ მაღალი დონის კალათბურთელები თამაშობენ და კარგ კალათბურთს უჩვენებენ.

- სადღეისოდ მიმდინარეობს მუშაობა ამერიკელი კალათბურთელის გაქართველების მიმართულებით. კულუარებში გვარიც სახელდება. ამ საკითხზე რა აზრის ბრძანდებით?
- ნაკრებში ვის მიიწვევენ ჩემი საქმე არ არის. კარგად ვიცნობ კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს, ასევე მთავარ მწვრთნელ იგორ კოკოშკოვს და ვიცი, რომ თავისი საქმის პროფესიონალები არიან და ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, როგორიც გუნდს სჭირდება. ნატურალიზებულის შესახებაც ვერაფერს გეტყვით.

- ოთხი თვეა, საქართველოში მუშაობთ. ქვეყნის დათვალიერებას მოასწრებდით.
- ბევრის აზრით, ევროპაში საბერძნეთი ყველაზე ლამაზი ადგილია. საქართველოც ძალიან მომეწონა, მოვინახულე მცხეთა, გუდაური, ანანური, ბათუმი... იმედი მაქვს ამ ზაფხულს კიდევ არაერთ მხარეს დავათვალიერებ. ბათუმთან დაკავშირებით ერთ ისტორიას გავიხსენებ.

ამ ქალაქის გუნდთან ზამთარში ვითამაშეთ. ავტობუსით ვიმგზავრეთ და დიდთოვლობის გამო გზა ძალიან გაიწელა. მძღოლს რომ ვეკითხებოდი: ბათუმი საითაა, რამდენ ხანში მივალთ-მეთქი, მპასუხობდა - შევუხვევთ და იქითააო. არ დაილია შესახვევები, მაგრამ ბათუმი მაინც არ ჩანდა.

- ქართულ სამზარეულოზეც უნდა გკითხოთ. მითუმეტეს, რომ ვიცი, კარგი მზარეული ბრძანდებით.
- კერძების მომზადება ჩემი ჰობია. დაკვირვებული ვარ, კაცები უფრო კარგი მზარეულები არიან, ვიდრე - ქალები. ალბათ იმიტომ, რომ ეს საქმე კაცისთვის ჰობია, რომელიც სიამოვნებას ანიჭებს, ქალისთვის - დამატებითი სამუშაო.

ვამზადებ თურქულ და ბერძნულ კერძებს, ქართულებზე ჯერ არ გადავსულვარ. მომწონს ხინკალი, ქაბაბი, ჩაქაფული... ერთი კითხვა მაქვს: აჭარულ ხაჭაპურს ყველთან და კვერცხთან ერთად ხორცს რატომ არ ამატებთ? ვფიქრობ, ძალიან მოუხდება.

უმჯობესია...
რამდენად კარგადაც უნდა შენდებოდეს სახლი, გარეშე თვალისთვის შესწორებების შეტანა მაინც იოლი იქნება.

ეს საერთო საქმისთვისაა სასარგებლო. "შსს აკადემიას" მწვრთნელი გიორგიოს კეცელიდისი "გარეშე" ადამიანი აღარაა, თუმცა მაინც საინტერესოა, საქართველოში ახალჩამოსულს ყველაზე მეტად რა მოხვდა თვალში.

ჯერ დადებითზე...

- სასიამოვნო და საინტერესოა, რომ ყველა ცდილობს ქართული კალათბურთისთვის კარგი აკეთოს. აქ სპორტის ეს სახეობა ძალიან უყვართ და განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. ამის რესურსი კი ნამდვილად არის. მონდომება ყოველთვის მოიტანს შედეგს.

ახალგაზრდა კალათბურთელებსა და პერსპექტივაზე ინტერვიუში წაიკითხავდით, აქ კი დროა ჩამოვთვალოთ რამდენიმე ნიუანსი, რაც მწვრთნელის აზრით სამომავლოდ გასაუმჯობესებელია.

- პირველი, რასაც სერიოზული მიხედვა უნდა - რეკლამაა. სპორტის სასახლის გარე ფასადზე არის დიდი ანონსი, ერთ სატელევიზიო არხზეცაა რეკლამები, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, გაცილებით მეტი "პრომოუშენი" სჭირდება.

- აუცილებელია დარბაზების დამატება. კარგი იქნება ყველა კლუბს ჰქონდეს საკუთარი არენა არა მხოლოდ ვარჯიშისთვის, არამედ სათამაშოდ. ასე ჩემპიონატი გაცილებით საინტერესო გახდება და სპორტის სასახლეშიც მატჩების ყოველ ორ საათში ერთხელ გამართვა აუცილებელი არ იქნება.

თამაშისწინა ვარჯიშისთვის ძალიან ცოტა დრო გვაქვს, ზოგჯერ ფორსირებულად გვიწევს მზადება. ჩემი აზრით, გაცილებით უკეთესი იქნება შეხვედრების ორ დღეზე, შაბათ-კვირაზე გადანაწილება.

- ასევე მნიშვნელოვანია კალათბურთის მთელი ქვეყნის მასშტაბით განვითარება. უმაღლეს ლიგაში ყველა რეგიონს მინიმუმ ერთი კარგი გუნდი მაინც უნდა ჰყავდეს - ბათუმს, ქუთაისს, რუსთავს, თელავს...

- ნებისმიერი მსაჯისთვის ძნელია დღეში სუპერლიგის ორი, ზოგჯერ სამი მატჩის გაძღოლა. შეხვედრები ორ დღედ თუ გადანაწილდება, არბიტრებისთვისაც იოლი იქნება. აქვე მინდა ხაზგასმით დავაფიქსირო ჩემი მოსაზრება ქართველ მსაჯებზე: ძალიან კარგი თემიდელები გყავთ როგორც პროფესიონალური, ასევე სისუფთავის თვალსაზრისით. თუმცა, სუპერლიგას მეტი არბიტრი ნამდვილად სჭირდება.

- გნებავთ ხუმრობად მიიღეთ, ნებავთ - არა: არის ზოგიერთი საინტერესო მატჩი რომლის ბოლო წუთების ხილვა ყველას გვსურს, მაგრამ რადგან მომდევნო შეხვედრის მონაწილენი გასახდელიდან გამოვდივართ, დარბაზში შესვლის უფლება არ გვაქვს, კარებს კი ძალიან პატარა, მრგვალი ფანჯარა აქვს... ან კარი გაგვიღონ (არ შევალთ), ან დიდი შუშა ჩასვან.

სპორტის სასახლესთან დაკავშირებით ერთსაც ვიტყვი: ევროპაში ასეთ გრანდიოზულ შენობებს მხოლოდ სპორტისთვის როდი იყენებენ - მოწყობილია ათასგვარი სასადილო, ბავშვთა გასართობი ცენტრი, სპორტული მაღაზია... ადამიანი კალათბურთზე ოჯახთან ერთად რომ მივა, ყველა პირობა უნდა ჰქონდეს გართობისა და დასვენებისთვის.

"მცირე დეტალიც და საქართველოში დავრჩები" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული