დავით უსტიაშვილი: წლევანდელი პირველობა საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ძლიერი იყო

AutoSharing Option
გასულ კვირას "არმიას" მწვრთნელ კოტე ტუღუშს შეგახვედრეთ, რომელსაც განვლილი სეზონიც შევაფასებინეთ და სამომავლო გეგმებსაც შევეხეთ. ისიც დავძინეთ, რომ სუპერლიგის დანარჩენი გუნდების მწვრთნელებსაც შეგახვედრებდით.

13 ივნისს ჩვენი სტუმარი "ქუთაისის" თავკაცი დავით უსტიაშვილია. იგი ამავდროულად საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს წვრთნის და საკლუბო სეზონის დასრულების შემდეგ სანაკრებო საქმიანობას შეუდგა.

მისი ხელმძღვანელობით 20-წლამდელთა გუნდი უკვე შეიკრიბა და 14-კაციანი შემადგენლობით ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. 

უახლოეს დღეებში ღია ვარჯიში (ამერიკულად მედია-დღე) იგეგმება და ახალგაზრდულ ნაკრებზე უფრო დაწვრილებით მაშინ მოგითხრობთ. აქ კი ქუთაისურ ამბებზე ვილაპარაკოთ.

- როგორც შევიტყვეთ, მომავალი
სეზონის გეგმები უკვე გაირკვა...
- გასულ სეზონში ურიგოდ არ გვითამაშია. გადაწყდა, რომ მომავალ ჩემპიონატშიც ასეთივე გუნდი გვეყოლება, ქართველ კალათბურთელებზე ორიენტირებული. ვეცდებით ის კალათბურთელები, რომლებიც გასულ სეზონში "ქუთაისის" ღირსებას იცავდნენ, სამომავლოდაც გუნდში დავტოვოთ.

- გყავდათ ორი ლეგიონერი, ზაურ ფაშაევი და დარკო კოჰადარევიჩი. დამშვიდობების წინ მათთან დაბრუნებაზე ხომ არ გისაუბრიათ?
- შემადგენლობის მონახაზს რომ შევადგენთ, მათ დაბრუნებაზეც მერე დავფიქრდებით.

- 22-ე ჩემპიონატში "ქუთაისის" გამოსვლას ზოგადად როგორ აფასებთ?
- დავიწყოთ იქიდან, რომ წლევანდელი პირველობა საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ძლიერი იყო. ამდენი მაღალი კლასის ლეგიონერი აქამდე არ გვყოლია. ასეთ პირობებში ზოგიერთი ძლიერი გუნდი ოთხეულშიც ვერ მოხვდა. ჩვენ მესამე ადგილი დავიკავეთ. ასე რომ, სეზონის შეფასებისას დადებითი კუთხით უნდა ვილაპარაკოთ.

- საბოლოოდ მხოლოდ "არმიამ" და "ოლიმპმა" გაგასწრეს…
- გვქონდა ფინალში თამაშის სურვილი, მაგრამ "ოლიმპთან" სამივე თამაში წავაგეთ. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ მეტოქემ იოლად გვაჯობა.

ნახევარფინალური სერიის სამივე მატჩი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და ყველაფერი ბოლო წუთებზე გადაწყდა. ყველა შემთხვევაში იყო გადამწყვეტი მომენტი, როცა უკეთესად თამაშით გამარჯვება ჩვენ დაგვრჩებოდა. მინდა აღვნიშნო, რომ "ოლიმპი" სეზონის ბოლოს გიორგი ცინცაძემ საგრძნობლად გააძლიერა.

რაც შეეხება "არმიასთან" დაპირისპირებებს, მეტოქეს თასის ფინალშიც კარგად ვეთამაშეთ და რეგულარული ეტაპის მეორე წრეშიც - ქუთაისში მეოთხე პერიოდში ხუთი ქულის სხვაობით დავწინაურდით და სამი საჯარიმო ვისროლეთ... ყველა რომ ჩაგვეგდო, შეიძლება მოგვეგო კიდეც, მაგრამ ის შეხვედრა დავთმეთ.

"არმიას" დარ გუნდთან ასეთი თამაშის შემდეგ უფლება არ მაქვს კალათბურთელების გარჯით უკმაყოფილო ვიყო. საერთოდ, მთელი სეზონის განმავლობაში მათ ბევრი იშრომეს და მესამე ადგილი დაიმსახურეს.

"ქუთაისმა" მოიგო დუდუ დადიანის მემორიალი, ითამაშა თასის ფინალსა და სუპერთასზე, რაგულარულ ეტაპზე კი მეორე ადგილი დაიკავა.

- იყო არაერთი საინტერესოდ მოგებული თამაშიც...
- დრამატული გამოდგა "შსს აკადემიასთან" თბილისში გამართული შეხვედრა, რომელშიც მინიმალური სხვაობით ვიმარჯვეთ. იმავე "ოლიმპთან" ჩვენმა გუნდმა რეგულარულ ეტაპზე ორივე შეხვედრა მოიგო, ვაჯობეთ თასის ნახევარფინალშიც.

- მაინც რა იყო "ქუთაისის" მთავარი პლუსი?
- კალათბურთელები ერთმანეთს კარგად უგებდნენ. წარმატებას უმთავრესად გუნდური თამაშით მივაღწიეთ.

- შორეულ ტყორცნებშიც გამოირჩეოდით, ყველაზე მეტი, 179 სამქულიანის რეალიზება მოახერხეთ.
- ესეც ერთ-ერთი პლუსი იყო და მის გამოყენებას ყოველ მატჩში ვცდილობდით. თუმცა ფარქვეშიდანაც შედეგიანად ვუტევდით. საბოლოოდ ყველა რგოლმა თავისი საქმე გააკეთა.

- ბოლოს გულშემატკივარზე გკითხავთ.
- მინდა, ჩვენს მრავალრიცხოვან ქომაგს მადლობა გადავუხადო. თავადაც დიდი სიამოვნება მიიღო და ჩვენც ძალიან დაგვეხმარა. სავსე ტრიბუნების წინაშე მოედანზე გასვლისას ხომ თითოეული კალათბურთელი სერიოზულ პასუხისმგებლობას გრძნობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული